12.12.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტური

 

 

 

 

 

 

2011 წლის 12 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კვასხვაძე, მნათობიშვილი, რობაქიძე, გაგოშიძე, ლურსმანაშვილი (ჭანკოტაძე, 77), გაჩეჩილაძე, ბენაშვილი (ეგუტიძე, 46 (სარდალიშვილი, 77)), კიკნაველიძე, შარვაძე, ღირდალაძე (ლომია, 77), ხუჯაძე (თ. გრიგალაშვილი, 66).

 

 

ზესტაფონელ და ბოლნისელ დუბლიორთა დღევანდელი შეხვედრა, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართა, ძალიან დაძაბულად და მოულოდნელი სცენარით წარიმართა.

 

მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს. ბოლნისელები უკვე 15-ე წუთზე დაწინაურდნენ - ზესტაფონელთა ერთ-ერთი მცველის შეცდომის შემდეგ როინ კვასხვაძესთან პირისპირ აღმოჩნდა ზურაბ თეთრაძე, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია. ზესტაფონელებმა ქვემოქართლელებს დიდი ძალების შეუტიეს, თუმცა, მეკარე გიორგი კიკაბიძისა და სტუმართა დაცვის საიმედო თამაშის წყალობით, ”სიონმა” კარი ტაიმის ბოლომდე მშრალად შეინახა.

 

თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ზესტაფონელები ისევე ბევრს უტევდნენ და 64-ე წუთზე საწადელს მიაღწიეს კიდეც - დუბლიორთა ტურნირში გატანილი პირველი გოლით თავი 15 წლის ავთო ეგუტიძემ გამოიჩინა. მასპინძლებმა თამაშის მოსაგებად გაიწიეს და ... ბურთი საკუთარ კარში მიიღეს - 72-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა გოლით გუმა ბააკაშვილმა დააგვირგვინა. ამის შემდეგ მასპინძლებმა საქმეში ”დამრტყმელი ძალებიც” ჩართეს - საუბარია მარგველ დუბლიორთა იმ ”ტრიოზე” (საბა ლომია, გიორგი ჭანკოტაძე და მიშო სარდალიშვილი), რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუშინ გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მატჩის დასკვნითი 15 წუთი მასპინძელთა კოლოსალური უპირატესობითა და ”სიონის” კარის განუწყვეტელი შტურმის თანხლებით წარიმართა, თუმცა, ბოლნისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ანგარიში შეინარჩუნეს და შინ სამი ქულით ხელდამშვენებულებიც დაბრუნდნენ - 1-2.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005