09.12.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

მე ჩემსას ჩემი საქმით დავამტკიცებ!

 

 

 

 

 

 

გია ჭიაბრიშვილი. ფოტო საიტიდან www.worldsport.ge

წინა სეზონისგან განსხვავებით, წლეულს "ზესტაფონმა" სათასო დუელში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მისი წინამორბედის, გია გეგუჩაძის გუნდს თამაში ბოლო 4 წუთში, თორნიკე გორგიაშვილისა და ალექსი ბენაშვილის გოლებით მოუგო.

რამდენიმე წელია, ჭიაბრიშვილი "ზესტაფონში" მუშაობს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში გუნდს წლეულს ჯერ ევროპის ლიგაზე უთავკაცა "ბრიუგეს" წინააღმდეგ, შემდეგ კი, ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე, 32 წლის სპეციალისტს ჩემპიონის გაძღოლა სეზონის ბოლომდეც ჩააბარეს.

ცენტრიდან ფლანგებზე გაშლილი შეტევები და შეცვლილი ტაქტიკური დეტალები. "ტორპედოს" დამარცხების მიუხედავად, თამაშობს თუ არა "ზესტაფონი" ძველი ინერციით და ვის შეიმატებს საქართველოს ჩემპიონი - "ლელო" გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა.

 

- "ტორპედოსთან" სათასო დაპირისპირებას "ზესტაფონი" 91-ე წუთამდე აგებდა. როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის თამაშს?
- ორივე გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა და ძალიან კარგი თამაშიც გამოვიდა, მაგრამ არ მინდა, ჩემს გუნდს დავუკარგო ის, რაც გააკეთა - ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაუფასდათ კიდეც, იმის მიუხედავად, რომ ორივე გოლი რიკოშეტით გავიდა.

- ელოდით თამაშის შემოტრიალებას?
- ეს განაპირობა ფეხბურთელების დიდმა მონდომებამ, რისთვისაც მათ ძალიან ვემადლიერები - მოტივაცია თამაშის ბოლო წუთებამდე არ დაუკარგავთ. სწორედ ამან მოგვიტანა გამარჯვება.

- ჩემპიონატზე გადავიდეთ, "ზესტაფონი" წლეულსაც ჩვეულად გამოიყურება და, "დილასთან" მარცხს თუ არ ჩავთვლით, თქვენს ჩავარდნას ვერავინ გაიხსენებს. ამის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ ხშირად მსმენია, ზესტაფონელები ინერციით თამაშობენო. ამ აზრს ეთანხმებით?
- უპირველესად, იმას ვიტყვი, რომ გუნდში ბევრი რამ მოხდა და ბევრი რამ შეიცვალა. როგორ გგონიათ, შეიძლება, ამდენი ხანი გუნდმა ინერციით ითამაშოს? კარგი ფეხბურთელები გვყავს, კარგი გუნდიც ჩავიბარე, ცოტა ხელის შევლება და ცოტა ახლის შემატება შევძელით. მე ბევრს არაფერს ვიტყვი, მწვრთნელმა საქმით უნდა დაამტკიცოს, რა შეუძლია და ტიტული მოიგოს, ასე რომ, მეც ჩემი საქმით უნდა დავამტკიცო ყველაფერი.

- გეგუჩაძის "ზესტაფონისგან" განსხვავებით, თქვენი გუნდი ცენტრის ნაცვლად ფლანგებიდან უტევს. რა მისცა ამან გუნდს?
- როცა ცენტრიდან ვუტევდით, მეტოქეს უადვილდებოდა ჩვენთან თამაში, ყველა, ასე ვთქვათ, ჩამდგარ ფეხბურთს გვეთამაშებოდა, ამიტომ დავაბალანსეთ შეტევათა მიმართულება. მით უმეტეს, რომ გვყავს შემსრულებლები, რომლებსაც ყველა პოზიციაზე შეუძლიათ კარგად თამაში. ბევრ რამეს ვერ მივიწერ, ეს ვქენი და ის გავაკეთე-მეთქი, მაგრამ პატარა ცვლილებები და ახალი დეტალები შევიტანე თამაშის სტრუქტურაში, თუმცა იმ თამაშიდან არ "გავსულვართ", რასაც მანამდე ვთამაშობდით.

- მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური ლიდერი ხართ და მდევრებსაც უგებთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ გეგუჩაძის ჩრდილში იმყოფებით?
- უკვე ნათქვამს გავიმეორებ - მე ჩემსას ჩემი საქმით დავამტკიცებ, მე ჩემი უნდა ვთქვა და იმედიც მაქვს, რომ გუნდთან ერთად ბევრ მივაღწევთ.

- თვეზე მეტ ხანს ძირითადი მეკარე როინ კვასხვაძე ტრავმირებული იყო და მას ზურაბ მამალაძე ცვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედოსთან" მეორე სათასო დაპირისპირებისას კარში კვასხვაძე იდგა, მაინც გკითხავთ, თუმცა ეს შეიძლება უხერხულიც იყოს - ამ ხნის განმავლობაში იყო თუ არა მეკარე "ზესტაფონის" ყველაზე სუსტი წერტილი?
- ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ორივე მეკარე ჩემპიონატში გამორჩეულია. ლაფსუსები იყო, მაგრამ, შეუძლებელია, მეკარე, რომელიც სკამზე ზის, პირველივე თამაშზე სრულფასოვნად წარმოჩნდეს. ზურა თამაშიდან თამაშამდე უმატებს და კმაყოფილი ვარ. მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ორი ძალიან კარგი მეკარე გვყავს.

- ბოლო ხანს ლაპარაკია არცთუ უმნიშვნელო ცვლილებებზე გუნდში...
- რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთაც წასვლა სურთ და ამის წინააღმდეგი არც ჩვენ ვართ, სარგებელი მათაც ნახონ და ჩვენც. უკვე ვიცით, როგორ შევცვალოთ ისინი. ეს ცოცხალი პროცესია და არ არსებობს გუნდი, რომელიც სრულყოფილად იყოს დაკომპლექტებული. ნებისმიერ პოზიციაზე გვყავს ორი ფეხბურთელი, რომლებსაც სრულფასოვნად შეუძლიათ ერთმანეთის შეცვლა.

- ამბობენ, რომ ონიანი, ალადაშვილი და გელაშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდიდან წავლენ. თუ შეიგულეთ უკვე მათი შემცვლელები, პრესაში დასახელდა რამდენიმე გვარი - რაჟამაშვილი, შარიქაძე, ოვონიკოკო, "ბაიას" ფეხბურთელები... ვის ვიხილავთ "ზესტაფონში"?
- გაძლიერება რომ გვინდა, ეს უეჭველია და ამჟამად მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს რამდენიმე ფეხბურთელთან. ნახსენებთაგან მხოლოდ რაჟამაშვილთან გავაფორმეთ კონტრაქტი, დანარჩენებთანაც, ალბათ, შევთანხმდებით.

- გამოდის, ახალგაზრდებზე აკეთებთ აქცენტს, არ გაგიჭირდებათ?
- მთლად ასე არ არის, ისინი, ჩემი ხედვით, ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ თამაში ჩვენს ჩემპიონატშიც და ევროტურნირზეც. რა თმა უნდა, ადაპტაციის პერიოდი დასჭირდებათ, ოღონდ, ვიმეორებ, ისინი არ არიან გასაზრდელი ფეხბურთელები, "ზესტაფონის" თამაშს უნდა მოერგონ, სხვა არაფერი.


მაგდა კლდიაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005