07.12.2011

 

 

 

 

თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი

 

 

 

 

 

 

2011 წლის 7 დეკემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქუთაისის ”ტორპედოს” უმასპინძლა.

 

 

ქართული საკლუბო ფეხბურთი ცოცხალია და ასეთი მატჩების შემდეგ ქართველ გულშემატკივარს თავი ბედნიერად შეუძლია იგრძნოს” - ასეთი სიტყვებით შეაფასა ”დავით აბაშიძეზე” დღეს გამართული შეხვედრა სტადიონზე მყოფმა ერთ-ერთმა (ნეიტრალურმა) გულშემატკივარმა. ნამატჩევს ბევრი გერმანულ ”ბავარიასა” და ინგლისურ ”მანჩესტერ იუნაიტედს” შორის 1999 წელს გამართულ უეფას ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალთან პარალელებზე საუბრობდა. თუმცა, ვიყოთ თანმიმდევრულები ...

 

უკანასკნელ წლებში ეროვნული თასის გათამაშებაში ტრადიციად ქცეული შიდაიმერული სათასო დაპირისპირების განმეორებითმა შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესი ნამდვილად გაამართლა. პირველი ტაიმი მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის კი წარიმართა, თუმცა სტუმრებმა, რომლებმაც ფეროელებს ”სწრაფი ჩხვლეტების” ტაქტიკა დაუპირისპირეს, რამდენიმე ძალიან სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს და დაწინაურებაც შეეძლოთ. და მაინც, მთლიანობაში თანაბარი პირველი ტაიმი სავსებით კანონზომიერი უგოლო ფრით დასრულდა.

 

შესვენებისას ”დავით აბაშიძეზე” შეკრებილი საზოგადოება ძალიან სასიამოვნო ცერემონიის მოწმე გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა დომენტი სიჭინავამ ნორჩ ზესტაფონელ ფეხბურთელებს დიდი საჩუქარი გაუკეთა. აქცია „ფედერაციის საჩუქარი კლუბებს“ ფარგლებში ქართული საფეხბურთო ოჯახის მეთაურმა ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გუნდების ფეხბურთელებს 100 ცალი ბურთი გადასცა, რითაც ნორჩი სპორტსმენები უზომოდ გაახარა ...

პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა 62-ე წუთზე მასპინძლებს ”ტორპედოს” ფეხბურთელთა სწრაფი კონტრიერიში გაეპარათ და ქუთაისელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე გრიგოლ დოლიძის გარღვევისა და საჯარიმოს ცენტრში მის მიერვე გაკეთებული გამოზომილი გადაცემის შემდეგ რევაზ გოცირიძემ აუღელვებლად დალაშქრა როინ კვასხვაძის კარი - 0-1.

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ორმატჩიანი ”დუელის” ბედი ქუთაისელთა სასარგებლოდ შემოატრიალა, ხოლო ზესტაფონელები აიძულა მატჩის ხსნის ”გასაღები” მეტოქის კართან ეძებათ. მასპინძლებმა ერთბაშად რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი კი შექმნეს სტუმართა კართან, თუმცა, ამ გუნდებს შორის გამართული წინა ორი შეხვედრის მსგავსად, ქუთაისელთა მხარეს ფანტასტიკური სპორტული იღბალი და მეკარე ომარ მიგინეიშვილის ფენომენალური თამაში გახლდათ.

ის, რაც ”ტორპედოსა” და მისი გოლკიპერის მოკავშირე მთელი 270 წუთის განმავლობაში გახლდათ, დღევანდელი მატჩის არბიტრ ლევან კვარაცხელიას მიერ კომპენსირებულ 4 წუთში მათივე ”მტერი” გახდა. პირველ დამატებულ წუთზე ზესტაფონელთა ერთ-ერთი უკანასკნელი შეტევისას თორნიკე გორგიაშვილმა შორიდან დაარტყა - ბურთი ”ტორპედოს” ერთ-ერთ მცველს მოხვდა, ფრენის ტრაექტორია შეიცვალა და იმ მომენტამდე უშეცდომოდ მოასპარეზე ომარ მიგინეიშვილის კარის ხაზი გადაკვეთა. მეოთხე კომპენსირებულ წუთზე კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც დღევანდელი დაპირისპირების ბედის გადაწყვიტა და ”დავით აბაშიძეზე” მყოფ ზესტაფონელ ქომაგს უდიდესი სიხარული აჩუქა - დვალი-სარდალიშვილი-გორგიაშვილი-ლომიას უსწრაფესი კომბინაციის შედეგად, დასარტყმელ პოზიციაზე ალექს ბენაშვილი აღმოჩნდა, მისმა დარტყმულმაც ქუთაისელთა ცენტრალური მცველის ფეხი ”მოძებნა”, ამჯერადაც რიკოშეტი და გამარჯვების მომტანი გოლი - მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის მატჩები 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება. საპატიო ტროფეისათვის ბრძოლაში კონკურენციას მარგველებს რუსთავის ”მეტალურგი”, გორის ”დილა” და საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” გაუწევენ.

 

07.11.2011. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 2-1

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ისევ შინ გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში მარგველები მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლებენ.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005