02.10.2011

 

 

 

 

ზუგდიდური ”თრილერი”

 

 

 

 

 

 

2011 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები - ადგილობრივი ”ბაია” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

 

 

ზუგდიდური მატჩის სადებიუტო ნაწილი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე ეპიზოდში იმერლებმა სახიფათოდ შეუტიეს კიდეც მასპინძელთა კარს. ამის მიუხედავად, ანგარიში ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა გახსნეს - მიმდინარეობდა შეხვედრის 18-ე წუთზე, როდესაც სტუმართა დაცვის ხაზის უყურადღებობით კარგად ისარგებლა ირაკლი ქობალიამ, რომელიც როინ კვასხვაძესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ზესტაფონელთა კარის ბადეში გადაგზავნა - 1-0. ზესტაფონელებმა გასათანაბრებლად გაიწიეს და რამდენიმე ეპიზოდში მათი ფორვარდები აღმოჩნდნენ კიდეც მეგრელთა კართან სახიფათო სიახლოვეს, თუმცა გათანაბრება მათ ხან ზუგდიდელმა მცველებმა, ხანაც მეკარე გოგიტა სომხიშვილმა არ დააცადეს...

 

პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის რამდენიმედღიანი წვიმის შემდეგ ”არასაფეხბურთო კონდიციებში” მყოფ მინდორზე შემოქმედებითი ფეხბურთის დემონსტრირება ძალიან ჭირდა. მატჩისათვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურებოდა და სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ ამოქმედდა ძველი კანონი, რომლის თანახმადაც გამართლებაც ძლიერის ხვედრია:

81-ე წუთზე აზრიანად გამოყენებული სტანდარტული მდგომარეობა გოლად შეცვლაზე შესულმა რატი წინამძღვრიშვილმა აქცია და ანგარიში საყაიმო გახადა. გოლის გატანის უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ანგარიშის გათანაბრებით ფრთაშესხმულმა მარგველებმა მოსაგებად გაიწიეს და კიდევ ერთი სტანდარტისა და შეცვლაზე შემოსული კიდევ ერთი ფეხბურთელის წყალობით ეს გამარჯვება მატჩის არბიტრ თორნიკე გვანცელაძის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მოიპოვეს - მასპინძელთა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ საგოლე გასროლა თეიმურაზ ღონღაძემ შეასრულა - ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ანგარიშით 2-1 .

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ძარია დღეს გახდა მეხუთე ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო ”100-მატჩიანი ზღვარი” გადალახა.

 

02.10.2011. ”ბაია” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 1-2

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 15 ოქტომბერს მშობლიურ ”დავით აბაშიძეზე” გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში მარგველთა მეტოქე დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” იქნება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005