2011 წლის 28 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველი მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913-ს” უმასპინძლა.
იმერულ-კოლხური სათასო დაპირისპირების პირველი შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი მასპინძელთა საგრძნობი სათამაშო უპირატესობის წარიმართა და ჯაბა დვალის დუბლის წყალობით მარგველებმა საკმაოდ კომფორტული ფორა შეიქმნეს კიდეც - 18-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ალექს ბენაშვილის მიერ გაკეთებული გამოზომილი გადაცემის შემდეგ ზესტაფონელთა გოლეადორმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. ხოლო 41-ე წუთზე ასისტენტობა ჯაბას უკვე რატი წინამძღვრიშვილმა გაუწია, რომელმაც, თავის მხრივ, მანამდე ბრწყინვალე სოლო-რეიდით გამოიჩინა თავი.
პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლებს ”კოლხეთის” ფეხბურთელთა რამდენიმე სახიფათო კონტრიერიში გაეპარათ, რომელთაგანაც ერთ-ერთმა კოლხებს, მანუჩარ წიქარიშვილის მიერ მატჩის 51-ე წუთზე გატანილ გოლთან ერთად, ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის სათავისოდ შემოტრიალების იმედიც ჩაუსახათ. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 2-1 და ამ წყვილიდან ეროვნული თასის მეოთხედფინალისტის ვინაობას 2 ნოემბერს ფოთში გასამართი განმეორებითი მატჩი გამოავლენს.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზუგდიდში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” წინააღმდეგ 2 ოქტომბერს გამართავს.