11.12.2011

 

 

 

 

 

ლიდერი აუტსაიდერის წინააღმდეგ

 

 

 

 

 

 

2011 წლის 11 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლა.

 

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტისა და აუტსაიდერის ”დავით აბაშიძეზე” გამართული შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

 

ქუთაისის ”ტორპედოსთან” ოთხი დღის წინ გამართული მძიმე სათასო მატჩის შემდეგ, ზესტაფონელთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს დასვენების საშუალება მისცა - წინა შეხვედრასთან შედარებით მარგველთა შემადგენლობაში ერთბაშად შვიდი (!) ცვლილება განხორციელდა. უნდა აღინიშნოს, რომ ”ზესტაფონის” ძირითადში ხუთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა იასპარეზა, რომელთაგან ერთ-ერთმა (თორნიკე გრიგალაშვილმა) უმაღლესი ლიგის შეხვედრაში საერთოდ პირველად იასპარეზა .

ექსპერიმენტალური შემადგენლობით ასპარეზობის მიუხედავად, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ზესტაფონელებს გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა მიეცათ. რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს შოთა გრიგალაშვილი, საბა ლომია და გოგი ფიფია იყვნენ, თუმცა დღევანდელი მატჩის ბედი ერთადერთმა და თანაც უმაღლეს ლიგაში გატანილმა სადებიუტო გოლმა გადაწყვიტა - 69-ე წუთზე თორნიკე აფციაურის მიერ წამოწყებული იერიში თორნიკე გრიგალაშვილმა გააგრძელა, რომელმაც მისთვის სადებიუტო შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა; ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი კი მიშო სარდალიშვილმა გაიტანა. როგორც მოგახსენეთ, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის უმაღლეს ლიგაში გატანილი პირველი გოლია.

დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვების შემდედ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ისევ ერთპიროვნულად უდგას სათავეში.

 

11.12.2011 - ”ზესტაფონი” - ”სიონი” (ბოლნისი) 1-0

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უკვე ოთხშაბათს, 14 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის გადადებულ მატჩში მარგველები ”დავით აბაშიძეზე” საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, მიმდინარე ჩემპიონატში თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტსა და მდევარს - თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლებენ. ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა დაპირისპირება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟსაც ტელეკომპანია "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებთ. 17:00 საათზე დაიწყება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005