24.09.2011

 

 

 

 

ბოლო ორი ჩემპიონის პაექრობა

VII ტურის წინათქმა

 

 

 

 

 

პირველად ამ სეზონში, "ერთდღიანი" ტური გველოდება - ექვსივე მატჩი ხვალ უნდა ჩატარდეს. თუმცა, დრო სხვადასხვაა - ოთხი შეხვედრა 16 საათზე დაიწყება, აი, იმერეთში დანიშნული ორი დაპირისპირება კი ორი საათით გვიან.

ერთის მხრივ, უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ზესტაფონელი და ქუთაისელი ქომაგები თავიანთი საყვარელი გუნდების საშინაო მატჩებს პროჟექტორების შუქზე უცქერენ; სამწუხაროდ, ამ ორი არენის გარდა საქართველოში კიდევ მხოლოდ ორი სტადიონია, სადაც ფეხბურთის თამაში ხელოვნური განათების ქვეშ არის შესაძლებელი ("ეროვნული" და "მიხეილ მესხი").

 

საერთოდაც, სტადიონების თემა მხოლოდ ამ ტურში კი, ალბათ, მთელი სეზონის განმავლობაში აქტუალურზე-აქტუალური იქნება: აი, ახლაც გარკვეული პრობლემა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ სად უმასპინძლებდა თბილისის "დინამო" მარტვილის "მერანს". მოგეხსენებათ, რომ ეროვნულ სტადიონზე სერიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, "მიხეილ მესხზე" უკვე მეორე ტურია "სპარტაკი" ატარებს საშინაო შეხვედრებს, "მერანზე" და "შატილზე", ალბათ, თვითონ "დინამომ" არ ისურვა თამაში და საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი უმაღლესი ლიგის დებიუტანტს საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე ("ბასა") უმასპინძლებს. თუმცა, ეგ არაფერი - დინამოელებს ამ სეზონში "ბასაზე" უკვე ჩაუტარებიათ ოფიციალური მატჩი, როცა პირველ ტურში ცხინვალის "სპარტაკს" 2:1 მოუგეს. ახლა კი ხვალინდელ მატჩებზეც ვისაუბროთ...

 

ზესტაფონი-მეტალურგი


ტურის ცენტრალური მატჩი კი ზესტაფონში ჩატარდება და საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონის პაექრობისთვის თვალის მიდევნება საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირი ეთერითაც იქნება შესაძლებელი.

ყველაზე დიდ ინტერესს, რაღა თქმა უნდა, ის ფაქტი იწვევს, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს "ზესტაფონი" 21 სექტემბრის კოშმარის დავიწყებას: რაც ეს იმერული კლუბი არსებობს, ამ დღემდე მხოლოდ ორჯერ ჰქონდა საშინაო მატჩი 0:4 წაგებული (2005 წელს - "ვიტ ჯორჯიასთან", 2009 წელს - "დინამოსთან") და აი, მესამე სასტიკი მარცხი! ვნახოთ, რამდენად მალე მოახერხებენ იმერული გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელები გიორგი ჭიაბრიშვილი და გიორგი ყიფიანი ამ ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევას.

მით უფრო, რომ "ზესტაფონის" ხვალინდელი მეტოქე ამ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში იმყოფება - კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგმა" ზედიზედ ორი გამარჯვებით ლიდერთა სამეულშიც შეაღწია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნა ყველას, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც უნდა მივიჩნიოთ. სხვათა შორის, 6 ტურის შემდეგ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე ცოტა გოლი (2) სწორედ "მეტალურგს" აქვს გაშვებული, აი "ზესტაფონზე" უარესი მაჩვენებელი კი მხოლოდ ბოლო ადგილზე მყოფ "სიონს" აქვს...


გია ტუხაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

   
FC ZESTAFONI © 2005