დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტური
2011 წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტურის გადადებული მატჩი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ფოთის ”კოლხეთის” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ლურსმანაშვილი, მნათობიშვილი, რობაქიძე, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე, ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, ხუჯაძე (ეგუტიძე, 70). შარვაძე, ლომია.
”კოლხეთისა” და ”ზესტაფონის” დუბლიორთა დღევანდელ შეხვედრას ფოთის სტადიონ ”ფაზისის” კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულმა სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა. უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ მოედანზეა გადმოტანილი ის საფარი, რომელიც, სტადიონის მთავარ არენაზე მიმდინარე საფარის გამოცვლასთან დაკავშირებით, ”ფაზისის” ძირითადი მოედნიდანაა აღებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წვიმისაგან ისედაც უვარგის მდგომარეობაში მყოფ ”ახალ გაზონზე” მტკეპნის გადატარებაზე კარგა ხანია არ უზრუნია ვინმეს. გაზონზე საუბარს თავი რომ დავანებოთ, შეხვედრისას არ გახლდათ უზრუნველყოფილი მატჩის ჩასატარებლად აუცილებელი ელემენტარული პირობები. ასე, მაგალითად, ზესტაფონელთა კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის შემდეგ მოედანზე შეიჭრა მასპინძელთა ახალგაზრდა ქომაგი, რომელმაც მიირბინა სტაუმართა გოლკიპერთან, მას ჩამოსართმევად ხელი მიაწოდა, ზეიმი უცენზურო ლექსიკის მდიდარი მარაგის დემონსტრირებით გააგრძელა და მოედნიდან გასვლა, ისე რომ მისთვის ეს არც არავის მოუთხოვია, საჭიროდ მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვალა...
ეჭვს გამოვთქვამთ, რომ ასეთ ”პირობებში” (იხილეთ დღევანდელი მატჩის ამსახველი ფოტოსურათები) ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდა და საერთოდ, დამწყები ფეხბურთელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ამ ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიის მიმართ პატივისცემას დააკარგვინებს ...
სტატისტიკის მოყვარულებს მოკლედ გეტყვით, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 23-ე წუთზე საბა ლომიას წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად თავად დაზარალებულმა აქცია. ხოლო მასპინძლებმა ზესტაფონელთა კარის ორჯერ აღება მეორე ტაიმში მოახერხეს. გატანილი გოლები კონსტანტინე ბარამიძისა (69-ე წუთი) და ზვიად ჭედიას (74-ე წუთი) ანგარიშზეა. ზღვისპირელთა გამარჯვება ანგარიშით - 2-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|