03.12.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

ჩემი მიზანი და ოცნებაა, საქართველოში ჩემპიონთა ლიგის ზეწარი ჩამოვიტანო

 

 

 

 

 

 

 

მასალათა ციკლი, რომლის გამოქვეყნებას “მსოფლიო სპორტი” დღეიდან იწყებს, მიზნად ქართულ საფეხბურთო სამყაროში ჟურნალისტებისთვის ყველაზე მიუწვდომელ პიროვნებათა (კლუბების პრეზიდენტთა) უკეთ გაცნობას ისახავს.
ჩვენი იდეის შესახებ 11 სუბიექტთან გვქონდა საუბარი, რომელთაგან პირველმა, მოქმედმა ჩემპიონმა და დღეისათვის ცხრილის პირველი საფეხურის “მეპატრონე” “ზესტაფონმა” შემოთვალა თანხმობა...


მაშ ასე, “პრეზიდენტების” პირველი სტუმარი ს/ს “ჯორჯიან მანგანეზის” (მის “ქოლგის ქვეშ” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, “ჭიათურმანგანუმი” და “ვარციხეჰესი” შედის) ერთ-ერთი აქციონერი ილია კოკაია იქნება, რომელიც ს/კ “ზესტაფონის” მფლობელია.

 


- ბატონო ილია, ვიდრე იმას გვეტყოდეთ, ფეხბურთში როგორ მოხვედით, იქნებ თქვენი ბიოგრაფია და ბიზნესში მოსვლა გაგვახსენოთ?
- დავიბადე თბილისში, 1956 წლის 3 ოქტომბერს. დავამთავრე 39-ე საშუალო სკოლა, მერე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით. ვმუშაობდი “საქენერგოს” სისტემაში, ბოლოს ორთაჭალის ჰესის ცვლის უფროსი გახლდით.
1990 წლიდან ბიზნესში ვარ, რომლის უკეთ საწარმოებლად, 1992 წელს, გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად. ევროპაში ცხოვრების პერიოდში გავიცანი უფროსი ნოდარ ახალკაცი, რომელთან ურთიერთობამ ფეხბურთში ჩემს მოსვლაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
ჩემთვის მოულოდნელად, ჟენევაში პირველსავე შეხვედრაზე, ახალკაცმა ფიფას ლიცენზირებული აგენტობა შემომთავაზა, რისთვისაც მთელი რიგი პროცედურები იყო გასავლელი. იმ მომენტისთვის, მსოფლიოში სულ 13 აგენტი იყო, რომელთაგან 6 გერმანელი, 3 ინგლისელი, დანარჩენი კი ევროპის კიდევ 4 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. 3 თვე დამჭირდა - გასაუბრებები იყო ფიფასა და უეფაში გასავლელი, საგარანტიო თანხის (200 ათასი შვეიცარიული ფრანკი) ანგარიშზე შეტანა - და 1996 წელს ფიფას აგენტი გავხდი. მახსოვს, როგორ ამაყობდა ბატონი ნოდარი, რომ საფეხბურთო გრანდებთან ერთად, საქართველოსაც ჰყავდა მისი წარმომადგენელი ამ მეტად საპასუხისმგებლო სფეროში.


- აგენტის რანგში გაკეთებული თქვენი პირველი საქმე და აქვე, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც თქვენი უშუალო მონაწილეობით შესრულდა.
- დავიწყოთ იქიდან, რომ იმდენად დამაინტერესა ფეხბურთმა, უშუალოდ კლუბებთან და არა ფეხბურთელებთან თანამშრომლობა მსურდა. ბევრს დავდიოდი საქართველოს ნაკრებთან ერთად იმ წლებში, როცა მისი პრეზიდენტი ახალკაცი იყო. მაინტერესებდა, შიგნით რა ხდებოდა. შემდეგ მივედი ისეთ კლუბებთან, რომლებსაც ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალი ჰქონდათ.


