ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან
ჩემპიონობის შენარჩუნების რესურსი გვაქვს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ახლახანს ოფიციალურად ჩაიბარა ახალგაზრდა დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა. ამ სპეციალისტის შესაძლებლობებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მის მიერ ჩატარებული ვარჯიში, დაგვეთანხმება, რომ ის ქართული სამწვრთნელო სკოლის მომავალია.
ჭიაბრიშვილის დებიუტი „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 10 სექტემბერს მარტვილის „მერანთან“ გასამართ შეხვედრაში შედგება, მანამდე ახალგაზრდა დამრიგებელს დავუკავშირდით და ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუც გამოგვივიდა ...
- თქვენ უკვე ოფიციალურად ხართ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი. გუნდთან კონტრაქტი გააფორმეთ?
- ჯერ-ჯერობით ხელშეკრულება ოფიციალურად არ გამიფორმებია. ხვალ უნდა მოვაწერო ხელი კონტრაქტს. ხანგრძლივი კონტრაქტი შემომთავაზეს, ნდობა გამომიცხადეს და არ შეიძლება, ეს არ მახარებდეს. ისღა დამრჩენია, თავდადებული მუშაობით და კარგი შედეგებით გავამართლო ხელმძღვანელობის დამოკიდებულება.
ველოდი თუ არა „ზესტაფონის“ მთავარ მწვრთნელობას? გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ ველოდი, სპონტანურად მოხდა ყველაფერი, რაღაცნაირად ექსპრომტად გამოვიდა. ვფიქრობ, მზად ვარ დიდი გამოწვევისათვის, რასაც საქართველოს საუკეთესო გუნდის მთავარი მწვრთნელობა ჰქვია.
- ნებისმიერ მწვრთნელის მისვლა გუნდის დამრიგებლის პოსტზე კლუბში ცვლილებებს განაპირობებს. ამ მხრივ როგორ იქნება საქმე „ზესტაფონში“?
- კარგად იცით, რამდენი ხანია დაწყებულია ამ გუნდის მშენებლობა. ბატონმა გია გეგუჩაძემ უდიდესი სამუშაო გასწია. ვფიქრობ, განსაკუთრებით რაიმეს შეცვლა მიზანშეწონილი არ უნდა იყოს. ბედნიერი ვარ იმ მხრივ, რომ გუნდში საფუძველი დამხვდა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რას დავაშენებთ ამ მყარ საფუძველს.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელო ცვლილებებს ვერ გავექცევით. შეიძლება ესა თუ ის ფეხბურთელი დაწინაურდეს, ან პირიქით, მაგრამ ძირეული გეზი იგივე იქნება და ის არ შეიცვლება.
- საიდუმლო არაა, რომ „ზესტაფონის“ რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ უცხოურ კლუბებს კონკრეტული ინტერესი ჰქონდათ. ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გუნდმა მოახერხა შემადგენლობის შენარჩუნება...
- დიახ, ამ შემადგენლობით გავაგრძელებთ ეროვნულ ჩემპიონატს. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ დუბლებში მოთამაშე ბიჭებს და რამდენიმე მათგანს აუცილებალად დავაწინაურებთ ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, რომელ პოზიციაზე რა მოთხოვნები იქნება. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი ბიჭები არიან.
- ჯერ იყო ბელგიური „ბრიუგე“, მერე კი თბილისის „დინამო“ - რა შეგძინათ ამ მატჩებმა?
- ასეთ პრინციპულ შეხვედრებში ნებისმიერი ფეხბურთელი იზრდება და ასეა მწვრთნელიც. ჩემში ბევრი რამ შეიცვალა, უფრო გავიზარდე, ამას ნამდვილად ვგრძნობ. რაც მეტი იქნება ასეთი თამაშები, კარგია, როგორც გუნდისათვის, ისე ჩემთვის.
- რა მიზანი ექნება „ზესტაფონს“ ეროვნულ ჩემპიონატში?
- ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება. ვფიქრობ, გუნდს საამისო რესურსი აქვს, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საქართველოს თასს, აქაც ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუმცა მთავარი მიზანი მაინც ჩემპიონობის შენარჩუნებაა.
- „ზესტაფონს“ ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა ტრავმირებული, ნებისმიერ გუნდს რომ გააძლიერებდა - საუბარი გვაქვს ზურაბ მენთეშაშვილსა და გოგი ფიფიაზე. როგორ მიდის მათი გამოჯანმრთელების პროცესი?
- ორივე ჩვეულებრივად ვარჯიშობდა ძირითად გუნდთან ერთად. ფიფია ახლაც ვარჯიშობს, მენთეშაშვილი კი ცოტა ხნით გაჩერდა, მას ტკივილი კიდევ აწუხებს. გვინდა, ერთხელაც გავაგზავნოთ უცხოეთში, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ტრავმის რეციდივი. გიორგი ხიდეშელის ტრავმის შესახებ ყველამ იცით. ასევე დაშავებულია ნიკა გელაშვილი, რომელიც მალე შემოგვიერთდება. ისეთი ფეხბურთელები ჩამოვთვალე, ნებისმიერ გუნდს რომ გააძლიერებენ. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დარჩენილი კადრებითაც წარმატებით ვითამაშოთ. არის შემადგენლობა, რომელიც იძლევა ლავირების საშუალებას.
- თქვენი ოფიციალური დებიუტი 10 სექტემბერს შედგება. ალბათ მოუთმენლად ელით მარტვილის „მერანთან“ გასამართ მატჩს...
- სასიხარულოა უპირველეს ყოვლისა ის, რომ გუნდი გადაღლილი აღარ არის. ევროტურნირებისა და „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ დასვენებისთვის საკმარისი დრო გვქონდა. რა თქმა უნდა, ოფიციალური დებიუტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვპირდები ყველას, რომ თითოეულ შეხვედრას ისე ჩავატარებ, თითქოს ეს პირველი და უკანასკნელი მატჩი იყოს „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
|