23.01.2007

მეორე ტესტ-მატჩი აზერბაიჯანელებთან .

 

23 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონი”-მა საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების მეორე ეტაპის ფარგლებში გამართა კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ გუნდთან. ამჯერად ზესტაფონელები დაუპირისპირდნენ მეზობელი ქვეყნის ჩემპიონატის აუტსაიდერს, ქალაქ ქუსარის საფეხბურთო კლუბ ”შახდაგ”-ს .

ზემოიმერლებმა იასპარეზეს შემდეგი შემდგენლობით: ჯალაღონია, თურმანიძე, თოდუა, საჯაია, ჩხეტიანი, ონიანი (ხუმარაშვილი, 69), ჭელიძე, პარამონოვი, გორგიაშვილი (ძარია, 46), ვიეირა, იონანიძე.

პირველივე წუთებიდან მოყოლებული ს.კ. ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელები დაეუფლნენ თამაშის სადავეებს, თუმცა ვერ შეძლეს რამოდენიმე აშკარა საგოლე მომენტის გამოყენება. მე-12-ე წუთზე კი დაისაჯნენ კიდეც - მცველთა უყურადღებობით კარგად ისარგებლა აზერბაიჯანელთა თავდასხმელმა და სტუმრები დააწინაურა. თუმცა 10 წუთში სტატუს-ქვო აღდგენილ იქნა - კუთხურის ნიშნულიდან ბურთის ჩამოწოდების შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ბადეში თავით ედიკ საჯაიამ გადააგზავნა - 1-1.

იმის მიუხედავად, რომ მარგველები მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდნენ უპირატესობას, ანგარიში უცვლელი დარჩა.

ეს საკონტროლო მატჩი გახლდათ სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპის საბოლოო აკორდი. საფეხბურთო .კლუბი ”ზესტაფონი”, ორდღიანი შესვენების შემდეგ, 26 იანვარს მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში მომზადების დასკვნითი, მესამე ეტაპის გასავლელად.

23/01/2007- "ზესტაფონი" - ”შახდაგი” (ქუსარი,აზერბაიჯანი) 1-1

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005