15.10.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან

ნაკრებში ადაპტაცია ბოლომდე ჯერ არ გამივლია

 

 

 

 

 

საქართველო-საბერძნეთის მატჩის 18-კაციან განაცხადში ქართულ კლუბებში მოთამაშე მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა - "ზესტაფონის" წევრები შოთა გრიგალაშვილი და როინ კვასხვაძე. მათგან მხოლოდ გრიგალაშვილმა ითამაშა და ამ მატჩსა და სხვა თემებზე სწორედ მას ვესაუბრეთ.

- საბერძნეთთან მარცხი ლოგიკურად მიგაჩნია?
- ვაღიაროთ, რომ საბერძნეთს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავს, მაგრამ ამ კონკრეტულ მატჩში ბევრით ვერაფრით გვაჯობეს. სანამ მოედანზე ათნი დავრჩებოდით, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მერე კი თამაშის სადავეები დავთმეთ და შესარჩევი ციკლი ასეთი დასანანი მარცხით დავასრულეთ. ფაქტია, რომ მეტოქე ჩვენზე უფრო იღბალიანი იყო.

- როგორ ფიქრობ, საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა?
- ჩემი აზრით, ხორვატია უკეთესი გუნდია. მისი დამარცხება კი შევძელით, მაგრამ ეს გაცილებით ძნელი გასაკეთებელი იყო, ვიდრე საბერძნეთთან გამარჯვება.

- მეორე ტაიმის დასაწყისში მწვრთნელის გადაწყვეტილებით შეგცვალეს თუ ტრავმა მიიღე?
- არა, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, კანკავა და მჭედლიძე კი ტრავმების გამო შეიცვალნენ.

- საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა. ალბათ, დამეთანხმები, რომ ეს ცუდი შედეგია.
- მხოლოდ მალტას გავასწარით, რაც საამაყო ნამდვილად არ არის. უკეთესი შედეგისთვის ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება. ერთადერთი, რაც დადებითი იყო, ისაა, რომ გასული წელი საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად განვლო, თუმცა მე ამაში წვლილი საერთოდ არ მიმიძღვის.

- საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ქეცბაიამ რა გითხრათ?
- განსაკუთრებული არაფერი, გულდაწყვეტილი იყო, მადლობა გადაგვიხადა და მომავალ შეკრებამდე დაგვემშვიდობა. ქეცბაია ემოციური შესვენებასა და თამაშის დროსაა, მაშინ კი, როცა აღარაფრის შეცვლა შეუძლია, ამა თუ იმ ნიუანსს მშვიდად გვიხსნის.

- ელოდი თუ არა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას?
- თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ 18-კაციან განაცხადში შემიყვანდნენ, სასტარტოში მოხვედრის იმედიც მქონდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რას გადაწყვეტდა სამწვრთნელო შტაბი.
.
- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?
- საშუალოდ. უმეტესად, დაცვითი ფუნქციების შესრულება მიწევდა. ბევრი ვიბრძოლე და თავი არ დამიზოგავს, მაგრამ ეს ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

- აქვს თუ არა საქართველოს ნაკრებს თუნდაც იმის პოტენციალი, რომ ცხრილში შუა ადგილები მაინც დაიკავოს?
- ვფიქრობ, რომ აქვს. აუტსაიდერის დონეზე ყოფნა არ გვეკადრება და ეს შემდეგ შესარჩევში აუცილებლად უნდა დავამტკიცოთ.

- ეროვნულ ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი. იყო თუ არა ლოგიკური ამხელა შესვენება და როდის უფრო იყავი მზად სანაკრებოდ, მაშინ თუ ახლა?
- როდის ვიმსახურებ ნაკრებში თამაშს, ეს მწვრთნელმა, მედიამ და გულშემატკივრებმა უნდა განსაჯონ, პაუზა კი აბსოლუტურად ლოგიკური იყო. საფეხბურთო კარიერაში ხანგრძლივი ჩავარდნა მქონდა, რომელიც, ვაღიარებ, მხოლოდ ტრავმებით არ იყო გამოწვეული. ადრე ფეხბურთში სულს და გულს არ ვდებდი, თუმცა, საბედნიეროდ, გონს დროულად მოვეგე და დღეს საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდები. კიდევ კარგი, კარიერა დროულად გადავარჩინე. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ძალიან დიდი პერიოდიც არ გამიფლანგავს. ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს.

- როგორი განწყობით დაბრუნდი "ზესტაფონში"?
- ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სტუმრად ვიყავი და შინ დავბრუნდი. ნაკრებში ადაპტაცია ბოლომდე ჯერ არ გამივლია, "ზესტაფონი" კი ჩემთვის ნამდვილი ოჯახია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ.

- "ზესტაფონი" დღეს ძველებურად ძლიერია?
- ყველაფერი რიგზე გვაქვს და მალე უფრო გავძლიერდებით. გიორგი ჭიაბრიშვილთან ბიჭებს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ყველამ ვიცით საკუთარი უფლება-მოვალეობები და დისტანცია შენარჩუნებულია. გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" ახალ სიმაღლეზე ავა.

- საზღვარგარეთ ჯერ არ გითამაშია და წარმოუდგენელია, ამაზე არ ფიქრობდე.
- ჩემთვის უცხოეთში წასვლა იდეა-ფიქსი არ არის. "ზესტაფონთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და არსად მეჩქარება, უცხოეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებ, თუ კლუბისა და ქვეყნის დონე ჩემთვის მისაღები იქნება.


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005