ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ”ზესტაფონში” ვთამაშობ
ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა კარგ ფეხბურთელად. შეიძლება ითქვას, რომ იგი მთლიანად საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პროდუქტია. ჯერ კიდევ ძალიან პატარამ მოიპოვა ქომაგის დიდი სიყვარული. ჩუმმა, უთქმელმა და თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებულმა თორნიკე გორგიაშვილმა დამსახურებულად მიიღო მიწვევა ეროვნული ნაკრებიდან.
ვინც წლევანდელ სეზონს ყურადღებით ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ გორგიაშვილი ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება. ალბათ დადგება დრო და თორნიკეც გაუკვალავს გზას ”ზესტაფონის” მომავალს ისე, როგორც ეს გააკეთეს კლუბის ვეტერანებმა მის მიმართ.
გუშინ თორნიკე გორგიაშვილს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. ვფიქრობთ, საქართველოს ნაკრების წევრთან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.
- თუ არ ჩავთვლით ქუთაისის ”ტორპედოსთან” შეხვედრას, ”ზესტაფონს” შედეგები ნამდვილად არ დაეწუნება. რას იტყვით, გუნდი პროგრესის გზაზე დგას?
- ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაშია. თითოეული ფეხბურთელი თავს არ ზოგავს წარმატებისთვის. ქუთაისის ”ტორპედოსთან” განცდილმა მარცხმა ყველამ ძალიან დაგვწყვიტა გული, მაგრამ ვფიქრობ, ეს მაინც უიღბლობა იყო. მთელი ორი ტაიმის განმავლობაში თამაში ჩვენ მიგვყავდა, მეტოქის კართან არაერთი ხიფათი შევქმენით, მაგრამ... ხანდახან ხდება ისე, რომ გოლი არ გადის, თუნდაც ჩემ მიერ დარტყმული ბურთი გავიხსენოთ.
- თვალსა და ხელს შუა იზრდებაო, სწორედ თქვენზეა ნათქვამი. რას უნდა მივაწეროთ თორნიკე გორგიაშვილის ასეთი თვალსაჩინო პროგრესი?
- გმადლობთ ასეთი სიტყვებისთვის. ჩემი აზრით, სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. ყველაფრის თავი და თავი მაინც შრომა მგონია. ფეხბურთი უზომოდ მიყვარს და თავს არასოდეს ვზოგავ. მნიშვნელოვანია ასევე მწვრთნელის ნდობაც. როდესაც გრძნობ, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი ხარ, უფრო თავდაჯერებული ხდები. რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ევროტურნირების შეხვედრებმაც, იქ სულ სხვა ტემპია, სულ სხვა ფეხბურთია. საერთოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ”ზესტაფონში” ვთამაშობ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
- მინდა გკითხოთ გია ჭიაბრიშვილზე. რა გამოსარჩევ თვისებებს ხედავთ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელში?
- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავდი ჩვენი მთავარი მწვრთნელის ამბიციურობას. მგონი, მის ამ თვისებას საფუძველი ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, გია ჭიაბრიშვილი თითოეულ ჩვენგანს ძალიან მუხტავს. იგი სულ გამარჯვებისთვისაა მომართული.
- რა არის ”ზესტაფონის” მიზანი მიმდინარე სეზონში?
- უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. უნდა მოვიგოთ საქართველოს თასიც. ასე რომ ჩვენი გუნდი მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძვის და კონტინგენტიდან გამომდინარე, ეს სულაც არაა გასაკვირი.
- ”ზესტაფონში” თქვენ ყველა პოზიციაზე გითამაშიათ. სად გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად?
- შემტევ საყრდენ ნახევარმცველად. თუმცა, სადაც მწვრთნელი დამაყენებს, იქ ვითამაშებ. ”ზესტაფონში” არაერთ პოზიციაზე მითამაშია, თუნდაც მარჯვენა მცველად ან ცენტრალურ მცველად. საფეხბურთო უნივერსალიზმის გარეშე დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ჭირს წარმატების მიღწევა.
- ”ზესტაფონს” სულ ცოტა დააკლდა, რომ უდიდესი სიხარული მიენიჭებინა ქართველი გულშემატკივრებისთვის - მაინც რა არ ეყო გუნდს ევროთასებზე?
- გულშემატკივრებთან, მთელ საქართელოსთან პირნათელნი ვართ, რადგან ცდა და მონდომება ნამდვილად არ დაგვიკლია. ჩემი აზრით, ზესტაფონში რომ გვეთამაშა ”შტურმის” წინააღმდეგ, ჩვენი შანსები ერთიორად გაიზრდებოდა. ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა სტიმულია ჩვენი სტადიონი, იქ როგორ ქომაგობენ...
ასევე უნდა გავუსვა ხაზი ერთ გარემოებასაც: ”შტურმმა” ბოლომდე დაიცვა სათამაშო დისციპლინა. ჩვენც იგივე გავაკეთეთ, მაგრამ სადღაც რაღაც მაინც არ გვეყო და ეს რაღაც მომავალ სეზონში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ...
უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად ვთამაშობთ ევროთასებზე და ალბათ მართლაც მოვიდა დრო, ქართველ გულშემატკივარს, მთელ ერს დიდი სიხარული მივანიჭოთ. ასე რომ, ევროსეზონს დიდი იმედით ველით...
- ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ეს თქვენი მეორე გამოძახებაა ეროვნულ გუნდში. ელოდით, რომ თემურ ქეცბაია არჩევანს თქვენზე შეაჩერებდა?
- ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე. განა რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბედნიერება ფეხბურთელისთვის. ვერ ვიტყვი, რომ მთლად მოულოდნელი იყო. ახლა უფრო გამოცდილი ვარ ნაკრებისთვის. ბოლოს და ბოლოს მეორედ ვარ გამოძახებული და მეტი გამოცდილებაც დამიგროვდა.
|