26.11.2011

 

 

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" - "დინამო"

 

 

 

 

 

 

ბოლო ხუთი-ექვსი წელიწადია, ჩვენ ჩემპიონატში ყველაზე დიდ ინტერესს "ზესტაფონისა" და "დინამოს" დაპირისპირებები რომ იწვევს; ამ ორი გუნდის ურთიერთპაექრობებში ერთი შეხედვით, უპირატესობა დინამოელთა მხარეს არის: 22 მატჩიდან თბილისელებმა 11 მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს (ბურთების სხვაობა 28-16) (სულ, ამ გუნდებს შორის, 2004 წლიდან 31 შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 14-ჯერ - დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 9-ჯერ იმერლებმა (ბურთების სხვაობა 33:21 - ”დინამოს” სასარგებლოდ).- საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური); ჰოდა, ამ უპირატესობის გამოც არის, რომ უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" გამოჩენის შემდეგ "დინამო" ყოველთვის უფრო მაღალ ადგილს იკავებდა, ვიდრე იმერული კლუბი.


გამონაკლისი მხოლოდ წინა სეზონი იყო, "ზესტაფონის" დამსახურებული საჩემპიონო ტრიუმფით რომ დასრულდა.

 

 

ბოლო წლების პრინციპული მეტოქეები ამ სეზონშიც უმთავრეს ფავორიტებად მიჩნევიან და ამას "ტრადიციული"ცხრილიც ადასტურებს: ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი "ზესტაფონი" პირველ ადგილზეა და სამი ქულით უსწრებს ყველაზე ტიტულიან ქართულ კლუბს. არადა, "მეორე", ანუ იმ "ვირტუალურ" ცხრილში "ზესტაფონს" საგრძნობი უპირატესობა აქვს "დინამოსთან" შედარებით: ხუთქულიანი სხვაობა პლუს ერთით ნაკლები თამაში!

მოკლედ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, თუ რამხელა სატურნირო მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ დაპირისპირებას, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

მოდი, ჯერ მხოლოდ "ციფრების ენით" ვილაპარაკოთ: გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები "ჩვეულებრივ" ცხრილში ლიდერობას ხომ შეინარჩუნებენ, ამას გარდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან "მეორე" ცხრილში თავის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს გვარიანადაც ჩამოიტოვებენ; ხვალინდელი მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ყველაფერი უცვლელად დარჩება, ოღონდ ეს შედეგი ამჯერად სხვა გუნდისათვის იქნება იდეალური ("მეტალურგსა" და "ტორპედოს" ვგულისხმობთ, არანაკლები ამბიცია რომ გააჩნიათ). აი, "დინამოს" წარმატების შემთხვევაში კი ალექს გარსიას გუნდი, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში ცხრილის სათავეში მოექცევა! ანუ, მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში "ზესტაფონსა" და "დინამოს" ქულებიც ერთნაირი ექნებათ და მოგებათა რაოდენობაც, მაგრამ ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობით, წინ თბილისელები იქნებიან.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, "დინამომ" ყველა ღონე უნდა იხმაროს სწორედ უშუალო კონკურენტებთან დადებითი ბალანსის მისაღწევად, თორემ გაზაფხულზე სერიოზული ჰანდიკაპის აღმოფხვრა მოუწევს.

პირველი ნაბიჯი აქეთკენ უკვე გადადგმულია: წინა ტურში "დინამომ" სეზონის, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და არცთუ ხელწამოსაკრავ მეტოქეს ("ტორპედო") შთამბეჭდავად მოუგო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხვალინდელი პრინციპული დაპირისპირების წინ მეტოქეები თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან: "ტორპედოსთან" შეხვედრის მერე "დინამოს" ერთკვირიანი შუალედი ჰქონდა, მაშინ როცა "ზესტაფონს" უმძიმესი სათასო პაექრობის ჩატარებამ (სტუმრად, ქუთაისში) მოუწია არანაკლებ პრინციპულ მოწინააღმდეგესთან.

როცა "ზესტაფონისა" და "დინამოს" მატჩია, პროგნოზის გაკეთება მართლაც უადგილოა; თუმცა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საინტერესო ფაქტს "აღმოვაჩენთ": ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სეზონი არ ყოფილა, "დინამოს" თავისი პრინციპული მეტოქისათვის ზესტაფონში რომ არ მოეგო!

აი, რაც შეეხება ამ სეზონს, გეხსომებათ, ალბათ, თუ როგორი უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა პირველი წრის შეხვედრაში (2:2); თუმცა, ისიც კარგად გვახსოვს, რომ 28 აგვისტოს ჩატარებულ იმ შეხვედრაში ბევრზე-ბევრი იყო "უცნაურიც" და კურიოზულიც: მეტოქეთა აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობები (ევროტურნირებზე მონაწილეობის გამო გადაღლილობით რომ აიხსნა), "დინამოს" კარში აშკარად არჩასათვლელი გოლის ჩათვლა (თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის მერე ბურთს მასპინძელთა კარის ხაზი არ გადაუკვეთია) და ასე შემდეგ...



გია ტუხაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005