28.08.2011

 

 

 

 

ზესტაფონელთა სტუმრობა თბილისში

 

 

 

 

 

 

2011 წლის 28 აგვისტოს საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. პრინციპული ხასიათის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, თბილისის ”დინამოს” ესტუმრა.

 

მატჩი, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ძალიან მძიმე მინდორზე გაიმართა, პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა. იგრძნობოდა, რომ ორივე გუნდი შედეგზე იყო ორიენტირებული და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად უფრთხოდა. პირველი სახიფათო მომენტი ზესტაფონელთა კართან შეიქმნა - მასპინძლებმა ზურაბ მამალაძის კარისკენ სახიფათოდ გაისროლეს, სტუმართა გოლკიპერმა დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, რასაც მისი კარის აღება მოჰყვა. არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა. 20-ე წუთზე კი მარგველები დაწინაურდნენ - ზესტაფონელთა შეტევა თორნიკე გორგიაშვილის დინამოელთა საჯარიმოში შეჭრითა და კარში უძლიერესი დარტყმით დასრულდა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და მერე ხარის ხაზთან დაეცა - ლევან კვარაცხელიამ კარის აღება დააფიქსირა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, რასაც შეცვლაზე შემოსული ჯაბა დვალის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურების შემდეგ, ზესტაფონელები კიდევ რამდენჯერმე დაემუქრნენ მასპინძელთა კარს, თუმცა სახიფათო მომენტები გაანიავეს და საბოლოოდ ამისათვის დაისაჯნენ კიდეც. 76-ე წუთზე დინამოელთა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით, საჯარიმოში შექმნილი არეულობითა და ჩისკოს გოლით დასრულდა. მანამდე თითქოს უიმედო მდგომარეობაში მყოფმა თბილისელებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და საწადელს არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე მიაღწიეს - ზესტაფონელთა კიპერთან პირისპირ დარჩენილმა ჩისკომ თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა. ფრე 2-2.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
გიორგი ჭიაბრიშვილი: "რთული მატჩი იყო. რომ არა ევროტურნირებზე გამოსვლისგან გადაღლა, დღეს ორივე გუნდი უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდა. ლოგიკური ფრეა. ეგაა, ბოლოს კონცენტრაცია რომ არ დაგვეკარგა...
... გელაშვილს ტრავმა აქვს და ამიტომ გამოტოვა მატჩი. კიდევ იყვნენ წამყვანი ფეხბურთელები, რომლებიც თავიდან არ ვათამაშეთ, როინ კვასხვაძე კი 90 წუთი დავასვენეთ. გუნდი დაღლილი იყო და კიდევ კარგი, შეკრებილი შემადგენლობა ვარირების საშუალებას გვაძლევს.
... რატომ არ გადაიდო მატჩი? არ ვიცი, ვერ გეტყვით. შესაძლოა, იმიტომ, რომ წინ სანაკრებო თამაშებია და ნაკრების მწვრთნელს სურდათ ფეხბურთელების საქმეში ნახვა. მადლობას ვუხდი "დინამოს" მწვრთნელს, რომელმაც ბელგიაში გაფრენამდე გვითხრა, რომ ჩვენთან მატჩის გადადება სურდა – დაღლილები და ნამგზავრები იქნებით, ჩვენ კი გვინდა, დასვენებულებს გეთამაშოთო. "დინამოც" დაღლილი იქნებოდა აეკ-თან მატჩის შემდეგ და ეს შეხვედრა სხვა დროს რომ გამართულიყო, უფრო კარგ ფეხბურთს ვნახავდით"

ალექს გარსია: "მძიმე მატჩი იყო. ჩემი შეგირდები მორალურადაც რთულ ვითარებაში იყვნენ, რადგან აეკ-თან მატჩის შემდეგ უცებ გადმორთვა გაუჭირდათ.
... კოშკაძისა და ჩისკოს ძირითადში არდაყენების მიზეზი გადაღლაა. ჩვენც მათ მივეცით თამაშის საშუალება, რომლებიც უფრო მხნედ იყვნენ. კარგი იყო, მატჩი გადადებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა".

 

28.08.2011. ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-2

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005