24.01.2007

ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან.

 

”ზესტაფონი”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ჩხეტიანმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი კლუბთან. არადა, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ჩხეტიანს კარიერა უკრაინაში უნდა გაეგრძელებინა. 28 წლის ნახევარმცველისთვის უცხოეთში თამაში უცხო სულაც არ არის - თავის დროზე ის უნგრულ ”დებრეცენ”-ში, ”პეჩ”-ში და უკრაინულ ”ტავრია”-ში თამაშობდა...

- თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ახალი წლიდან კრივოი როგის ”კრივბას”-ში გადავიდოდი. ყველა დეტალი მოგვარებული იყო, მაგრამ ”კრივბასი”-ს მწვრთნელი რომ მოხსნეს, ეს ტრანსფერი აღარ შედგა. ”ზესტაფონ”-მა კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.

- შენმა თანაგუნდელებმა სამ-სამი წლით გაახანგრძლივეს კონტრაქტები, შენ - ერთით. ანუ ისევ ფიქრობ უცხოეთში წასვლაზე ?

- თუ კარგი გუნდი და პირობები იქნა, წავალ. სამი წლის შემდეგ კი 31 წლის ვიქნები და ასეთ ასაკში უცხოეთში წასვლა და თამაში გამიჭირდება. ეს ერთი წელი კი მე ”ზესტაფონ”-ში ვრჩები და ვეცდები, გუნდთან ერთად მაქსიმუმს მივაღწიო.

- ანუ...

- ქუთაისის ”ტორპედო”- სთან ერთად საქართველოს ჩემპიონი უკვე ვიყავი, ახლა ”ზესტაფონი”-ს ჯერია.

- კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევ ?

- ცხრილში ისეთი სიტუაციაა, ჩემპიონობის შანსი ხუთ გუნდს აქვს, თუმცა, კონკურენტები ”ოლიმპი”, ”ამერი” და ალბათ ”დინამო” იქნებიან.

- პირველ წრეში ”ზესტაფონ”-მა მხოლოდ ”ვიტ-ჯორჯია”-სთან წააგო, თუმცა ეს გუნდი ფავორიტებში არ დაგისახელებია...

- ”ვიტ-ჯორჯია” კარგი გუნდია, შანსი მასაც აქვს, მაგრამ დავით დიღმელაშვილის წასვლით სერიოზული ძალა მოაკლდა. პირველ წრეში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ”ოლიმპ”-მა და ”ამერ”-მა დატოვეს. ”დინამო”-ს კი იმიტომ მივიჩნევ კონკურენტად, რომ კარგი მწვრთნელი ჰყავს, დიღმელაშვილიც გადაიყვანეს და კიდევ აპირებენ გაძლიერებას ... ვნახოთ, ყველაფერი მალე გამოჩნდება.

- პირველ წრეში მხოლოდ სამი ბურთი გაუშვით და ისიც ერთ თამაშში. ჩანს, ”ზესტაფონი”-ს ყველაზე ძლიერი რგოლი დაცვაა ...

- ჩვენი დაცვა თავდასხმით იწყება - მეტოქეს ისე უნდა ეთამაშო, რომ შეტევისთვის ვერ მოიცალოს. ვფიქრობ, ”ზესტაფონი”-ს ყველა რგოლი თანაბრად დაბალანსებულია ...

 

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005