22.11.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ ალექს ბენაშვილთან

ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვითამაშოთ

 

 

 

 

 

 

მართალია, ჟურნალისტებს ხშირად ცოდვად გვეთვლება პირად სიმპათიებზე საუბარი, მაგრამ ამ სტრიქონების ავტორი უნდა გამოტყდეს, რომ მისი დღევანდელი რესპონდენტი ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშედ მიაჩნია. სულ ახალგაზრდა ალექსი ბენაშვილმა უკვე ჩაატარა სარეკორდო რაოდენობის მატჩები საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგებში. საკმარისია აღინიშნოს, რომ გორის "დილასთან" გამართულ შეხვედრაში ბენაშვილმა 121-ედ დაიცვა კლუბის ღირსება ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში.

გუშინ ბენაშვილს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. ვფიქრობთ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.

 

- ასეთ ახალგაზრდულ ასაკში რეკორდსმენობით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. რას ნიშნავს შენთვის ის ფაქტი, რომ "ზესტაფონის" რიგებში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ყველაზე მეტი მატჩი გაქვს გამართული?

- უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია "ზესტაფონზე", ჩვენი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და ძალიან ძლიერ გუნდზე. გასათვალისწინებელია ჩემი ასაკიც. "ზესტაფონი" ჩემთვის ნამდვილი ოჯახია. უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდში რომ ვირიცხები.

- უკვე რამდენი წელია, "ზესტაფონის" მაისური გაცვია და არაერთი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაგიტარებია. რომელი იყო მათგან შენთვის ყველაზე გამოსარჩევი?

- გავიხსენებ "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო დაპირისპირებას. 1:1-ზე გადამწყვეტი გოლი გავიტანე. თანაც ლამაზი გოლი გამოვიდა.

- და რა ვუყოთ "ბრიუგესთან" შეხვედრას, რომლის შემოტრიალებაშიც უდავოდ ლომის წილი მიგიძღვის?

- კი, "ბრიუგეც" გამოსარჩევი თამაშია. მეორე ტაიმში გამოჩნდა ჩვენი გუნდის პოტენციალი. გამოჩნდა, რომ ხასიათი გვაქვს და ურთულეს სიტუაციებშიც არ ვკარგავთ რწმენას. იმის გაკეთებას, რაც "ბრიუგესთან" შევძელით, ალბათ ბევრი ვერ მოახერხებდა.

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელი ჩემპიონი წლეულსაც საჩემპიონო გრაფიკით მიდის. მოახერხებთ ტიტულის შენარჩუნებას?

- მჯერა, რომ ბოლომდე ასე იქნება. ყველა თამაშს განსაკუთრებულად ვუდგებით. უდიდესი მოტივაცია გვაქვს. ვნახეთ, რა არის ჩემპიონთა ლიგა და კიდევ გვინდა იქ თამაში. თანაც მაქსიმალური მიზნები გვაქვს ქვეყნის თასზე.

- ევროთასები სულ სხვა თემაა. შარშან გუნდს სულ ცოტა დააკლდა გადამწყვეტ ნაბიჯამდე. წელს თუ გადაიდგმება ეს ნაბიჯი?

- უნდა გადავდგათ, აუცილებლად უნდა გადავდგათ. "შტურმთან" თამაში რომ მახსენდება, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ მტოვებს ხოლმე. ასეა ყველა. ეს მოტივაციის გაზრდასაც უწყობს ხელს. შეიძლება ბევრს ჩემი სიტყვები გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ვინც იცის, რა და როგორ ხდება "ზესტაფონში", ასე არ მიიღებს - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და თუ ეს არ გამოვიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ევროპის ლიგის ჯგუფში შესვლაზე. ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ შორია და წინ დიდი ბრძოლები მოგველის. მაქსიმუმს ვისახავთ მიზნად საქართველოს თასზე. ჩვენ ამ ტურნირის მოგებაც გვინდა.

- ჩვენი აზრით, გია ჭიაბრიშვილის მისვლა "ზესტაფონში" ახალი სიტყვა იყო მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. შენ როგორ ხედავ ახალი მწვრთნელის როლს?

- ასეთი შეკრული, მეგობრული გუნდი რომ გვყავს, ეს, უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელის დამსახურებაა. არ არსებობს, ფეხბურთელს არ გაუგოს. თანაც ამავე დროს დისციპლინა უმაღლეს დონეზე აქვს. დარწმუნებული ვარ, სულ მალე შედეგებიც დაიდება და ყველა ერთად გავიხარებთ.

- შენ უკვე კარგა ხანია, თამაშობ ეროვნულ ჩემპიონატში. მაინც საით მივდივართ, უარესობისკენ თუ უკეთესობისკენ?

- პროგრესი არის, მაგრამ სასურველია უფრო სწრაფად განვვითარდეთ. გარწმუნებთ, თუ უფრო მეტი იქნება მინდვრები, დაჩქარებული ტემპებით წავალთ წინ. თქვენ ნახეთ ჩვენი შეხვედრა "ქართლის" სტადიონზე. იქ თამაში უბრალოდ არ შეიძლება. როცა ასეთ მინდვრებზე გიწევს გასვლა, პროგრესზე ვერ ილაპარაკებ.

- უახლოეს დღეებში ორი უპრინციპულესი მატჩი გიწევთ, ჯერ "ტორპედოსთან" თასზე, მერე "დინამოსთან" ჩემპიონატში. როგორი განწყობით ეგებება გუნდი ამ შეხვედრებს?

- "დილასთან" მატჩის შემდეგ მე თბილისში დავრჩი, მუხლი მაწუხებს და ვმკურნალობ. "ტორპედოსთან" შეხვედრას ალბათ გამოვტოვებ, "დინამოსთან" კი ისედაც მიწევს დასვენება ყვითელი ბარათის გამო, რომელიც გორში მივიღე. ამის მიუხედავად, ბიჭებს დღეში რამდენიმეჯერ ველაპარაკები და ვიცი, როგორ არიან ისინი განწყობილნი. ორივე შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს "ზესტაფონი".

- ასაკის მიუხედავად, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩის ჩატარება უკვე მოასწარი, მაგრამ რჩება შეგრძნება, რომ შენი პოტენციალი ბოლომდე მაინც არ ამოქმედებულა. რა არის ამისთვის საჭირო?

- "ზესტაფონში" ამისთვის ყველანაირი პირობა მაქვს. ვგრძნობ მწვრთნელის ნდობას, გუნდი მეგობრულია, ამბიციური. ვიცი, რომ მომატება შემიძლია. ამას აუცილებლად გავაკეთებ. ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ასაკი ისეთი არ მაქვს, რომ განვითარებაზე არ ვიფიქრო. არსად მეჩქარება. მინდა გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, "ზესტაფონთან" ერთად.

 


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"

   
FC ZESTAFONI © 2005