საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ ქუთაისის “ტორპედო” ერგო.
იმერული გუნდები ეროვნული თასის წინა ორ გათამაშებაშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2009 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ჯაბა დვალისა და თორნიკე აფციაურის გოლების წყალობით 2-0 დაამარცხეს ქუთათურები და გათამაშების მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვეს. შარშან კი იმერული კლუბების გზები ნახევარფინალურ სტადიაში გადაიკვეთა. ქუთაისში 19 აპრილს გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა გიორგი მეგრელაძის ერთადერთი გოლით იმარჯვეს, ხოლო ზესტაფონში 4 მაისს გამართულმა განმეორებითმა მატჩი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა და ქუთათურებმა ფინალის საგზური მოიპოვეს ...
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და "ტორპედო" თოთხმეტჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და აქ აშკარა უპირატესობა მარგველთა მხარეს არის: 8 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება. ბურთების სხვაობა - 16-13. ამ მატჩებში ზესტაფონელთა რიგებში ყველაზე მეტი (6) გოლის გატანა ექს-ტორპედოელმა ზურაბ იონანიძემ მოახერხა. დავით ჯანაშია კი ერთადერთი ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც ორივე გუნდშიც იასპარეზა და ორივე გუნდის კარის დალაშქვრაც მოახერხა.
ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის მატჩები წელსვე ჩატარდება. “ტორპედო”-“ზესტაფონის” წყვილის პირველ მატჩს 24 ნოემბერს ქუთაისი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 7 დეკემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება.