30.09.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

ნამდვილ "ზესტაფონს" გაზაფხულზე ვნახავთ

 

 

 

 

მიმდინარე სეზონში "ზესტაფონმა" უსიამოვნებებიც გადაიტანა და კარგი დღეებიც ნახა, მთლიანობაში კი, ბევრი ცვლილების მიუხედავად, კლუბში სამუშაო ვითარებაა და საქართველოს ჩემპიონები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ.

ფეროელებმა ბოლო ორი მატჩი მოიგეს - ჩემპიონატში რუსთავის "მეტალურგს" სძლიეს, თასზე კი - ფოთის "კოლხეთს". "ზესტაფონის" თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი ტურის მწვრთნელად დავასახელეთ. ასეც რომ არ ყოფილიყო, მასთან სალაპარაკო თემები ისედაც დაგროვდა.


- სეზონის სტარტმა უკვე განვლო. როგორი გამოდგა ეს პერიოდი "ზესტაფონისთვის" და როგორია გუნდის ამჟამინდელი კონდიციები?
- იდეალურ მდგომარეობაში რომ არ ვართ, ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს, თუმცა მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. სეზონის სტარტი ჩვენთვის საკმაოდ რთული გამოდგა, მაგრამ ზოგიერთ შეხვედრაში ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდით, ახლა მთავარია, სტაბილურობას მივაღწიოთ და ხარვეზები დროულად აღმოვფხვრათ.

- გვერდს ვერ ავუვლით გორის "დილასთან" სენსაციურ 0:4-ს. რა იყო ამ მწარე მარცხის მიზეზი?
- როგორც ჩანს, ასეთი სხვაობით ლოგიკურად დავმარცხდით. ეს ნაწილობრივ მეტოქის შეუფასებლობის, ნაწილობრივ კი გადაღლილობის ბრალი იყო. შედეგი ჩვენთვის იმდენად მიუღებელია, რომ მიზეზების ძებნა არც გვიღირს, ფაქტია, რომ რაც მოხდა, ლოგიკურად მოხდა. ვისარგებლებ შემთხვევით და აღფრთოვანებასა და პატივისცემას გამოვხატავ "დილასა" და განსაკუთრებით მისი მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის მიმართ. ამ კაცმა ძალიან სიმპათიური გუნდი შეკრა, რომელიც შედეგიანადაც თამაშობს და გულშემატკივარს ნამდვილი ქართული, შემტევი ფეხბურთით ახარებს.

- ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთი კი, ალბათ, რუსთავის "მეტალურგთან" ითამაშეთ.
- დიახ, ეს მატჩი ამ სეზონში ჩვენთვის ჯერჯერობით საუკეთესო იყო. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორე კი ვერაფერს უპირისპირებს. საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დამაჯერებლად ვაჯობეთ და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია შევძელით.

- უკვე შეხვდით ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ "დინამოსაც".
- საინტერესო მატჩი გამოვიდა, მაგრამ საევროთასო შეხვედრებით ორივე გუნდი გადაქანცული იყო და მაინცდამაინც მაღალი დონის ფეხბურთი არ ყოფილა. არაოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშეთ და ამის კვალობაზე ნორმალურ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ როცა გამარჯვებას მატჩის ბოლო წამებზე უშვებ ხელიდან, ყოველთვის გულდასაწყვეტია.

- ვიცით, რომ "ზესტაფონის" მთავარი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნებაა, თუმცა, ალბათ, არც თასისთვის ბრძოლაზე იტყვით უარს.
- რა თქმა უნდა. თასიც საკმაოდ პრესტიჟულია და ამ ტურნირზეც სრული მობილიზებით ვითამაშებთ.

- რამდენად დამაკმაყოფილებელია თქვენთვის პირველ მერვედფინალურ მატჩში ფოთის "კოლხეთთან" შინ მიღწეული 2:1?
- ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ მჯერა, ფოთშიც დადებით შედეგს მივაღწევთ. დასანანი ის არის, რომ "კოლხეთთან" ორბურთიანი უპირატესობით დამაჯერებლად ვიგებდით, მეორე ტაიმში კი "ზესტაფონი" მოდუნდა და საკმაოდ სიმპათიურ მოწინააღმდეგეს ერთი ბურთის გაქვითვის საშუალება მისცა.

- ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბში - გიორგი ყიფიანი დაგემატათ, გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე კი "ტორპედოში" წავიდნენ.
- გულით მინდოდა, მათ ჩემთან ერთად განეგრძოთ მუშაობა, მაგრამ სხვაგვარად გადაწყვიტეს და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გიორგი ყიფიანი კომპეტენტური სპეციალისტია, იზიარებს ჩემს საფეხბურთო იდეებს და მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს დაემატნენ ასევე დემურ გიორგობიანი, რომელიც, ამავდროულად, ბავშვთა აკადემიის კურატორიც იქნება, და მეკარეთა მწვრთნელი ოთარ ბოჭორიშვილი. ისინიც საკუთარი საქმის პროფესიონალები და სამწვრთნელო შტაბის სრულუფლებიანი წევრები არიან.

- სავარაუდოდ, როდის შევა "ზესტაფონი" ოპტიმალურ ფორმაში?
- შევეცდებით, პროგრესი სეზონის პირველ ნახევარშივე შეგვეტყოს, გუნდის ნამდვილი სახე კი ზამთრის შეკრებისას ჩამოყალიბდება. ჩვენი გათვლით, ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე "ზესტაფონი" საუკეთესი თვისებების გამოვლენას შეძლებს.

- ალბათ, შემადგენლობაში ცვლილებებიც არ უნდა გამოვრიცხოთ.
- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და გარკვეული სიახლეები ყოველთვის საჭიროა. ზამთრამდე ამ შემადგენლობას კარგად დავაკვირდებით და საბოლოოდ ჩამოგვიყალიბდება აზრი იმის შესახებ, რომელ პოზიციებზე გვესაჭიროება კვალიფიციური ფეხბურთელების დამატება და ვისთან მოგვიწევს დამშვიდობება.

მოკლედ, ცვლილებები აუცილებლად იქნება, მანამდე კი თავის გამოჩენის შანსს ყველა ფეხბურთელს მივცემ და მათ მოედანზე უნდა დაამტკიცონ, რომ "ზესტაფონში" თამაშს იმსახურებენ.

- კონკრეტულად რომელიმე რგოლის თამაშით ხართ უკმაყოფილო?
- ყველაზე დიდი პრეტენზია დაცვის ხაზის მიმართ მაქვს. ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია. ზამთარში სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს გიორგი ხიდეშელი, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა, ნელ-ნელა ფორმაში შედის ედიკ საჯაიაც, რომლის გამოცდილებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- მიმდინარე ჩემპიონატი რამდენად საინტერესოდ მიმდინარეობს?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დაძაბული ჩემპიონატი დიდი ხანია, არ გქვონია. უმაღლეს ლიგაში ერთი ხელწამოსაკრავი გუნდიც კი არ თამაშობს და თითოეული ქულის მოპოვებას დიდი ოფლისღვრა სჭირდება. მოკლედ, ძალიან საინტერესო და დაძაბულ სეზონს ველოდები, რომელიც, იმედი მაქვს, "ზესტაფონის" გამარჯვებით დასრულდება.


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005