26.10.2011

 

 

 

 

 

საშინაო მატჩი ვეტერინარებთან

 

 

 

 

 

 

2011 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა ...

 

დღევანდელ მატჩში ”დავით აბაშიძეზე” დაპირისპირებულ მეტოქეთა შეხვედრები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათს ატარებს და ყოველთვის დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. სულ, დღევანდელ დაპირისპირებამდე, ზესტაფონელებისა და ვეტერინარების საჩემპიონატო ურთიერთშეხვედრათა ისტორია 21 მატჩს ითვლიდა. აქედან 9-ჯერ თბილისელებმა მოიგეს, 8-ჯერ ზესტაფონელებმა, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა (ბურთების სხვაობა 32:31 მარგველთა სასარგებლოდ). შესაბამისად, ”ზესტაფონს”, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის პოზიციის განმტკიცებასთან ერთად, ”ვიტ-ჯორჯიასთან” ”პირადი ანგარიშებიც” ჰქონდა გასასწორებელი. მასპინძელთათვის სასიხარულოდ, ორივე ეს ამოცანა წარმატებით იქნა შესრულებული ...

პირველი ტაიმი ზესტაფონელებმა აქტიურად ჩაატარეს, ტერიტორიულ უპირატესობაც ისინი ფლობდნენ, თუმცა თუ შოთა გრიგალაშვილის სახიფათო შორეულ გასროლასა და ხიფათის შექმნაზე ორიენტირებულ რამდენიმე იერიშს არ ჩავთვლით, ”ზესტაფონს” რეალური საგოლე მომენტის შექმნა გაუჭირდა. მეტიც, ტაიმის მიწურულს შანსი სტუმრებსაც მიეცათ - მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილ სახიფათო სიტუაციას დარტყმით გურამ ადამაძე აგვირგვინებდა, თუმცა გაშვებული გოლისაგან მარგველები გიორგი ონიანის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა...

ზესტაფონელები, როგორც ეს მასპინძლის, ლიდერისა და ფავორიტის სტატუსს შეეფერება, უპირატესობას მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ისევ დაეუფლნენ. პირველი ტაიმისაგან განსხვავება კი იმაში მდგომარეობდა, რომ მარგველები გოლის გატანაზე უფრო მეტად იყვნენ აქცენტირებულნი და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 59-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - შოთა გრიგალაშვილის ბრწყინვალე სოლო-რეიდი საგოლე დარტყმით მოედანზე 3 წუთის შემოსულმა რატი წინამძღვრიშვილმა დააგვირგვინა.

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ იმერლებმა ბედის ძებნა ისევ მეტოქის კართან განაგრძეს და ამისათვის 70-ე წუთზე დაჯილდოვნენ - ზესტაფონელთა სწრაფი იერიში შეტევის მარცხენა ფლანგიდან ალექს ბენაშვილის მიერ საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემითა და ჯაბა დვალის გოლით დასრულდა. მარგველთა მორიგი გამარჯვება ანგარიშით 2-0 და შედეგად, დამსახურებული პირველი ადგილი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა დვალისათვის დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლი ამ სეზონში რიგით 8-ე გახლავთ. შესაბამისად, ზესტაფონელს სწორედ იმდენი გოლი დაუგროვდა, რამდენიც რუსთავის ”მეტალურგის” ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილსა და თბილისის ”დინამოს” ესპანელ ლეგიონერ ჩისკოს. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავას სწორედ ეს ”ტრიო” უდგას სათავეში.

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი):ვიცოდი, რომ რთული თამაში გვექნებოდა. “ვიტ ჯორჯია” ისეთი გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს. გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ვიდრე მეტოქე არ დაიღალა და თავისუფალი სივრცეები არ გამოჩნდა. ძნელია, როდესაც ერთი გუნდი თამაშობს, ხოლო მეორე მთელი გუნდით დაცვაში დგას. გოლის გატანის შემდეგ, ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო”.
ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია):რთული თამაში რომ იქნებოდა, თავიდანვე ვიცოდი. მეორე ნომრად ვითამაშეთ. თუმცა, დაცვაში უხეში შეცდომების დაშვებისა და სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო, 2 გოლი მივიღეთ. მომავალში, თამაშის გამოსწორებას შევეცდებით”.

 

26.10.2011 - ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” 2-0

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კვირას, 30 ოქტომბერს, გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩში მარგველები ქუთაისის ”ტორპედოს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005