17.09.2011

 

 

 

 

ჩემპიონი სტუმრად ”თამაზ სტეფანიაზე”

 

 

 

 

 

 

2011 წლის 17 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”სიონმა” საქართველოს 2011 წლის ჩემპიონს - საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა...

 

 

"საგრძნობი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მატჩის ფავორიტმა ”ზესტაფონმა” ანგარიშის გახსნა მხოლოდ მე-2 ტაიმში შეძლო. სტუმართა მიერ ჩაწოდებული მორიგი კუთხურისას, ”სიონის” კაპიტანმა დავით სვანიძემ, ზოგიერთ კალათბურთელს რომ შეშურდებოდა, ისე ჩამოხსნა მაღალი ბურთი ხელით.

 

ამ დროს მას ერთი გაფრთხილება მიღებული ჰქონდა და არბიტრმა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ ”გაყვითლების” შემდეგ, წითელი ბარათიც უჩვენა. პენალტი, რომელიც ამ დარღვევისთვის დაინიშნა მასპინძელთა კარში, რატი წინამძღვრიშვილმა აქცია გოლად, თუმცა, იმდენხანს აპროტესტა არბიტრთან 11-მეტრიანის ნიშნულთან აღმოჩენილი საკმაოდ ღრმა ორმოს არსებობა, გაფრთხილება მანაც მიიღო.


მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, უმაღლეს ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა საბა ლომიამ. კახა ალადაშვილმა გრძელი გადაცემით მარცხენა ფლანგზე მიხეილ სარდალიშვილი მოძებნა, რომელმაც ბოლნისელთა კარის შორეულ ძელთან ლომიას მისამართით გააკეთა პასი. ”სიონის” კიპერმა საბას თავურს ვერაფერი მოუხერხა - 0:2.


ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ”ზესტაფონი” ბოლო წუთზე ”მოეშვა”. ამით ჩემპიონატის საწყის ეტაპზე აუტსაიდერობისათვის განწირულმა ქვემოქართლელებმა ისარგებლეს და ბოლო წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს. თავი ადგილობრივი სკოლის აღზრდილმა ლევან ჩხეტიანმა გამოიჩინა - 1:2". (www.worldsport.ge)

 

17.09.2011. ”სიონი” (ბოლნისი) - ”ზესტაფონი” 1-2

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 21 სექტემბერს შინ გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის გადაგებულ მატჩში მარგველთა მეტოქე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გორის საფეხბურთო კლუბი ”დილა” იქნება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005