- საქართველოში?
- არა. საქართველოში ერთადერთი კლუბი, რომელზეც კაცი იტყოდი, რომ შესაბამისი სტრუქტურები ჰქონდა, თბილისის ”დინამო” იყო. სხვას პროფესიულ კლუბს ვერ დაარქმევდი. თვით ბათუმის “დინამოც”, რომელიც იმ წლებში ევროთასებზე გამოდიოდა, ევროპული გაგებით, კლუბად არ იყო ჩამოყალიბებული. ქუთაისის “ტორპედოში”, საკლუბო გაგებით, მაშინ ამოქმედნენ, როცა იქ “სიგმა ბანკი” მივიდა. მაგ დროს დაიწყეს საკონტრაქტო ურთიერთობები ფეხბურთელებთან, მანამდე არც იქ არსებობდა იურიდიული ბაზისი. აი, როცა იქ ზურაბ ხინიკაძე მივიდა, მან საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები გასწია და “ტორპედო” კლუბს დაამსგავსა...
მახსოვს, 1998 წლის 20 მაისი იყო, როცა “ამსტერდამ არენაზე” გამართულ ჩემპიონთა თასის ფინალში “იუვენტუსი” და “რეალი” ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ გავიცანი ტირასპოლის “შერიფის” პრეზიდენტი ვიქტორ გუშანი. მან მთხოვა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მის კლუბში დავხმარებოდი. ჩასვლისთანავე, ყველაზე მეტად, მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის საზღვრის მხოლოდ იურიდიულად არსებობამ გამაკვირვა. მშვიდობისმოყვარეთა პოსტი რომ არა, ვერც იფიქრებდი, რომ მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის 1992 წელს სისხლისმღვრელი ომი იყო. ვიკითხე და მიპასუხეს - საზღვარი ფეხბურთმა გახსნაო. ჩემპიონატს მოლდოვაში ვთამაშობთ და იძულებული ვართ, აქეთ-იქით ვიმოძრავოთო. მოკლედ, მოლდოვაში მთავარი ომი ფეხბურთი გახდა.
პირველი ტრანსფერი, რომელიც ყველაზე ხმაურიანი იყო ჩემი აგენტობის პერიოდში, ვაჟა თარხნიშვილის “შერიფში” გადაყვანა გახლდათ. მე ვფიქრობ, მან ყველაზე მეტად გაამართლა. იგი ახლაც იქ თამაშობს, რამდენიმე წელია უკვე კაპიტანია, ფულიც მოჭრეს მისი გამოსახულებით და მგონი, ძეგლსაც უდგამენ.
ქართველებიდან კიდევ დათო მუჯირი იყო - 2 წელი ითამაშა “შერიფში”, იყვნენ ნიგერიელები, რუმინელები. “შერიფთან” მუშაობისას, 2 რუმინელი ფეხბურთელი დონეცკის “შახტარში” გადავიყვანე. ცოტა ხანი მომიწია ლვოვის “კარპატთან” და რამდენიმე გერმანულ კლუბთან მუშაობა. თუმცა, ხაზგასმით ვიტყვი, რომ მეტწილად რომელიმე ფეხბურთელის პირადი აგენტი კი არ ვიყავი, ჩემთვის უფრო კლუბებთან თანამშრომლობა იყო საინტერესო. მქონდა ჩემი ბიზნესი და ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოსული თანხა ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო სულაც არ იყო. შესაძლოა, ჩამოთვლაც გამიჭირდეს ამა თუ იმ კლუბში მიყვანილი ფეხბურთელების, მაგრამ ამაში კაპიკიც არ ამიღია.


- ყოფილ აგენტს, რომელსაც უცხოელი ფეხბურთელების ბაზართან უშუალო შეხება გქონდათ, საკუთარ გუნდში ერთი უცხოელიც არ გყავთ.
- აი, რატომ ვარ მადლობელი იმ გზის, რომელიც გავიარე. ძალიან ბევრი ხარვეზი დავინახე კლუბის მეპატრონეთა მუშაობაში. საკმაოდ მდიდარ მეპატრონეებთან მომიწია მუშაობა, “შახტარში” რინატ ახმეტოვთან, ცსკა-ში ევგენი გინერთან. მათ სიჭკვიანეში ეჭვი როგორ უნდა შეიტანო კაცმა, მაგრამ მათთან მუშაობისას ვისწავლე, როგორ არ უნდა ვიჩქარო, არ უნდა ჩავერიო მწვრთნელის გადაწყვეტილების მიღებაში.
ზოგს ჰგონია, როცა ფეხბურთს უყურებ და შეგიძლია, რაღაც ნიუანსები ამოიცნო, მწვრთნელზე უკეთ შეძლებ ფეხბურთელისთვის ადგილის შეცვლას, შემადგენლობის დაყენებას და ა.შ. მიმაჩნია, რომ მეპატრონის მხრიდან მწვრთნელის მუშაობაში ჩარევა, საშინელი დანაშაულია. აი, ეს დასკვნა გამოვიტანე, ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებთან ამდენი ხნის თანამშრომლობის შემდეგ.
ერთი შეხედვით, ძალიან ტკბილია ფეხბურთის ზემოდან ყურება, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს როდესმე ჩავერიო მწვრთნელის საქმიანობაში. შეიძლება სხვა პრეზიდენტზე უკეთ შემიძლია კიდეც შეცვლის გაკეთება, მაგრამ მერწმუნეთ, არასოდეს მიცდია. არ ვიცი ეს საქმე და ვერ დავსჯი ჩემს თავს - მაგის დრო არ მაქვს. მაშინ უნდა წავიდე ავიღო შესაბამისი ლიცენზიები, კიდევ უფრო ადრე კი, ფეხბურთი მეთამაშა, რომ მწვრთნელს, რომელსაც თვეების განმავლობაში ფეხბურთელებთან ერთად ძინავს, ჭამს, ისვენებს და ვარჯიშობს, რამე ვასწავლო.


