დუბლიორთა ტურნირის მერვე ტური
2011 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ზუგდიდის ”ბაიას” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, მნათობიშვილი (რობაქიძე, 46), გაგოშიძე, ლურსმანაშვილი (საცერაძე, 78), გაჩეჩილაძე, ფოცხვერაშვილი (ანთია, 34), კიკნაველიძე, ჭანკოტაძე (გეგენავა, 77), შარვაძე (ეგუტიძე, 81), ღირდალაძე.
”ბაიასა” და ”ზესტაფონისა” დუბლიორთა დღევანდელ შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ბაზის ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. მატჩის სადებიუტო ნაწილი გუნდებმა ორმხრივ იერიშებში ჩაატარეს და ანგარიშის გახსნაც ორივემ მხარეს შეეძლო... ასეთი სცენარით მიმდინარე შეხვედრაში იღბალმა მოწყალების თვალით მასპინძლებს გადმოხედა - 31-ე და 33-ე წუთებზე მათ ორჯერ მოახერხეს ტურნირის ლიდერის კარის აღება. გატანილი გოლები აკაკი ფარჯიკიასა და ავთო ენდელაძის ანგარიშზეა. ზესტაფონელებს მალევე ანგარიშში ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება მართებდათ, მაგრამ ზურა ღირდალაძის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუგდიდელთა გოლკიპერმა არჩილ მაქაცარიამ მოიგერია.
მეორე ტაიმში სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს ”ბაიას” და მის კართან რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტიც შექმნეს - ზოგ ეპიზოდში ზესტაფონელთა შემტევები სცოდავდნენ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში, ზოგ ეპიზოდში კი მასპინძელთა მეკარე თამაშობდა საიმედოდ. შედეგად, სტუმრებმა ანგარიში დასველება ვერ მოახერხეს. მეტიც, 67-ე წუთზე, შეტევაში გართულ სტუმრებს მასპინძელთა მწვავე კონტრიერიში გამოეპარათ და ლაშა კუკავამ დღევანდელი მეგრულ-იმერული ”რანდევუს” საბოლოო ანგარიში - 3-0 დააფიქსირა.
მარცხის მიუხედავად, ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|