ზესტაფონური ამბები
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მოახლოებული მატჩებისათვის მზადებას 10 ნოემბერს ზესტაფონში შეუდგა. კლუბის პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის გაგრძელებისათვის მზადება მარგველთა დუბლშემადგენლობამაც დაიწყო.
გუშინ საღამოს ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა კლუბის ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო დღევანდელი დღე დილით დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით დაიწყო და საღამოს ისევ ბაზაზე გაგრძელდა. ფეხბურთელები ჯერ ფუნქციონალურ მომზადებში ზემოიმერელთა სერბმა დამრიგებელმა ივან ვუჩეტიჩმა ”დაიმარტოხელა”, ხოლო შემდეგ ისინი უკვე გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა, უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა დამრიგებელი 7-10 ნოემბერს იმყოფებოდა ჰოლანდიაში, სადაც, კოლეგებთან ერთად, დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და უეფას ეგიდით გამართულ მწვრთნელთა განათლების კურსებს ...
როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელებს სადღეისოდ სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებული ერთბაშად 8 ფეხბურთელი აკლიათ. გუშინ საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების (გუნდის შემადგენლობაში ზესტაფონელმა მამუკა კობახიძემ იასპარეზა) წარუმატებელი ასპარეზობით გულგატეხილმა ზემოიმერლებმა, დღეს ორმაგად გაიხარეს - ზესტაფონელთა მეორე ვარჯიშის მსვლელობისას გაცხადდა გიორგი დევდარიანის დამოძღვრილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისა და ამ ნაკრების მარგველ წევრთა (თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე) პოლონელებთან გამართულ დაპირისპირებაში გამარჯვების ამბავი, ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ჩემპიონებმა უკვე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრეს (სასიამოვნოა, რომ მოლდოველთა წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს მთავარი გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად სამმა ზესტაფონელმა (ნიკოლოზ გელაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი) იასპარეზა.
აქვე გაცნობებთ იმას, რომ საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის, უამინდობისა და ლანჩხუთის სტადიონის დატბორვის გამო, გადადებული მატჩი ფოთის ”კოლხეთსა” და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” შორის გაიმართება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით ამ შეხვედრას ზუგდიდი უმასპინძლებს.
აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
|