ამხანაგური მატჩი მეზობლებთან ...
2007 წლის 20 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა საქართველოს მეთვრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების ფარგლებში გამართა ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის ქალაქ ზაქათალას საფეხბურთო კლუბ ”სიმურგ”-თან.
”სიმურგი” გახლავთ აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, გუნდს წვრთნის ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი რომან პოკორა. მთავარი მწვრთნელის გარდა ”სიმურგ”-ში ირიცხება რამოდენიმე უკრაინელი ლეგიონერი, მათ შორის დონეცკის ”შახტარი”-სა და იაროსლავლის ”შინიკი”-ს ყოფილი ფეხბურთელი, უკრაინის 4-გზის ჩემპიონი მიხაილ სტაროსტიაკი, რომელსაც 17-ჯერ უასპარეზია უკრაინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
ზესტაფონელთა შემადგენლობა გამოიყურებოდა შემდეგნაირად : ჭანტურია,თოდუა, სანტოსი, საჯაია, ჩხეტიანი,ონიანი, ჭელიძე, თურმანიძე (გოცირიძე, 70), პარამონოვი (ნოზაძე, 52), ვიეირა, იონანიძე.
პირველი ტაიმი წარიმართა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით და დასრულდა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 1-0. მიმდინარეობდა მატჩის 25-ე წუთი, როდესაც იმერელთა გოლეადორი და ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ იონანიძე დარჩა მეკარესთან პირისპირ და ოსტატური დარტყმით ბურთი აზერბაიჯანელთა გოლკიპერს თავზე გადაუგდო. პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში ზესტაფონელებს კვლავაც შეეძლოთ სტუმართა დამწუხრება, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. 52 წუთზე საპასუხო გოლი შორეული დარტყმის შემდეგ სტუმართა უკრაინელმა ლეგიონერმა ვიაჩესლავ მაზიარმა გაიტანა- ბურთი მეკარე ჭანტურიას კარის ძელს მოხვა, ძელიდან ასხლეტილი კი ქართველთა კარის ბადეში აღმოჩნდა.
ამის შემდეგ გუნდების მცდელობებს ანგარიშში ცვლილება შეეტანათ შედეგი აღარ მოჰყოლია - საბრძოლო ფრე 1-1.
|
20/01/2007- "ზესტაფონი" - ”სიმურგი” (ზაქათალა,აზერბაიჯანი) 1-1 |
|
|