ზესტაფონელები მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა (www.iffhs.de) გასული თვის შედეგებით პლანეტის 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი ყოველთვიურად ქვეყნდება და მასში კლუბების მიერ საერთაშორისო არენაზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული...
სასიამოვნოა, რომ ამ ავტორიტეტული საფეხბურთო საიტის აზრით, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პლანეტის უძლიერეს კლუბებს შორის განიხილება. ასე, გასული ოქტომბრის თვის რეიტინგში იმერული კლუბი მეორე ასეულშია, კერძოდ, ფრანგულ კლუბებთან, “ნიცასა” და “ოსერთან”, ასევე ყატარულ “ალ-სადთან” ერთად, 185-188-ე პოზიციაზეა, მაშინ როდესაც წინა თვეში საქართველოს ჩემპიონი 191-ე იყო.
შესაძლოა, ამ რეიტინგთან დაკავშირებით ზოგმა ფეხბურთის სპეციალისტმა ბევრი საკამათო საკითხი წამოაყენოს, თუმცა, ამის მიუხედავად, სავსებით ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ მსოფლიო საკლუბო რეიტინგს სადღეისოდ ”ბარსელონა”, მადრიდის ”რეალი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” უდგანან სათავეში. რაც შეეხება ”ზესტაფონს”, რეიტინგის ყურადღებით გაცნობისას სასიამოვნო აღმოსაჩენია, რომ ქართული გუნდი ისეთ სახელოვან გუნდებზე წინაა ”მოკალათებული”, როგორებიცაა: იტალიური ”პარმა” და ”ფიორენტინა”, ფრანგული ”ოსერი” და ”მონპელიე”, გერმანული ”ვერდერი”, ”ნიურნბერგი” და ”კაიზერსლაუტერნი” , ინგლისური ”ევერტონი”, ”ნიუკასლი” და ”ბოლტონი”, ესპანური ”ლევანტე” და ”ოსასუნა”, უკრაინული ”დნიპრო” და ”კარპატი”, თურქული ”ფენერბახჩე” და სხვა ...
სასიამოვნოა, რომ 400 საუკეთესო კლუბს შორის, ზესტაფონელთა გარდა, კიდევ ორი ქართული კლუბი ფიგურირებს - თბილისის დინამოელები 96-97-ე პოზიციაზე არიან, ხოლო რუსთავის ”მეტალურგი” სადღეისოდ 206-208-ე ადგილზეა.
|