ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან
ნიკოლოზ გელაშვილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" 2008 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ მუდამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მოახდინა თუ არა გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლამ გავლენა "ბრიუგესთან" მატჩზე და როდის წავა გუნდიდან თავად გელაშვილი - "ლელო" ნიკოლოზ გელაშვილს ესაუბრა.
- გია გეგუჩაძემ "ზესტაფონი" "ბრიუგესთან" მატჩის წინ დატოვა. იქონია ამან გავლენა შედეგზე?
- ვერ ვიტყვი, რომ იქონია. პირველი თამაში 3:3 დავასრულეთ, ასე რომ, უშუალოდ შედეგზე ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მცირე ფსიქოლოგიური მომენტი ნამდვილად იყო, მაგრამ არც ისეთი, გარდატეხა რომ შეეტანა თამაშში.
- "ბრიუგესთან" მსაჯთა გადაწყვეტილებები საკამათო იყო
- პირველი მატჩისას ამან მართლაც იმოქმედა, მაგრამ მეორე შეხვედრაში გვაჯობეს... თბილისში პირველივე წუთებზე ისეთი გოლი ჩათვალეს ჩვენს კარში... გასვლაზეც იგივე მოხდა, მაგრამ გამოვარდნას მსაჯს ვერ დავაბრალებთ. მოგვიგეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
- ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრები ტრავმებით ჩაატარე. ზედმეტად ხომ არ გარისკე?
- ტრავმები ნამდვილად მქონდა, მაგრამ გარისკვით არ გამირისკავს. ექიმები ამის შესახებ გამაფრთხილებდნენ და თამაშის უფლებას არ მომცემდნენ.
- ჩემპიონატი არასტაბილურად დაიწყეთ: ქულა "კოლხეთთან", "დინამოსთან", შემდეგ გამანადგურებელი მარცხი "დილასთან"... გუნდი გადაიღალა?
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც არის. უფრო ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი პერიოდი, დიდი ხანია, ვვარჯიშობთ. "მეტალურგს" მოვუგეთ, მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. "დილასთან" წაგება კი უფრო შემთხვევითობა იყო.
- რა შეიცვალა გუნდში გია ჭიაბრიშვილის მოსვლის შემდეგ?
- რომ გითხრათ, რაიმე ძირეულად შეიცვალა-მეთქი, ასე არ არის. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. ესაა და ეს.
- "ზესტაფონის" ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი ხარ, შესაბამისად, სატრანსფერო თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო...
- ჩემამდე ინფორმაცია არ მოდის, რომელი გუნდია ჩემით დაინტერესებული. მოლაპარაკებას უშუალოდ კლუბთან აწარმოებენ. როგორც ილია კოკაია შემპირდა, თუ სათანადო გუნდი გამოჩნდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამიშვებს. შემოთავაზება რეალური უნდა იყოს.
- ჩემი ინფორმაციით, ყაზანის "რუბინი" მზადაა, შენს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. თუ იცი, რა აფერხებს ამას?
- "რუბინზე" ვერაფერს გეტყვით, უკვე გითხარით, რომ ტრანსფერებზე უშუალოდ კლუბის პრეზიდენტთან მიდის ინფორმაცია. რომც ვიცოდე, რა აზრი აქვს? "ზესტაფონთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერჯერობით ამ გუნდის ფეხბურთელი ვარ.
- ესპანეთში შეკრებისას ინციდენტი მოხდა - შენ და გიორგი ხიდეშელი იქიდან დაგითხოვეს. კულუარებში ამბობდნენ, რომ ეს ჩაშლილ ტრანსფერებს უკავშირდებოდა, ისიც ითქვა, რომ შენ და ხიდეშელმა იჩხუბეთ
- ტრანსფერებთან ამას კავშირი არ ჰქონია, გუნდის შიდა განაწესი დავარღვიეთ. ხიდეშელთან კი არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია. დისციპლინის დარღვევის გამო გამოგვიშვეს.
- ბოლო წლებია, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ხარ, თუმცა საამისო ყოველგვარი ჯილდო გაუქმდა. გწყინს, რომ ასეა?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი პრიზები უნდა იყოს. ნებისმიერ ქვეყანაში დაწესებულია ჯილდოები საუკეთესო ფეხბურთელისთვის, თავდამსხმელისთვის და ასე შემდეგ. სამი წლის წინ ერთადერთხელ მივიღე ასეთი პრიზი, შემდეგ კი გააუქმეს, არადა, ამით ხომ ისტორია იწერება!
ფეხბურთელებს გარჯა, სიამაყე და სტიმული არ უნდა დაუკარგონ - წლეულს თუ მე გავხდი საუკეთესო, მომავალ წელს სხვა გახდება. გული მწყდება. ეს ყველაფერი აუცილებელია. ვიღაცამ ხომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში საუკეთესო გახდა ესა და ეს ფეხბურთელი? მით უმეტეს, "ზესტაფონმა" წლეულს ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენი გუნდიდან ბევრი იმსახურებდა ჯილდოს.
- ჩემპიონატშიც და ევროსარბიელზეც საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშე, თუმცა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში აღარ გამოგიძახა. შენი წარუმატებელი სანაკრებო თამაში იმის ბრალიც ხომ არ არის, რომ შენს პოზიციაზე არ თამაშობდი?
- ჩემს პოზიციაზე მართლაც არ მითამაშია, იქ, სადაც "ზესტაფონში" ვთამაშობ, მაგრამ ნაკრებს როცა და სადაც დასჭირდება და რასაც მწვრთნელი გეტყვის, იქ უნდა ითამაშო. გული მწყდება, რომ ვერ გავამართლე იმ პოზიციაზე, სადაც მათამაშეს. გამოუძახებლობაზეც მწყდება გული. ყველა ფეხბურთელის მიზანი ისაა, ეროვნულ გუნდში ითამაშოს.
|