- სატრანსფერო სამყაროსთან ასე ახლოს მყოფ ადამიანს, მურთაზ დაუშვილი რატომ “დაგემართათ”?
- როგორ გითხრათ, დაუშვილს ერთი წამითაც ვერ გავამტყუნებ იმაში, რომ მას საფეხბურთო გარემოს გამოცვლა უნდა და შესაძლოა, პირობებიც გაიუმჯობესოს. მაგრამ თავად მისი მიდგომა ამ საკითხისადმი, არასწორი იყო, იჩქარა და მერწმუნეთ, თვითონაც ნანობს.
გულახდილად გეტყვით იმას, რაც ვერ შევძელით ამ წლების განმავლობაში “ზესტაფონში” - ვერ გავაგებინეთ ფეხბურთელებს, რომ კლუბი მათთვის სიწმინდეა. ადგილი, სადაც თუ შეხვედი, პატივიც უნდა სცე. ის მისი ოჯახია, რომელიც მას აძლევს ყველაფერს და როცა ფეხბურთელი გამოვა და იტყვის - ამ კლუბს ყველაფერი გავუკეთეო, ე.ი. მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებას რაღაც დავაკელით.
ვკითხულობ, შენ გაუკეთე, თუ პირიქით, კლუბმა გაგიკეთა ყველაფერი? ფეხბურთელად გაგზარდა, ხელფასს გაძლევდა. ხალხი განათლების მიღებაში ფულს იხდის, შენ კი იქით გაძლევს ფულს - ეს ამაგი რამეთი არ უნდა დააფასო?
ჩემი აზრით, კლუბს ემსახურნენ უჩა ლობჟანიძე და ბექა გოცირიძე, რომლებიც წავიდნენ და ტრანსფერის შემდეგ უკან 3 მილიონი ევრო “გამოაგზავნეს”.
ჩვენ, დაუშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელიც გვყავს, რომელსაც ახლა უმთავრდება კონტრაქტი. დავიბარეთ იგი, ვკითხეთ - რას აპირებს, მანაც გვიპასუხა. პრობლემა არაა, რას ფიქრობს ფეხბურთელი - წასვლა უნდა თუ დარჩენა. მთავარია ვიცოდეთ, ჩვენ რა მოვიმოქმედოთ მომავალში.
რა ხდებოდა დაუშვილთან დაკავშირებით? ზუსტად ერთი წლის წინათ ვესაუბრეთ მას ჩვენთან კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზე. ფეხბურთელმა გვითხრა, რომ ექვს თვეში იგი თავად მოგვიტანდა ისეთ კონტრაქტს, ჩვენც კმაყოფილი ვიქნებოდით და თავადაც. გავიდა 6 თვე, მოვიდა ევროთამაშების პერიოდი და ვხედავთ, რომ ამ ბიჭმა ცოტა მოუკლო თამაშს - ნაკრებში, ჯერ ძირითადიდან 18 კაცში გადავიდა, მერე იქიდანაც ამოვარდა.
დათქმული ვადის გასვლას ისეთი პერიოდი დაემთხვა (ჩემპიონატის დასასრული და ახალი სეზონისთვის მზადების დასაწყისი), ამ დროს ფეხბურთელის შეწუხება არ გვინდოდა. ვუცდით, რომ სიტყვას შეასრულებს და თავად მოვა მომავლის გეგმებზე სალაპარაკოდ. როცა “შტურმთან” თამაშებში დაუშვილი მწვრთნელმა შეცვალა, ეს ჩემთვის უკვე სიგნალი იყო - მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა.
ეს ბიჭი არც ჩვენთან მოდის სასაუბროდ, თან თამაშს უკლო და ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება მის თავს. მწვრთნელთან დალაპარაკების შემდეგ, როცა გეგუჩაძემ მითხრა, რომ დაუშვილმა ვერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები და იმიტომ შეცვალა ავსტრიელებთან ორივე შეხვედრაში (26 ივლისი და 3 აგვისტო - რედ.), დავიბარე ფეხბურთელი სასაუბროდ. პასუხად კი ვიღებ - “არ მცალია”.
მხოლოდ ასეთი პასუხის შემდეგ ვთხოვე გუნდის ხელმძღვანელობას, რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები. როგორია, ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტისთვის არ სცალია!
გაირკვა, რომ პოლონეთთან საქართველოს ნაკრების ამხანაგური თამაშის (10 აგვისტო - რედ.) შემდეგ ჩასულა უკრაინაში და “კარპატთან” კონტრაქტზე ხელი მოუწერია. ჩემი ფეხბურთელი რომ მგონია, თურმე, ღამით ”კარპატის” მაისურს ჩახუტებულს სძინავს - სულ არ ანაღვლებს ”ზესტაფონი”.


