10.12.2011

 

 

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" - "სიონი"

 

 

 

 

 

 

ძნელი საქმეა, გუნდი ერთპიროვნულ აუტსაიდერთან სათამაშოდ განაწყო (მით უფრო, მასთან მოპოვებული ქულები არაფერში გადგება), როცა სამიოდე დღეში საჩემპიონო რბოლაში ერთ-ერთ კონკურენტთან დაპირისპირება გელის. სწორედ ასეთ დღეშია გია ჭიაბრიშვილი, რომლის გაწვრთნილ ”ზესტაფონს” უახლოეს ოთხშაბათს თბილისის ”დინამოს” მასპინძლობა უწევს.

 


იმერელთა მდგომარეობას ის აიოლებს, რომ ”ზესტაფონს” გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, რომელზე მსხდომთაგან ”სიონის” ამ შემადგენლობის მძლეველი შემადგენლობის დაკომპლექტება შეუძლებელი საქმე არაა. რაც შეეხება ბოლნისელებს, ისინი ბოლო 4 გუნდში ”ჩარჩენას” შეგუებულნი არიან და რეგულარული სეზონის დარჩენილ მატჩებს დასარჩენი პლეი ოფისთვის მოსამზადებლად იყენებენ...

 

ქუთაისური დაპირისპირებისა არ იყოს, ალბათ, ზესტაფონშიც გადაჩვეული იქნებიან მატჩების დღის სინათლეზე ცქერას; ჰო, ასეა: სეზონის დაწყებიდან, ცოტა არ იყოს, ძნელად გვახსენდება ისეთი შემთხვევა, ქუთაისში ან ზესტაფონში შეხვედრა საღამოთი, პროჟექტორების "თანხლებით" რომ არ ჩატარებულიყო. თუმცა, ვეჭვობთ, რომ ამ წყვილში მატჩის დაწყების დროს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს: ბოლნისური კლუბის მიმართ დიდი სიმპათიის მიუხედავად, წყვილის უპირობო ფავორიტად ხომ მასპინძლები მიიჩნევიან.

და ეს, იმის მიუხედავად, რომ სულ ახლახანს "ტორპედოსთან" ჩატარებულმა მართლაც უმძიმესმა სათასო დაპირისპირებამ "ზესტაფონის" ფეხბურთელთა უდიდესი ფიზიკური (გნებავთ, ემოციური) ენერგია წაიღო - უმაღლეს ლიგაში თუ რომელიმე გუნდში ხდება წამყვან ფეხბურთელთა უმტკივნეულო და სრულფასოვანი შეცვლა, სწორედ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდზე ითქმის.

სხვანაირად ვერც იქნება: ახალგაზრდა სპეციალისტის დამოძღვრილ გუნდს ახალ წლამდე ხომ სხვებთან შედარებით ბევრად მეტი მატჩი აქვს ჩასატარებელი (ორი გამოტოვებული შეხვედრა, პლუს სუპერთასის მატჩი). აღარაფერს ვამბობთ მეტოქეებზეც: "ზესტაფონს" სათამაშო აქვს თბილისის "დინამოსთანაც", რუსთავის "მეტალურგთანაც" და სტუმრად "მერანთანაც". ისე, "ზესტაფონი" ორივე ცხრილში მეორე ადგილზეა, მაგრამ სინამდვილეში ორივეგან პოტენციური ლიდერია - კონკურენტებთან შედარებით ნაკლები მატჩ(ებ)ი აქვს ჩატარებული...


ზესტაფონურ-ბოლნისური პაექრობების სტატისტიკა 22 მატჩს ითვლის. “ზესტაფონმა” 12 მოიგო, ქვემოქართლელებმა - 4. ყვირილისპირელთა დიდი უპირატესობაა გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობაშიც - 27:9...



მომზადებულია ინტერნეტ-საიტ www.worldsport.ge-სა და ყოველდღიური სპორტული გაზეთ "ლელოს” პუბლიკაციების მიხედვით
   
FC ZESTAFONI © 2005