რიგგარეშე ვიზიტი ზუგდიდში
2011 წლის 15 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ფოთის ”კოლხეთი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.
”ცნობილია, ფოთელებთან ეს შეხვედრა 6 ნოემბერს, ლანჩხუთში უნდა გამართულიყო, მაგრამ წვიმიან ამინდში “ევგრაფი შევარდნაძის” საფეხბურთოდ გამოუსადეგარობის გამო გადაიდო. სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ დანაკლისის შესავსებად სანაკრებო პაუზით გამოწვეული საჩემპიონატო შესვენებით ისარგებლა, ოღონდ ლანჩხუთი ზუგდიდით შეცვალა და მეტოქეებიც იქ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
დასავლეთში მზიან ამინდს ქარიც დაერთო, რამაც ზუგდიდური მინდვრის საფარის ნორმაში მოსაყვანად ხელი დიდად შეუწყო. მასპინძელმა მხარემ გაზონზე მტკეპნის გადატარებაზეც იზრუნა და გუნდებს საკუთარ შესაძლებლობათა სრულად წარმოჩენის საშუალება მიეცათ.
პრაქტიკულად, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას “ზესტაფონი” ფლობდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა უამრავი საგოლე მომენტიდან მხოლოდ ორის გამოყენება შეძლეს, რაც საერთო წარმატებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.
39-ე წუთზე, იმერელთა ვიცე-კაპიტნის, თორნიკე აფციაურის მიერ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დარტყმულმა ბურთმა მიაღწია მიზანს. რაც შეეხება, მატჩის საბოლოო შედეგის დამაფიქსირებელ გოლს, ის “ზესტაფონის” ერთ-ერთმა ბომბარდირმა ნიკა გელაშვილმა გაიტანა. ფორვარდი თანაგუნდელმა ლადო ნადირაშვილთან პირისპირ დატოვა, გელაშვილმა კი, კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა - 2:0.
მეორე ტაიმში ძალიან ბევრი რეალური საგოლე შანსი გაანიავა ჯაბა დვალმა, რომელსაც ერთიც რომ გამოეყენებინა, ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის დაწინაურება გარანტირებელი ექნებოდა. საბოლოოდ, “ზესტაფონმა” “კოლხეთთან” მე-6 საჩემპიონატო დაპირისპირებაში მეოთხედ იმარჯვა (2 მატჩი ფრედ დასრულდა).”- www.worldsport.ge
დღევანდელი შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მოექცა.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 20 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩში იმერლები გორის ”დილას” ესტუმრებიან.
|