გიორგი ხიდეშელი ვარჯიშს ბელგიაში განაახლებს
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავებული "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხიდეშელი მალე მოედანს დაუბრუნდება.
გიორგიმ გვითხრა, რომ ხუთთვიანი შესვენების შემდეგ მალე სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
23 წლის ცენტრალურმა მცველმა რეაბილიტაცია დაასრულა და, მართალია, წლეულს ვეღარ ითამაშებს, მაგრამ ფორმის აღდგენაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ხიდეშელი ბელგიაში ცნობილ ექიმ მარტენსთან მკურნალობდა და მისივე ხელმძღვანელობით დაუბრუნდება მოედანს.
"უახლოეს დღეებში გავემგზავრები ბელგიაში, სადაც მარტენსის ზედამხედველობით დავიწყებ ვარჯიშს. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია, რადგან კარგად დასრულებული რეაბილიტაციის ეტაპი შესაბამისად უნდა გაგრძელდეს და ინდივიდუალური ვარჯიშების დროს ექიმმა ზუსტად უნდა შეაფასოს ჩემი მდგომარეობა, არის თუ არა კუნთი მზად, რათა მოედანს დავუბრუნდე, სრულ დატვირთვებზე გადავიდე და ეს ჩემთვის სარისკო არ აღმოჩნდეს. მარტენსი ხომ რეაბილიტაციას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება.
ბელგიაში ორი კვირა გავჩერდები, მერე კი კლუბს დავუბრუნდები. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დოქტორ მარტენსთან ოპერაცია და რეაბილიტაცია ძვირადღირებული საქმეა. ამას საკუთარი სახსრებით ვერც მოვახერხებდი, ხარჯები "ზესტაფონს" რომ არ გაეღო", - გვითხრა ხიდეშელმა.
|