- კარგით დაუშვილი ასე მოიქცა, მაგრამ ”კარპატთან” ძველი დამოკიდებულება?
- ეს სხვაა და აქ იმ კლუბმაც დააშავა, რისთვისაც გვარიანად დაისჯება – ”კარპატი” ვალდებული იყო შეეტყობინებინა ჩვენს ფეხბურთელთან მოლაპარაკების წარმოების თაობაზე. ჩვენმა კლუბმა უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს ფიფაში, უეფაში და ”კარპატის” სერიოზული ფინანსური სანქცია ელის.
ფეხბურთელს რაც შეეხება, იგი ახლა უკვე ნანობს რომ იჩქარა. მან შეცდომა დაუშვა, როცა დამალა - სად და რას აპირებდა. დაუშვილს რომ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში (არაა საუბარი იმაზე, ჩვენ მივიღებდით თუ არა რამეს) ასეთი რამ არც თვითონ დაემართებოდა და არც ახალ გუნდს. დაჯდებოდნენ ჩვენი მწვრთნელები და გადაწყვეტდნენ - ენდობოდნენ თუ არა ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც მყარად აქვს წასვლა გადაწყვეტილი. რა, თუკი ძარიას ენდნენ, დაუშვილმა რა დაუშავათ?


- ე.ი. ძარიას წასვლაც გადაწყვეტილია?
- მიდის და რა უფლება გვაქვს ხელი შევუშალოთ. ამ ბიჭს იანვარში უმთავრდება ჩვენთან კონტრაქტი. ვიცით, რომ წასვლა უნდა და არც დავაკავებთ. მაგრამ სხვაობა იცით რაშია? ეს ბიჭი თავს დებს მოედანზე - ისეთი შემართებით თამაშობს, გულს უხარია. მადლობის მეტი რა გვეთქმის მის მიმართ. თუ სურვილი ექნება, ჩვენ დავეხმარებით უცხოური კლუბის მოძებნაში, თუ არადა, წავიდეს, არ დავაკავებთ. როგორც გვითხრა, ოჯახი უკრაინაში გადადის საცხოვრებლად და მასაც იქ უნდა წავიდეს.
მერწმუნეთ, ჩვენ ახლაც გვაქვს ბევრად მაღალი დონის უკრაინული კლუბიდან დაუშვილის თაობაზე შემოთავაზება, მაგრამ ახლა თვითონაა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. აქეთ აგენტი, იქით რა ვიცი კიდევ ვინ და დადის ახლა და ნანობს.


- საიდანაა ეს ინტერესი?
- უწინარესად, კიევის ”დინამოდან” - რამდენჯერ მისაუბრია ამის შესახებ სურკისთან და წაყვანა უნდათ. ”დნიპროსგანაცაა” საკმაო ინტერესი. ესენი გაცილებით მაღალი დონის გუნდები არ არიან, ვიდრე ლვოვის ”კარპატი”?
ჩვენ ვისაუბრეთ დაუშვილთან და ვუთხარით - თუ შენს აგენტს შენთვის სიკეთე უნდა, არსებობს იურიდიული მექანიზმი, რომლითაც ლვოველებთან კონტრაქტის გაწყვეტა შეიძლება. მაგრამ როცა ფეხბურთელი არ მოგყვება, რას იზამ.


