20.11.2011

 

 

 

 

სტუმრობა გორში

 

 

 

 

 

 

2011 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. გორის სტადიონ ”ქართლზე” ერთმანეთს ადგილობრივი ”დილა” და ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ - სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხეს.

 

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ზესტაფონში გამართული შეხვედრა გორელ ფეხბურთელთა სენსაციური გამარჯვებით დასრულდა. სულაც არ იყო გასაკვირი, რომ ზემოიმერლები შიდაქართლელებთან დღევანდელ დაპირისპირებას გაცილებით უფრო სერიოზულად მოეკიდნენ და იმის მიუხედავად, რომ სტადიონ ”ქართლის” უხარისხო საფარზე კომბინაციური ფეხბურთის დემონსტრირება საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა, ამჯერად შეძლეს ”დილას” დამარცხება.

 

ანგარიში ზესტაფონელებმა შეხვედრის 30-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გახსნეს. გორელთა გოლკიპერმა ბექა შეყრილაძემ ნიკოლოზ გელაშვილის დარტყმის კუთხე კი გამოიცნო, თუმცა, თავის გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა. პირველი გოლის ავტორს მალევე თავის გუნდის კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ”დილას” მეკარე ზესტაფონელი ფორვარდის 20-ოდე მეტრიდან დარტყმულს ამჯერად გაუმკლავდა.

 

სათამაშო მინდვრის არასახარბიელო მდგომარეობის გამო შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით უკეთესის სურვილს ტოვებდა. მეტოქე გუნდები მოედნის მთელ ტერიტორიაზე ერთმანეთს თავგანწირვით ებრძოდნენ და საგოლე მომენტებიც ნაკლებად იქმნებოდა. ყველაფრის ამის მიუხედავად, ”ქართლზე” დღეს მრავლად მოსულმა ორივე გუნდის გულშემატკივარმა კიდევ ერთი გოლი მაინც იხილა - 90-ე წუთზე ნიკა გელაშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა საბა ლომიამ შოთა ბაბუნაშვილის ზუსტი გადაცემა შეირგო, კარიერაში მეორე საუმაღლესლიგო გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვება უფრო შთამბეჭდავი გახადა.

 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამარჯვება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბის მოპოვებული 250-ე გამარჯვება გახლავთ.

 

20.11.2011. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 0-2

დაწვრილებით:

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 24 ნოემბერს გამართავს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში მარგველები ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს დაუპირისპირდებიან. მატჩის დასაწყისი - 18:00 საათზე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005