29.10.2011

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” VS ”ტორპედო” - დიდი მატჩის მოლოდინი

 

 

 

 

 

 

გუშინ წინა ტურის პერიპეტიებსა თუ გამორჩეულ ფაქტებზე ვსაუბრობდით, დღეს კი უკვე მომდევნო ტურის მატჩების წინათქმა უნდა შემოგთავაზოთ, - "ქართული ბოქსინგ-დეი" გრძელდება! თანაც, მხოლოდ ჩემპიონატის მატჩები რომ იყოს, ამას კიდევ "აიტანდნენ" ჩვენი ფეხბურთელები: 9 დღის განმავლობაში სამ-სამი კალენდარული შეხვედრის ჩატარებაც არ არის პატარა ამბავი და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ძალიან მალე (კონკრეტულად - 2 ნოემბერს) თასის საპასუხო მერვედფინალებიც გველოდება!

 

ეგ კი არა, როგორ გგონიათ, ასეთი გადატვირთული კალენდარი მხოლოდ ფეხბურთელებისათვის არის დამღლელი? ჰო, მწვრთნელებს ვგულისხმობთ, ფეხბურთელებისაგან განსხვავებით, ფიზიკურის გარდა, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ რომ იმყოფებიან. ოღონდ, ყველა მწვრთნელი ერთი და იგივე სიტუაციაში ნამდვილად არ იმყოფება: ზოგს თუ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ხანგრძლივი და "სასურველი ნდობის მანდატი" აქვს, ზოგი, შესაძლოა, პირველივე წარუმატებლობაზე... თანამდებობას დაემშვიდობოს.

თუმცა, რატომ გვიკვირს? როცა ამა თუ იმ კლუბის მეპატრონე თავის გუნდში სოლიდურ ინვესტიციებს განახორციელებს, მოსამზადებლად თუ სათამაშოდ ყველა პირობასაც შეუქმნის, ადეკვატური შედეგიც რატომ არ უნდა მოითხოვოს? საერთოდ კი, ადრეც არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც გავიმეორებთ, რომ სამწვრთნელო ცვლილებებით მიმდინარე სეზონი მართლაც განსაკუთრებულია: ჯერ მხოლოდ 11 ტურია ჩატარებული და ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ და მხოლოდ ხუთი სპეციალისტი (ალექს გარსია, ელგუჯა ქომეთიანი, მალხაზ ჟვანია, ზურაბ ბერიძე, სოსო ფილია) ინარჩუნებს თავის პოსტს...

* * *
მეორე წრის საწყის ტურში ერთი ისეთი მატჩია, დანარჩენ ხუთივე დაპირისპირებას რომ "გადაწონის"! აღარც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ, იმდენი და იმხელა ინტრიგა ახლავს ამ შეხვედრას; "იმერული დერბი", "ორი ფავორიტის დაპირისპირება", "პრინციპულ მეტოქეთა პაექრობა", - "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" მატჩის წინ სხვა (თანაც არაერთი) სათაურის მოფიქრებაც შეიძლებოდა! ალბათ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, ხვალ ზესტაფონის სტადიონზე ანშლაგი რომ იქნება; აი, ისე როგორც ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში, როცა ქუთაისში ჩატარებულ მატჩს 9000-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა!

"ზესტაფონმა" უკანასკნელი ხუთი მატჩი მიჯრით მოიგო და სრულიად დამსახურებულადაც უკავია სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი; ამას გარდა, "ზესტაფონს" ბევრად უფრო შთამბეჭდავი მაჩვენებელი აქვს მეორე ცხრილშიც (ანუ, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ რვა საუკეთესო გუნდი რომ შეადგენს): მოქმედმა ჩემპიონმა პირველ წრეში "ტორპედოსაც" მოუგო და "მეტალურგსაც", ხოლო "დინამოსთან" სტუმრად ფრედ ითამაშა. უშუალო კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებს კი, მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს და "ზესტაფონსაც", ჯერჯერობით აშკარა უპირატესობა აქვს მეტოქეებთან.