- ”ზესტაფონიდან” წასვლის მსურველთა შორის, ხშირად ნიკა გელაშვილიც სახელდება.
- ჩვენ ვერავის გავაჩერებთ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. ხალხს “მანჩესტერიდან” და “ბარსელონადან” წასვლა უნდა და რა გასაკვირია, რომ “ზესტაფონში” 6 წლით დარჩენის შემდეგ, გარემოს გამოცვლა სურდეთ. მაგრამ ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს - დღეს რომ ”ბარსელონამ” შემოგვითვალოს, გასინჯვაზე გამომიგზავნე ფეხბურთელიო, უარს ვეტყვი. პასუხი იქნება ასეთი: გაინტერესებთ? მოდით, ნახეთ და თუ გინდათ, მოლაპარაკება დავიწყოთ.
გელაშვილის მიმართ რამდენიმე კლუბს აქვს ინტერესი. გასულ ევროთამაშებზე მას ძალიან ბევრი კლუბი აკვირდებოდა. ”ბრიუგესთან” შემოტრიალებული თამაშის შემდეგ, ეს ინტერესი პიკზე გავიდა. ბელგიაში, კლაუს ტოპმიოლერიც იყო ჩამოსული, რომელიც ბუნდესლიგის ”კაიზერსლაუტერნის” კონსულტანტია და სხვებთან ერთად, გელაშვილსაც აკვირდებოდა.
იცით, რა აინტერსებთ დიდ კლუბებს - როცა “ბრიუგესთან” პირველ მატჩში სათამაშოდ გახვედი, მეტოქე არ გიცნობს და ამ უყურადღებობის ფონზე, მის კარში 2 გოლი გაიტანე, აჯობებ თუ არა საპასუხო შეხვედრაში შენს წინააღმდეგ სპეციალურად დაყენებულ დაცვას? აი, მაშინ უკვე ტოპ-ფეხბურთელი ხარ.
სამწუხაროა, რომ გელაშვილს ტრავმამაც ძალიან შეუშალა ხელი - პრაქტიკულად ნახევარმა გელაშვილმა ითამაშა ბელგიაში. ჩვენ მისი პოტენციალი ვიცით, იგი ძალიან სჭირდება ”ზესტაფონს”, მაგრამ მასთან მოლაპარაკების შემდეგ, იგი ამ ზამთარში გუნდიდან აუცილებლად წავა.
ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი კლუბები არიან მის წასაყვანად მზად. ძირითადად, მისი გადასაწყვეტია, სად არჩევს წასვლას. თუ მას თავადაც ექნება რაიმე ვარიანტი, უარს არ ვეტყვით.

 


- ისე ჩანს, როგორც მენეჯერი იქამდე გაიზარდეთ, რომ ჩემპიონატზე მიღწეულ შედეგს ევროპაში წარმატებული ასპარეზობისთვის იყენებთ.
- მგონი, ყველა ქართველისთვის, ქართული გუნდების წარმატებული გამოსვლაა ერთადერთი საშუალება, რათა საქართველოში ევროპული ფეხბურთი ნახონ. ჩემი მიზანი და ოცნებაა, ჩემპიონთა ლიგის ზეწარი ჩამოვიტანო ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მინდა, რომ ეს “ზესტაფონმა” გააკეთოს პირველმა, მაგრამ მართალი გითხრათ, არანაკლებ გამიხარდება, თუ ამას სხვა ქართული გუნდი შეძლებს.
იმიტომ გვინდა ჩვენ ძლიერი ნაკრები, რომ ევროპული ფეხბურთი საქართველომდე მოვიყვანოთ. ისევ დაუშვილის თემას რომ მივუბრუნდეთ, ჩემთვის გაუგებარი იყო თემურ ქეცბაიას პოზიცია, როცა თქვა - გაერკვიეთ დაუშვილთან მიმართებაშიო. ჩვენ იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეროვნულ ნაკრებს, ნამდვილად არ გვჭირდება დამატებითი მითითებები. არ დაგიმალავთ და მაშინ შევხედე ამ ფეხბურთელის პრობლემას უფრო გარკვევით, როცა მან ნაკრებში დაჰკარგა ადგილი. ეროვნული ნაკრები “ზესტაფონის” მუშაობისა და არსებობის პრიორიტეტია - ჩვენთვის ისაა ქვეყნის სახე.
რა თქმა უნდა, არც ეროვნული ჩემპიონატი გვავიწყდება და არც თასი. თავადაც ნახეთ, სამ დღეში ჩემპიონატის ასეთი საპასუხისმგებლო თამაში გველოდა თბილისის “დინამოსთან”, მაგრამ გუნდმა, რომ იტყვიან, თავი შეაკლა თასზე ქუთაისის “ტორპედოსთან” თამაშს. გითხრათ სიმართლე, ჩემთვის პრიორიტეტი უფრო ჩემპიონატია, მაგრამ ის ბიჭები, რომლებიც ჩვენთან თამაშობენ, კარგა ხანია პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და ყველა თამაშს ასეთი თავდადებით ითამაშებენ. ჩვენ თუ ევროპაზე ღირსეული თამაში და ლიგაზე მოხვედრა გვინდა, ყოველ მე-4 დღეს ასეთი მაღალი დონის მატჩი უნდა ვითამაშოთ.


