14.09.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ გოგი ფიფიასთან

ფეხბურთი უზომოდ მომენატრა

 

 

 

 

 

 

 

იყო დრო, გოგი ფიფიას ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევდნენ. იგი საქართველოს პირველობის საუკეთესო ფეხბურთელთაგანი იყო და ლამაზი თამაშით გულშემატკივარი სტადიონზე მიჰყავდა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შემტევს ტრავმამ ბევრი წაართვა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა და უზომო მონდომებამ თავისი ქნა. მარტვილის ”მერანთან” გამართული შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ფიფია მინდორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სასიამოვნოა, რომ მისი დაბრუნება მარგველთა ლამაზ გამარჯვებას დაემთხვა.

 


- გოგი, მართლაც ხანგრძლივი პაუზა გამოგივიდა...

- ასეა, წინა ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ აღარ მითამაშია. მთლიანობაში ხუთთვიანი შესვენება გამომივიდა.
ოპერაცია გავიკეთე და აღდგენითი პროცესი ისე არ წარიმართა,
როგორც ყველა ელოდა. ამან გააჭიანურა საქმე. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრებოდა ფეხბურთი. ფეხბურთელისთვის იმაზე დიდი წვალება არაფერია, როცა საკუთარი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან უყურებს და მეგობრებს ვერაფრით ეხმარება. აქვე საგანგებოდ მინდა გადავუხადო მადლობა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ხელმძღვანელობას, სამედიცინო შტაბს და თითოეულ ფეხბურთელს. რომ არა მათი გვერდში დგომა, ძალიან გამიჭირდებოდა დაბრუნება.

- ვიცი, რომ კარგა ხნის განმავლობაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდი. ხომ არ გაგიჭირდა?
- რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. როგორც იცით, გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა. ბიჭები შესანიშნავად არიან მომზადებულნი. ყველა გვერდში მედგა და ამან გადამატანინა ეს დრო. წამითაც არ მიფიქრია, რომ ვერ დავბრუნდებოდი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ის უზომოდ მიყვარს.


- როგორ იხსენებ მარტვილის ”მერანთან” მატჩს?

- ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული შეხვედრა იყო. მართალია, ოპტიმალური ფორმისგან ჯერ ძალიან შორს ვარ, მაგრამ დაბრუნებამ გამახარა. თბილად შემხვდა მაყურებელიც. სიმართლე გითხრათ, მეგონა სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. მაღალი ტემპი იყო, სტადიონის აურა ვიგრძენი. თავიდან ცოტა დავიბენი კიდეც. არა უშავს, მალე კვლავ შევეჩვევი ყველაფერს.


- და მაინც, ერთი კარგი რეიდი განახორციელე და ულამაზესი პასიც გამოგივიდა...

- რაც შემეძლო, ვეცადე, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ, გაცილებით მეტი შემიძლია.


- სად ხედავ შენს ადგილს ამ ფორმაციის ”ზესტაფონში”?
- თავდამსხმელადაც მითამაშია და უკანდახეულ შემტევადაც. სადაც გუნდს დასჭირდება, იქ ვითამაშებ. მწვრთნელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ არასოდეს ვთამაშობთ ერთი, ტაბუდადებული სქემით. სქემები იცვლება და მეორეც, უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისასაც დიდი ყურადღება ექცევა უნივერსალიზმს.


- როგორც დაახასიათებ ”ზესტაფონის” ახალ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილს? ალბათ დადებითი მომენტია ისიც, რომ ქართულ ფეხბურთში ერთი, უაღრესად საინტერესო ახალგაზრდა სპეციალისტი დაწინაურდა.
- გიორგი ფეხბურთის შესანიშნავი მცოდნეა. ახალგაზრდა ასაკისა კი არის, მაგრამ გამოუცდელი მასზე არ ითქმის. თანაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული სათამაშო სისტემა, ვთამაშობთ ლამაზ ფეხბურთს, ვუტევთ და იმპროვიზაციის ელემენტების ჩვენებას ვცდილობთ. რაც შეეხება გიორგის ასაკს, მართალია, იგი ჩვენზე ბევრად უფროსი არ არის, მაგრამ დისტანცია ყოველთვის იგრძნობა და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც გუნდის შიდა სამზარეულოს იცნობს.


- ბანალური ნათქვამია, მაგრამ ჭეშმარიტებაა: ჩემპიონობის მოპოვება უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება.
- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ გამონათქვამს. ყველა ვგრძნობთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ახლა ნებისმიერი გუნდი ორმაგად მოტივირებული და მონდომებული თამაშობს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობის შენარჩუნებაა.


- ეროვნულ ჩემპიონატში არაერთი სეზონი ჩაგიტარებია. მაინც საით მივდივართ, უკეთესობისკენ, უკან თუ ადგილზე ვდგავართ?

- მახარებს ის, რომ დაძაბული თამაშების რიცხვი გაიზარდა. ვერავინ ვერავისთან ვეღარ გაისეირნებს. ისეთი გუნდებიც კარგად თამაშობენ, რომლებიც ჩემპიონობისთვის არ იბრძვიან. მაგალითად, ვუყურე ”სპარტაკისა” და ” ბაიას” თამაშს. ძალიან მომეწონა ეს შეხვედრა.
ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ჩვენში კარგი მინდვრები გამოჩნდა. ეს პირველხარისხოვანი რამაა. ყველა გუნდს რომ ჰქონდეს კარგი მინდორი, დონე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. კარგი მინდვრის გარეშე კარგ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ჩვენი, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ოცნებაა, რაც შეიძლება ბევრი კარგი მინდორი გვქონდეს.

- ”ზესტაფონი” ევროთასებს დასანანად გამოეთხოვა, მაგრამ არის პერსპექტივა - მალე სტადიონიც გაკეთდება, გუნდი უფრო გამოცდილი და დაღვინებულია...
- ”შტურმთან” თამაშის იმედგაცრუება დღემდე მომყვება. ვერ დავივიწყე ის შეხვედრა. უნდა გაგვეგდო ავსტრიის ჩემპიონი. ეს შეგვეძლო, მაგრამ უიღბლობამ არ მოგვცა ამის გაკეთების საშუალება. ასეთ დროს გამოცდილებაც გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. რაც შეეხება ”ბრიუგესთან” თამაშს, თბილისში მართლაც დიდებული თამაში იყო. ტრიბუნიდან ვუყურე შეხვედრას და უზომოდ ნასიამოვნები დავრჩი მისი მეორე ტაიმით. არ ვიტყვი, რომ ”ბრიუგე” უნდა გაგვეგდო. ბელგიელები დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ასეთ თამაშებში იზრდება გუნდი. გაისად ჩვენი ერთადერთი მიზანი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება.

- დაბოლოს, არ იქნება არ გკითხო: ბევრ ფეხბურთელს ძველი ტრავმის შიში ბორკავს. შენც ხომ არ იქნები მათ შორის?
- კარგი კითხვაა... არ დავმალავ, მქონდა ეს შიში, მაგრამ დავიწყე თუ არა ვარჯიში, იგი სადღაც გაქრა. ალბათ იმიტომაც, რომ მოტეხილობა არ მქონია. ასე რომ, ფსიქოლოგიურად მზად ვარ, კვლავ ვითამაშო ის ფეხბურთი, რომელსაც ჩემგან გულშემატკივარი ელის.


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"

   
FC ZESTAFONI © 2005