24.10.2011

 

 

 

 

 

ჩემპიონის შესაფერისი

 

 

 

 

 

 

ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონმა" ყველა სირთულე დასძლია და ისეთ ფეხბურთს თამაშობს, ჩემპიონს რომ შეეფერება. შეიძლება, ერთ-ერთ აუტსაიდერთან თუნდაც დიდი ანგარიშით გამარჯვება განსაკუთრებული წარმატება არ იყოს, მაგრამ ფეხბურთის ის ხარისხი, რაც შაბათს "მიხეილ მესხზე" გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გვიჩვენა, ნამდვილად იმსახურებს ქებას. "ზესტაფონს" ყველაფერი გამოუვიდა - ითამაშა ლამაზად, სწრაფად, შემტევად, კომბინაციურად და მეტოქეს, რომელსაც სტუმართა შესაჩერებლად ცდა არ დაუკლია, საფეხბურთო მასტერ-კლასი ჩაუტარა, მაყურებელს კი მონატრებული სანახაობა უჩვენა.

 

 

ამ მატჩიდან გასახსენებელი საკმაოდ ბევრია, მაგრამ სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, უმთავრეს ეპიზოდებზე შევჩერდებით.

ანგარიშის გახსნამდე "სპარტაკი" ურიგოდ არ გამოიყურებოდა და პირველი მომენტი სწორედ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა შექმნა - ზვიად მეტრეველის დარტყმა როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. მალე თამაშში "სპარტაკის" მეკარე ლაშა ძაგანიაც ჩაერთო და თავისიანები თორნიკე აფციაურისა და შოთა გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმებისას იხსნა.

უკვე აშკრა იყო, რომ გოლი მწიფდებოდა და ჩემპიონები მალევე დაწინაურდნენ. აფციაურმა მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნიკა გელაშვილი, რომელიც ამგვარ სიტუაციებში იშვიათად იბნევა - 0:1.

37-ე წუთზე "ზესტაფონმა" უპირატესობა განიმტკიცა - ირაკლი ძარიას პასით ჯაბა დვალმა ახლო მანძილიდან ანგარიში ორამდე გაზარდა.
იქვე "სპარტაკი" სხვაობის შემცირებასთან ახლოს იყო. მასპინძელთაგან ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა თეიმურაზ შარაშენიძემ შორიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი მეტრეველს კვასხვაძემ აჯობა.

ამის შემდეგ გელაშვილმა ვერ გამოიყენა კარგი მომენტი, თუმცა გამანადგურებელი ანგარიში შესვენებამდე მაინც დაფიქსირდა. გელაშვილმა ამჯერად ასისტენტობა გასწია და მისი გადაცემით გრიგალაშვილმა საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა.
გულშემატკივარს მოწყენის მიზეზი არც მეორე ნახევარში მისცემია. კიდევ ერთი ეფექტური გოლი ვიხილეთ, ამჯერად უკვე "სპარტაკის" შესრულებით, რომლის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ჩინებული სოლორეიდით ოთხი მეურვე ჩამოიცილა და თავისიანებს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩინა.

ორ წუთში გელაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, სპარტაკელთა იმედებს კი ცივი წყალი 72-ე წუთზე გადაესხა, როცა დავით ლომაიამ საკუთარ საჯარიმოში გიორგი ონიანი წააქცია და დვალმა პენალტით სამბურთიანი სტატუს კვო აღადგინა.

მანამდე "ზესტაფონის" მეკარე შეიცვალა - კვასხვაძემ თითი იტკინა და მის ნაცვლად მოედანზე ზურაბ მამალაძე გავიდა.

ცოცხლად ჩაერთო თამაშში რატი წინამძღვრიშვილი, რომელმაც, მართალია, მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ იხეირა, მაგრამ, სამაგიეროდ, დვალს ჰეთ თრიქის შესრულებაში დაეხმარა. ჯაბას პოკერის გახერხებაც შეეძლო, მაგრამ ძაგანიას, რომელიც, ხუთი ბურთის გაშვების მიუხედავად, სპარტაკელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვეღარ აჯობა.

ბოლოს მამალაძემ მეტრეველს არ მისცა ანგარიშში სხვაობის შემცირების საშუალება და "ზესტაფონმა" შაბათ საღამოს კიდევ ერთხელ გააკეთა საჩემპიონო, ხოლო დვალმა - სანაკრებო განაცხადი.


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005