მოქმედმა ჩემპიონმა ექს-ჩემპიონს მოუგო
2011 წლის 25 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. უპრინციპულესი ხასიათის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა უმასპინძლა ქვეყნის 2010 წლის ჩემპიონ რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” ...
ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორი გამარჯვებული კლუბის დაპირისპირებამ ზესტაფონში დიდი ინტერესი გამოიწვია. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, რომლის მინდვრის საფარმაც მატჩზე დამსწრე სპეციალისტთა მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ზემოიმერელთა და ქვემოქართლელთა მრავალმა ქომაგმა მოიყარა თავი და მოლოდინი თავად შეხვედრამაც გაამართლა ...
პირველივე წუთებიდან თამაშის სადავეები ხელთ მასპინძლებმა იგდეს - ნიკოლოზ გელაშვილს ანგარიშის გახსნა მატჩის პირველსავე წუთზე მართებდა, თუმცა მისი დარტყმა ოდნავ უზუსტო აღმოჩნდა. ზესტაფონელები კიდევ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოხერხდა - 43-ე წუთზე, რუსთაველი ალექსანდრე კვახაძის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დანიშნული პენალტი გოლად ნიკოლოზ გელაშვილმა აქცია. შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი ანგარიში უკვე 2-0 გახლდათ - მარგველთა კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ბურთი ლაშა ჯაფარიძეს აართვა და ის, სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან, პირველი გოლის ავტორს სწრაფად გადააწოდა. ნიკოლოზ გელაშვილმა ამ გადაცემით მშვენივრად ისარგებლა და არანაკლებ ოსტატურად რუსთაველთა მეკარე გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ ჯაბა დვალი დატოვა - ამ უკანასკნელმა ბურთი სტუმართა კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეტევაში თავის შანსს სტუმრებიც ეძებდნენ და ზესტაფონელთა გოლებს შორის ბურთის გატანის დიდებული შესაძლებლობა რუსთაველებსაც მიეცათ - ქვემოქართლელი დიმიტრი ტატანაშვილის სახიფათო გარღვევასა და როინ კვასხვაძის კარის მიმართულებით სახიფათო პოზიციიდან დარტყმას სიზუსტე დააკლდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა მასპინძელთა უპირატესობა მაინც იგრძნობოდა. საბოლოოდ, თავის გამოჩენის შესაძლებლობები როგორც მასპინძლებს, ასევე სტუმრებს მიეცათ, თუმცა მატჩის პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა. ზესტაფონელებმა საქმე კანონზომიერ გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს - 2-0.
|
25.09.2011 - ”ზესტაფონი” - ”მეტალურგი” (რუსთავი) 2-0 |
დაწვრილებით:
|
შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 28 სექტემბერს ისევ შინ გამართავს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ მატჩში ზემოიმერლები ფოთის ”კოლხეთი-1913”-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
|