15.10.2011

 

 

 

 

 

ჩემპიონმა თასის მფლობელი დაამარცხა

 

 

 

 

 

 

2011 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს თასის მფლობელ საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” უმასპინძლა ...

 

გასული სეზონი ლაურეატების - ჩემპიონისა და თასის მფლობელის დაპირისპირება, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მშვენიერ მდგომარეობაში მყოფ მინდორზე გაიმართა, ზემოიმერელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დამსახურებული გამარჯვებით - 4-1 დასრულდა ...

მასპინძლებმა თამაშის სადავეები ხელთ პირველივე წუთებიდან იგდეს და უკვე 10-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ალექს ბენაშვილის მიერ სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში ჯაბა დვალმა ოსტატურად გადაგზავნა. გატანილი გოლის შემდეგაც სიტუაციას მინდორზე ზესტაფონელები აკონტროლებდნენ და 25-ე წუთზე თავის უპირატესობა ორამდეც გაზარდეს - საფეხბურთო ქრესტომატიაში შესატანი მარგველთა შეტევა, რომელშიც მონაწილეობა ფაქტიურად ნახევარმა გუნდმა მიიღო, შოთა გრიგალაშვილის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლით და მისივე ზუსტი გასროლით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი თითქოს მშვიდად და უგოლოდ სრულდებოდა, თუმცა მატჩის დასკვნით 10 წუთში გუნდებმა ”საგოლე ფეიერვერკი” მოუწყვეს ”დავით აბაშიძეზე” მყოფ მაყურებლებს: 80-ე წუთზე ზესტაფონელთა კიდევ ერთი ლამაზი იერიში სტუმართა კარის აღებით ნიკოლოზ გელაშვილმა დააგვირგვინა; 84-ე წუთზე გაგრელმა ლევან შარიქაძემ როინ კვასხვაძის კარში პრესტიჟის გოლი გაიტანა; 84-ეზე კი მასპინძლებმა სამბურთიანი ჰანდიკაპი ნიკოლოზ გელაშვილის დუბლის წყალობით აღადგინეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზ გელაშვილი გახდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ფეროელთა მაისურით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული მატჩების საპატიო 100-მატჩიან ზღვარს მიაღწია. დღემდე ასეთი მიღწევით 5 ფეხბურთელი იწონებდა თავს - სადღეისოდ სევასტი თოდუას და ალექს ბენაშვილს (ამ უკანასკნელმა ყოფილი თანაგუნდელის რეკორდი სწორედ დღეს გაიმეორა) ”ზესტაფონის” ღირსება 116-116-ჯერ, გიორგი ხიდეშელს - 114, ზურაბ იონანიძეს - 113, ხოლო ირაკლი ძარიას (მან საიუბილეო მეასე მატჩი ზუგდიდში ადგილობრივი ”ბაიასთან” 2 ოქტომბერს ჩაატარა) - 101 შეხვედრაში დაუცავთ.

 

15.10.2011 - ”ზესტაფონი” - ”გაგრა” 4-1

დაწვრილებით:

 

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 ოქტომბერს გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში ზემოიმერლები ცხინვალის ”სპარტაკს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005