"ზესტაფონის" მსგავსად, ჩინებული სერიით შეუძლია თავი მოიწონოს "ტორპედომაც": ზედიზედ ოთხმა გამარჯვებამ ქუთათურთა საყვარელი გუნდის სატურნირო მდგომარეობაც გააუმჯობესა და, რაც მთავარია, ადგილობრივ ქომაგს ოპტიმისტური განწყობა დაუბრუნა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე ექვსი წელიწადი გავიდა იმის მერე, ქუთაისის "ტორპედომ" სეზონი პირველ სამეულში რომ დაასრულა; აღარაფერს ვამბობთ ზედიზედ სამ საჩემპიონო ტიტულზეც (2000-2002 წლები). სამწუხაროდ, მერე და მერე ქუთაისში სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა და იმასაც მოვესწარით, რომ "ტორპედო" სამი წლის განმავლობაში უმაღლესი ლიგის "იქით" ასპარეზობდა და აი, შარშან, ასეთი დიდი ტრადიციის მქონე გუნდი კვლავაც დაუბრუნდა უძლიერესთა რიგებს!

საუკეთესონი: შეტევასა და დაცვაში
პირველი წრის მიხედვით საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდი "ზესტაფონია": 11 მატჩი და 25 გოლი, ვფიქრობთ, მართლაც ჩინებული შედეგია; თანაც, მეტოქეებს ყოველი მატჩის წინ თავსატეხი აქვთ: "ზესტაფონთან" დაპირისპირებისას აღარც იციან, საიდან უნდა ელოდნენ ხიფათს - ჯაბა დვალისგან, ნიკოლოზ გელაშვილისგან თუ რატი წინამძღვრიშვილისგან? თანაც, ეს მხოლოდ ფორვარდები ჩამოვთვალეთ და, ალბათ, შეხსენებაც არ სჭირდება არავის, თუ რამხელა საფრთხეს უქმნიან მეტოქეებს "ზესტაფონის" შუახაზელებიც: შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია. ჰოდა, ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი (ამასთან, ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარი) გუნდი ხვალ ისეთ მეტოქეს დაუპირისპირდება, რომელიც საუკეთესო უკანახაზით გამოირჩევა!

11 მატჩი და საკუთარ კარში გაშვებული 7 ბურთი მართლაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი და გუნდის ერთი-მეორეზე გამოცდილი მცველები უაღრესად საიმედოდ თამაშობენ. თუმცა, ამ ბოლო დროს უკვე წინახაზელებიც "გამოცოცხლდნენ" და დასტურად წინა ტურის შეხვედრაც გამოდგება, როცა "ტორპედომ" დიდი ანგარიშით (4:1) მოუგო "კოლხეთს". ქუთათურ ქომაგებს ის ფაქტიც გაახარებდათ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა გუნდის გამოცდილმა ცენტრფორვარდმა რევაზ გოცირიძემ.

მწვრთნელ(ებ)ის ფაქტორი
ახლა კი ყველაზე მთავარ ინტრიგაზეც, რასაც მწვრთნელ(ებ)ის ფაქტორი ჰქვია და ამ შემთხვევაშიც არაერთი პარალელის გავლება შეიძლება. მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ "ზესტაფონის" ბოლო წლების წარმატებების სულისჩამდგმელი მწვრთნელი გია გეგუჩაძე პირველად უნდა დაუპირისპირდეს თავის ყოფილ გუნდს! ზესტაფონში საკმაოდ მომთხოვნი გულშემატკივრები არიან, მაგრამ, იმედია, მადლიერების გრძნობაც არ დაავიწყდებათ: ამ ქალაქის გუნდის აღზევება ხომ მნიშვნელოვანწილად, სწორედ გია გეგუჩაძის წარმატებული მუშაობით იყო განპირობებული. თუმცა, ეს ხომ ფეხბურთია: დღესდღეობით გეგუჩაძე მეორე იმერულ კლუბს წვრთნის და სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო "ტორპედომ" ზედიზედ ოთხი გამარჯვების მოპოვება.

უფრო უკეთესი სერია აქვს "ზესტაფონს" და ამ შემთხვევაშიც მწვრთნელის ფაქტორი არ უნდა დაგვავიწყდეს: გიორგი ჭიაბრიშვილი ახალგაზრდა სპეციალისტია, წლების განმავლობაში სწორედ გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა "ზესტაფონში" და აი, დამოუკიდებელ ასპარეზზე მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა!

სხვათა შორის, ხვალინდელ მეტოქეთა პირველი წრის მატჩში, "ზესტაფონს" სწორედ გიორგი ჭიაბრიშვილი მოძღვრავდა (ოფიციალური ვერსიით, გეგუჩაძე შეუძლოდ გახლდათ) და სადებიუტო შეხვედრაში თავის გუნდს უპრინციპულეს მეტოქესთან გაამარჯვებინა!

დაბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ტურის ამ ცენტრალური მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ხვალ 18 საათზეა და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.


გია ტუხაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005