26.11.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ონიანთან

როცა "დინამოს" ეთამაშები, დაღლა გავიწყდება

 

 

 

 

 

 

"დინამოსთან" ხვალინდელ მატჩსა და მიმდინარე სეზონის სხვა მნიშვნელოვან თემებზე "ზესტაფონის" 28 წლის ცენტრალურ მცველ გიორგი ონიანს ვესაუბეთ.

 

- "ტორპედოსთან" სათასო მატჩით დავიწყოთ. წესით, სტუმრად მიღწეული 1:1-ით კმაყოფილები უნდა იყოთ.
- ანგარიში ჩვენთვის ურიგო მართლაც არ არის, მაგრამ როცა ვიხსენებ, როგორი სცენარით წარიმართა შეხვედრა, გული მწყდება, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ძალიან არ გაგვიმართლა, თორემ აუცილებლად მოვიგებდით. ჩემი აზრით, ფრე ალოგიკური და უსამართლო შედეგია.

- ამ სეზონში "ტორპედოს" უკვე მესამედ ეთამაშეთ და შედეგის მხრივ სრული თანაფარდობა გაქვთ - გამარჯვება, ფრე და მარცხი. როგორ ფიქრობ, ეს ბალანსი "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" ძალას ზუსტად ასახავს?
- "ტორპედოსადმი" დიდი პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ დღეისთვის "ზესტაფონი" უკეთესი გუნდია. ჩემპიონატში ქუთაისელებს სტუმრად დამაჯერებლად ვაჯობეთ, შინ კი როგორც მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო - სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მსაჯმა ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დაგვარტყმევინა.

- ორდღიანი ინტერვალით მეორე უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გელით. გეყოფათ ძალები მეორე გამოცდისთვის?
- დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ძალების სრულად აღდგენა ძალიან ძნელია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ "დინამოსთან" გავიმარჯვებთ. დაღლილობას ვერ უარვყოფ, მაგრამ, როცა "დინამოს" ეთამაშები, ყველანაირი დისკომფორტი გავიწყდება და მოედანზე ბოლომდე იხარჯები.

არ გამოვრიცხავ, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელოს და "დინამოს" წინააღმდეგ შედარებით დასვენებული ფეხბურთელები ათამაშოს. გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს და სრულფსოვანი შემცვლელი ნებისმიერ მოთამაშეს მოეძებნება. თუმცა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არავის გაეხარდება, თითოეული ჩვენგანი დიდი ბრძოლის მოლოდინშია და უნდა, მისი უშუალო მონაწილე იყოს და არა - მაყურებელი.

"დინამო" თასისგან უკვე თავისუფალია და ჩვენთან შედარებით დასვენებულიც, მაგრამ არა მგონია, ამის წყალობით გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიოს. ვფიქრობ, ჩვენი პლუსი, სავსე სტადიონს ვგულისხმობ, უფრო ძლიერად იმუშავებს.

- "დინამოსთან" თბილისში ჩატარებული შეხვედრა გავიხსენოთ.
- ის მატჩი 2:2 დასრულდა, მაგრამ უხვგოლიანობის მიუხედავად, ნამდვილად არ ყოფილა მაღალი დონის თამაში, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა - ორივე გუნდი ევროტურნირებით გადაღლილი იყო და, გარდა ამისა, თამაში საშინელ მინდორზე გაიმართა, რამაც სანახაობას დაღი დაასვა. ამჟამად "ზესტაფონიც" უკეთეს კონდიციებშია და "დინამოც", რაც აუცილებლად აისახება კვირის მატჩის ხარისხზეც და სანახაობაზეც.

- ამჯერად მხოლოდ გამარჯვება დაგაკმაყოფილებთ?
- არ გვაქვს უფლება, საკუთარ კედლებში სხვა შედეგზე ვიფიქროთ. ერთი მხრივ, ფრითაც შევინარჩუნებდით "დინამოსთან" უპირატესობას, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში მას სოლიდური სხვაობით გავასწრებთ და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

- გუნდში კონკურენცია ახსენე და, ამ მხრივ არც "ზესტაფონის" დაცვის ცენტრია გამონაკლისი.
- ეს თითოეული ჩვენგანისთვის კარგია. უპირველესად, სწორედ კონკურენციის გამო ვინარჩუნებთ მოტივაციას, სწორედ ამიტომაა, რომ "ზესტაფონი" მეორე ჩემპიონობისკენაც ძველებური სურვილით მიდის. კონკურენცია ნაკლები რომ იყოს, ეს გუნდის შედეგებზე აუცილებლად აისახებოდა, "ზესტაფონში" კი თითოეულმა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე გადის, კარგად იცის: თუ ბოლომდე არ დაიხარჯა, ან სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება, ანაც განაცხადს მიღმა.

დაცვის ცენტრში შესანიშნავი პარტნიორები მყავს - ედიკ საჯაიასთან ერთად თბილისის "ლოკომოტივშიც" ვთამაშობდი და ერთმანეთთან შესათამაშებლად დრო საერთოდ არ დაგვჭირვებია, მამუკა კობახიძე კი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მოუთმენლად ველოდებით გიორგი ხიდეშელის გამოჯანმრთელებას, რომელიც კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრეს. ჩვენ, უპირველესად, მეგობრები ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ კონკურენცია თითოეული ჩვენგანისთვის სასარგებლოა.

- "ზესტაფონი" ისედაც ლიდერია, მაგრამ, შეგეძლოთ უფრო მეტი ქულის მოპოვებაც?
- რა თქმა უნდა, შეგვეძლო. თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ, მაგრამ ფაქტია, საქართველოში მოედნების პრობლემა რომ არ იყოს, "ზესტაფონის" სტილის გუნდები კიდევ უფრო წარმატებით ითამაშებდნენ. ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე გაიზარდა, რასაც მე მაინცდამაინც ვერ ვამჩნევ - თუ მოედნებს არ მიხედავენ, წინსვლა გამორიცხულია. კარგია, რომ ბოლო დროს ვითარების გაუმჯობესება შეინიშნება და იმედია, მალე ხარისხიანი გაზონების რაოდენობა უფრო გაიზრდება.

- ერთი შეხედვთით, "ზესტაფონის" სათამაშო სტილი დიდად არ შეცვლილა. თუმცა წარმოუდგენელია, გიორგი ჭიაბრიშვილს გია გეგუჩაძისგან რაიმე არ განასხვავებდეს.
- ორივე შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარია, მაგრამ ერთმა მწვრთნელმა მეორისგან ყველაფერი ბრმად თუ გადაიღო, ბევრს ვერაფერს მიაღწევს. ჭიაბრიშვილსაც საკუთარი შეხედულებები აქვს, რაც ფეხბურთელებისთვის სავსებით მისაღებია.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იგი გუნდს მაღალ დონეზე მართავს. გიორგიც და ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ასაკის მიუხედავად, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის დისტანციის დაცვა აუცილებელია. მას დიდი ხანია, ვიცნობთ და მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ერთმანეთს ხელს ყველანაირად ვუწყობთ. ამას, უპირველესად, ჭიაბრიშვილის პროფესიონალიზმი და იშვიათი ადამიანური თვისებები განაპირობებს.


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005