- შესაბამისად, თქვენ ყველა ქართული გუნდის გულშემატკივარი გამოდიხართ.
- რა თქმა უნდა. ფედერაციასთან ჩემი კამათი, სხვა საქმეს არც ემსახურება. ერთმა ჟურნალისტმა, ფედერაციის ოპოზიცია ხართო, ასე მითხრა. წარმოუდგენელი რამაა, რომ მე მისი ოპოზიცია ვიყო. ის ჩვენი მმართველი, მაკოორდინირებელი ორგანოა, რომლის კეთილდღეობა, კლუბების კეთილდღეობაა. რა მიმართულებითაც წაიყვანს ფედერაცია საკუთარ მუშაობას, იმ მიმართულებით წავლენ კლუბები. თუ ფედერაციამ ის ხარვეზები არ აღმოფხვრა, რაც მას აქვს, რაც არ უნდა წარმატებული ვიყო, ჩემი საქმიანობა შედეგს არ მოიტანს. აი, ეს მაღელვებს და იმიტომაც ვკამათობთ.
სულ ახლახანს მომხდარ იმ ბანალურ შემთხვევას გავიხსენებ, თოვლის საწმენდი ტექნიკის უქონლობას რომ ეხება. პირველად არაა, როცა ამ პრობლემას წავაწყდით, მაგრამ ვკითხულობ და ვერავინ მეუბნება - სად ვიშოვო ისეთი ტექნიკა, რომელიც “ქართული” თოვლით დაფარულ სტადიონს ისე გაწმენდს, ბალახი არ დაზიანდეს. ამ საკითხში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ფედერაციასთან, რომელსაც ამ მხრივ უფრო მეტი კავშირები აქვს და მთლიანად მსოფლიოში როგორ აგვარებენ ამ პრობლემას, ინფორმაციას ფლობს.
როგორც აღმოჩნდა, ამის “ნოუ ჰაუ” ჯერ არავის გააჩნია. არსებობს მინუს ტემპერატურაზე მშრალი თოვლის ასაღები ტექნიკა, რომლითაც მინდვრის გასუფთავების შემდეგ, ჩართავ ქვემოთ ჩამონტაჟებულ გათბობას და ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, როგორ გინდა პლიუს ტემპერატურაზე ამუშავო აღნიშნული დანადგარი - ამას მსოფლიო ანალოგი არ გააჩნია. ვკითხულობთ და ჭაობში (სწორედ მას ემსგავსება დათოვლილი მინდორი ჩვენს პირობებში) თოვლის გასაწმენდად ტექნიკის შეყვანას, თუ სადმე მოუტანია დადებითი შედეგი, ამას ვერც ფედერაციაში გვიდასტურებენ.


