ვინ აღნიშნავს იუბილეს?
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XV ტურის ერთი მატჩი გრაფიკით დადგენილ 27 ნოემბერს გაიმართა, დანარჩენები კი თოვლმა გადადო. გადადებამ ცენტრალური მატჩის გეოგრაფია ვერ შეცვალა - მას ზესტაფონი უმასპინძლებს. “დავით აბაშიძეზე” ერთმანეთის პირისპირ მოქმედი ჩემპიონი “ზესტაფონი” და მისი უმთავრესი კონკურენტი საჩემპიონო ბრძოლაში, თბილისის “დინამო” წარსდგებიან. გუნდებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენეს წინა კალენდარული ტურში ბოძებული ტაიმ-აუტი და გათამაშების აუტსაიდერებთან ძირითადი ბირთვის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენეს. მოკლედ, მთელი ყურადღება ზესტაფონისკენ – იქ, შესაძლოა, საჩემპიონო კონტურები გამოიკვეთოს...
შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში, ”ზესტაფონმა” 2 ქულა დაკარგა, ”დინამომ” კი ქულა მოიპოვა. 61-ე წუთისთვის იმერლები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეტოქედ ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგე რომ ჰყავდათ, არბიტრ ლევან კვარაცხელიას მიერ დამატებულ მე-3 წუთზე კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. ამ მომენტისთვის ესპანელმა ჩისკომ დუბლი შეასრულა და თბილისელებს ქულა გადაურჩინა.
მას შემდეგ ”დინამომ” მეტი ქულა დაკარგა, ვიდრე ”ზესტაფონმა”. შესაბამისად გამოიყურება მიმდინარე ცხრილიც, სადაც იმერელთა უპირატესობა 2 ქულას უდრის. იგივე სხვაობაა მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით შედგენილ 8-გუნდიან ცხრილში მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ, მაგრამ იმერლებს სამომავლო ჩათვლაში 2 მატჩი კიდევ აქვთ გასამართი. შესაბამისად, ალექს გარსიას შეგირდებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო მეტოქესთან მართებთ ბალანსის გამოსწორება.
ამ მატჩს ორი საინტერესო სტატისტიკური მოლოდინი აქვს. სტუმართა მოგების შემთხვევაში, თბილისელთათვის ეს ეროვნულ ჩემპიონატში მოგებული მე-500 მატჩი იქნება. რაც შეეხება მეორე მოსალოდნელს, ის რომ შესაძლებელიცაა, ”ზესტაფონმა” 2009 წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა, როცა ”დინამოს” იმერეთში 4:1 მოუგო. დღემდე ზესტაფონელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში 396 გოლი გაიტანეს. ამდენად, თუ ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა სტუმრებს 4 გოლი გაუტანეს, მცირე იუბილეს მოიწყობენ.
2004 წლიდან (აქედან იღებს სათავეს ს. კ. ”ზესტაფონის” ისტორია) ამ გუნდებს შორის 22 საჩემპიონატო მატჩია ჩატარებული, რომლებშიც 6-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 11-ჯერ - დედაქალაქელებმა (ბურთების სხვაობა - 28:16 ”დინამოს” სასარგებლოდ); (სულ, ამ გუნდებს შორის, 2004 წლიდან 31 შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 14-ჯერ - დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 9-ჯერ იმერლებმა (ბურთების სხვაობა 33:21 - ”დინამოს” სასარგებლოდ).- საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური). რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში (1990 წლიდან) ზესტაფონურ გუნდებსა (”მარგვეთი”, ”მეტალურგი”, ”ზესტაფონი”) და ”დინამოს” (თავიდან გუნდს ”იბერია” ერქვა) შორის გამართულ მატჩებს, მათი რიცხვი 42-ს უტოლდება. თბილისელებმა 26 მოიგეს, ზესტაფონელებმა - 8 (ბურთების სხვაობა - 107:31).
ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პირველ არხზე” გადაიცემა.
ერთ სიახლეზეც, რომელსაც ხვალ "ზესტაფონი"-"დინამოზე" მისულ მაყურებელს შესთავაზებენ. მზადაა და ხვალიდან რეალიზაციაში იქნება ყვირილასპირელთა საკლუბო ატრიბუტიკა (მაისურები, კაშნეები, ჭიქები და სხვ.). მთელი ეს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე მაღაზიაში გაიყიდება.
|