05.11.2011

 

 

 

 

 

გიორგი ხიდეშელი "ზესტაფონს" იანვარში დაუბრუნდება

 

 

 

 

 

 

 

ოთხი თვეა, "ზესტაფონს" მისი ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხიდეშელი ვერ ეხმარება. 23 წლის ცენტრალური მცველი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ექიმებს გაუშინაურდა.

 

 

"რეაბილიტაციას ოთხ კვირაში ვასრულებ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლეულს ვეღარ ვითამაშებ. მოედანზე გასვლა კი შემეძლება, მაგრამ ფორმა ხომ უნდა აღვიდგინო, რათა ძირითადში დასაბრუნებლად ვიბრძოლო, ნაადრევად დაბრუნება კი გაუმართლებელი რისკია. ასე რომ, მოსამზადებელ ეტაპამდე აჯობებს დაცდა.

ბელგიაში ცნობილ ექიმ მარტენსთან ვმკურნალობდი, რომელიც რეაბილიტაციისა და მოედანზე დაბრუნების მომენტს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. წარმოიდგინეთ, რა დონის პროფესიონალია, საქართველოში გამოგზავნა სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს აქაური სტადიონების საფრები, კლიმატი და მარტენსმა ამ მონაცემების საფუძველზე დაასკვნა, რომ ჩვენი უხარისხო მოედნების პირობებში ახალ წლამდე ჩემი თამაში ხელახალი ტრავმიანობის დიდ რისკს შეიცავს.

საქართველოში მუხლის ოპერაციის გაკეთებას ამიტომაც მოვერიდე. შესაძლოა, თავად ოპერაცია კარგად გააკეთონ, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესის კარგად წარმართვაა პრობლემა. ამ დროს კი მთავარი კუნთის "ამოყვანაა", ჩვენთან კი სწორედ ეს ჭირს", - გვითხრა ხიდეშელმა.

გიორგის ტრიბუნიდან "ზესტაფონის" თამაშის ყურება უჭირს: "უთამაშებლობას ძალიან განვიცდი. თანაგუნდელების დახმარება მინდა, მაგრამ... ეს ძალიან უსიამოვნო ემოციაა. ბოლო შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსთან" რომ წავაგეთ, სტადიონზე ადგილს ვერ ვპოულობდი, ისე ვინერვიულე.

ბევრი მომენტი გვქონდა და, ჩემი აზრით, არ გაგვიმართლა.. თუმცა ამ წაგებით არაფერი იცვლება, "ზესტაფონი" ჩემპიონია და აუცილებლად ვიბრძოლებთ ტიტულის შესანარჩუნებლად".


მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005