- “ზესტაფონის” საკლუბო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შორსაა იდეალურისაგან, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ბევრისთვის სამაგალითო ხართ...
- ჩვენი პრიორიტეტია სავარჯიშო მოედნების, აღდგენითი ცენტრისა და იმ ინფრასტრუქტურის გაკეთება, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბავშვებზე აქცენტის გაკეთების გარეშე, ვერსად წავალთ.
ჩვენ სტადიონის შესანიშნავი პროექტი გვაქვს, მაგრამ მისი რეინოვაცია ამ ეტაპზე შევაჩერეთ, რადგან ჯერ გვინდა გასაკეთებელი გავაკეთოთ. ესაა საწვრთნელი ბაზა - მზად გვაქვს 3 მოედანი, დაემატება საცხოვრებელი კორპუსი, აღდგენითი ცენტრი და მერე შევუდგებით აკადემიის განვითარებას.
ჩვენ გვაქვს სტადიონი, რომელიც უეფას საკვალიფიკაციო ეტაპების მასპინძლობას შეძლებს. სხვა მხრივ რომ ვიფიქროთ, ზესტაფონი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებს როგორც ჩემპიონთა, ისე ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მოთხოვნებს. ღმერთმა ქნას და მოვხვდით იქ და “მილანი” ან “ბარსელონა” გვყავს სამასპინძლო. როგორ წარმოგიდგენიათ, იტალიელებს რომ 5000 ტიფოზი ჩამოჰყვება, მათი საცხოვრებლად განთავსება?


- ე.ი. ყველა ვარიანტში თბილისში უმასპინძლებთ სახელიან მეტოქეს?
- რატომ, ქუთაისი ხომ უფრო ახლოსაა. მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ იქაც არაა, თუმცა, პარლამენტის გადასვლის გამო, პერსპექტივა არსებობს. უპირველესად, აეროპორტი და მერე სასტუმროებია საჭირო, სტუმარი გუნდი მაინც რომ მიიღო. მე, ორ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ვერ ავაშენებ. მარტო “ბარსელონას” გუნდი ჩადის სტუმრად გასამართ მატჩზე 200 კაცით, “მილანი” - 150-ით.
სტადიონის პროექტის რაღაც ნაწილის განხორციელებას ვაპირებთ - 2 ტრიბუნის დამატება გვინდა. თუმცა, ბოლომდე მის რეინოვაციას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. სამწუხაროდ, უახლოეს 2-3 წელიწადში ლიგის თამაშები რომ ზესტაფონში ვითამაშოთ, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ.


- როგორი დამოკიდებულება გაქვთ კოლეგა პრეზიდენტებთან?
- ქართულ ფეხბურთში მოსვლიდანვე ვატარებ ასეთ ხაზს – მინდა, ყველა კოლეგასთან მქონდეს კარგი დამოკიდებულება. მე მათ ვეუბნები, ჩვენ უნდა ვიყოთ “მტრები” მოედანზე, მის გარეთ კი მეგობრები, უნდა ვიზიარებდეთ ერთმანეთის გამოცდილებას, ვიყოთ კორექტულები და ა.შ.
მესმის მათი, ვინც ახალი მოსულია ქართულ ფეხბურთში და საერთოდ - ფეხბურთში. ზოგს სხვაგვარი მიდგომა აქვს საქმისადმი, კოლეგისადმი. ამის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ უმეტესობასთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. კომუნიკაციის პრობლემა არავისთან მქონია. თუ რამ მცდელობაა ურთიერთობის გაფუჭების, ერთობლივად ვცდილობთ გადავლახოთ პრობლემები.
არ დამავიწყდება, რა ურთიერთობა გვქონდა თბილისის “ამერის” პრეზიდენტთან. 3-ჯერ შევხვდით ფინალში და 2-ჯერ მომიგო - რომ იტყვიან, “სისხლი გავუშრეთ” ერთმანეთს, მაგრამ ზურაბ ფოცხვერიასთან დღესაც მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს.
ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს თბილისის “დინამოსთანაც”, მაგრამ ვერაფრით გავამართლებ იმ დემარშს, რაც მათ მოაწყვეს ამ დღეებში. ადამიანი ბედნიერი უნდა იყო, რომ ერთმანეთს ნორმალურ პირობებში ვეთამაშოთ ვაჟკაცური ფეხბურთი. ისეთ რაღაცეებს ვგებულობ, თურმე, თასზე დავღლილვართ და მაგათთან დაღლილს თამაში არ გვინდა. რა, ისევ იმ ჭაობში მივდივართ, სადაც ვიყავით? ამას არ უნდა აკეთებდეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა.
როგორც ხედავთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ გაუგებრობა არ იყოს. შეიძლება მე ვცდები რამეში, შეიძლება სხვა, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ “ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე”. ამ სლოგანის ცხოვრებაში გასატარებლად, ერთმანეთი არ უნდა დავაზარალოთ.


- რით ახსნით ერთ-ერთ წარმატებული საკლუბო მწვრთნელის, გია გეგუჩაძის “ზესტაფონიდან” წასვლას?
- გეგუჩაძის ადამიანურად მესმის. მან ძალიან დიდი სტრესი მიიღო, როცა ოცნების ასრულებასთან ასე ახლოს იყო, მაგრამ ვერ აისრულა. ნახეთ კიდეც, რომ ამ შოკის გამო, კაცმა “შტურმთან” წაგების შემდეგ, ქუთაისში ჩასვლა ვერ შეძლო ჩემპიონატის თამაშზე. ამას უკვე ვეღარ გავამართლებ. ამას დაემატა ისიც, რომ ფოთის “კოლხეთთან” გუნდი სათანადოდ ვეღარ განაწყო. როცა მან პირველად მითხრა, რომ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, შევთავაზე - წასულიყო, დაესვენა, ძალები აღედგინა. თხოვნის კიდევ გამეორების შემდეგ, მის აზრს პატივი ვეცი და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.
ავსტრიაში მარცხის შემდეგ, მე გეგუჩაძეს ვუთხარი კიდეც, რომ დაევიწყებინა წარუმატებლობა და თავიდან დაეწყო ყველაფერი. როგორც ჩანს, არ იყო მზად, ჩვენს გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ შედგომოდა საკმაოდ მოახლოებული მიზნისკენ ხელახლა სვლას.
ამ ყველაფერში დიდ უბედურებას ვერ ვხედავ. მწვრთნელები მიდიან, მოდიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა. როგორც ჩანს, გეგუჩაძეს სურდა, რაღაც შეეცვალა მის ცხოვრებაში და შეცვალა კიდეც. ძნელია, როცა 2,5 წელიწადი ერთ გუნდში ხარ და ასე ახლოს მყოფ ოცნებას ვერ შეწვდი. ვუსურვებდი “ტორპედოს” ხელმძღვანელობას, რომ მისთვის ისეთი პირობები შეექმნას, იმაზე მეტის გაკეთება შეძლოს, რაც ჩვენთან გააკეთა. მოგეხსენებათ, ქუთაისში უფრო მეტი საშუალებაა საამისოდ და გუნდიც უფრო ტრადიციულია. ხომ ნახეთ, როგორი დასაწყისი ჰქონდა “ტორპედოში”? ასეთი გამართლება “ზესტაფონში” რომ ჰქონოდა, დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებოდით.


- საინტერესოა, რამდენია “ზესტაფონის” ბიუჯეტი?
- ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე ინფორმაციაა. შარშან ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯი 3,2 მილიონი დოლარი იყო, 2011-ში კი, ალბათ 4,8 მილიონი იქნება. ერთი შემიძლია ვთქვა, წლევანდელი დეფიციტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი. ეს ყველაფერი იმის ხარჯზეა, რომ მოიმატა უეფადან მისაღებმა თანხამ და მან 550 ათასი ევრო შეადგინა.


- არადა, კარდინალურად სხვა სურათს მიიღებდით, ჯგუფში რომ შესულიყავით?
- ჩვენ რომ “შტურმს” გავცდენოდით, გარანტირებულად მიღებული 2,3 მილიონი ევრო გვექნებოდა. თუ ჯგუფში შედიხარ, ეს თანხა სადღაც 8 მილიონამდე მატულობს.
იმის გარდა, რომ ლიგაზე შესვლა მეტ ფულს იძლევა, იქ თამაში სულ სხვა მოთხოვნებს გიყენებს. ფეხბურთელებისა და მომსახურე პერსონალის ხელფასები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მე ვერ გავიყვან ლიგაზე სათამაშოდ ფეხბურთელს, რომელსაც 1000 დოლარი ექნება ხელფასი. ჩვენ გათვლა ამაზეც გვაქვს, როგორ უნდა გავუუმჯობესოთ ამ ხალხს პირობები. სწორედ ამას ვეუბნებით ამ ბიჭებს - მოდით, მოხვდით რა ლიგაზე და ძალიან ბევრ ფულს იშოვით.


- ბოლოს, უახლოეს გეგმებზეც გვითხარით.
- გავხდეთ პირველი ქართული გუნდი, ვინც ლიგაში შევა. საამისოდ, ჩვენს წინ რეიტინგში მყოფ თბილისის ”დინამოს” აუცილებლად უნდა გავუსწროთ.

 


ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005