ეროვნული სტარტით შეცვლილი ევროპული ფინიში
საქართველოს ჩემპიონის წლევანდელი ევროპული ფეხბურთი, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბრიუგეში დასრულდა. ვინც დასავლეთ ფლანდრიის 120-ათასიან ცენტრში ყოფილა, დაგვემოწმება, რომ ფაშისტური გერმანიის ლიდერს მართლაც კარგი გემოვნება ჰქონია. ნაცისტური ჯარების ბელგიაში შესვლამდე, ადოლფ ჰიტლერს განკარგულება გაუცია, ბრიუგე არ დაებომბათ. ტირანის ახლო გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციით, ომის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჰიტლერი სწორედ აქ აპირებდა დასახლებას.
“ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ, გუნდის განსათავსებლად, ქალაქის ცენტრიდან ხუთიოდე კილომეტრით მოშორებული სასტუმრო “ლეონარდო” შეარჩია. მწვანეში ჩაფლულ ამ დაწესებულებას, სხვა ქართველებიც ხშირად სტუმრობდნენ. ევროპის ლიგის ფლეი ოფის საპასუხო შეხვედრის მასპინძლებმა, ქართულ მხარეს “ბრიუგე”-“ზესტაფონზე” დასასწრები 100 ბილეთი გამოუყო და მსურველებს ისინი საგულშემატკივრო სხვა აუცილებელ ატრიბუტთან (კლუბის შარფი, “ქართული სპორტის ქომაგთა” ბანერი) ერთად ისიც მიჰქონდათ.
თუმცა, ზესტაფონელთა ყველაზე ხშირი სტუმრები, ბრიუსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კორპუნქტის თანამშრომლები - ჟურნალისტი ქეთი ქარდავა და ოპერატორი დათო ფირუმაშვილი (“მელკი”) იყვნენ. რაც ქართველმა მაყურებელმა მატჩამდე და მატჩის შემდეგ იხილა, მათი ნახელავი იყო. თავად მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს რაც შეეხება, უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამსახურებაა, “დინამო”-აეკ-ის დამთავრებამდე მეორე, შემდეგ კი პირველ არხზე რომ გადაიცემოდა ბრიუგეში მიმდინარე შეხვედრის პერიპეტიები.
“იან ბრეიდელი”, მატჩის დაწყებამდე საოცარი წესრიგიანობით ივსებოდა. არადა, საფეხბურთო არენის მიმდებარე ტერიტორია, სულ ჰამბურგერებით მოვაჭრე ვაგონებს ჰქონდათ “ოკუპირებული”. რას დააყოლებდნენ ლუდით განთქმული ბელგიელები ამ ყველაფერს, ძნელი მისახვედრი არაა.
როგორც მე-2 ტაიმის მიმდინარეობისას ელექტროტაბლოზე დაიწერა, 29-ათასიან სტადიონზე შესვლის უფლება, 23725-მა მაყურებელმა იყიდა. ბილეთის ფასი კი, 20-120 ევროს ფარგლებში მერყეობდა. კი მართალია, ბელგიაზე ცხოვრების დონით დაწევას (ამ ღირებულების ბილეთის შეძენა რომ ფეხბურთის მოყვარულმა ბევრმა ქართველმა შეძლოს), ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ, მაგრამ წესრიგიანობისთვის ხომ ევროკავშირში ყოფნა აუცილებელი არაა.
ცოტას იმ კაცზე მოგითხრობთ, ვის სახელსაც “ბრიუგესა” და “სერკლ ბრიუგეს” სათამაშო არენა ატარებს. 1302 წელს, ფლანდრიულ ქალაქთა აჯანყების სათავეში, ბრიუგეში მცხოვრები იან ბრეიდელი და პეტერ კონინკი ჩამდგარან. ისინი ფრანგ მეფისნაცვალ დე შატილიონს ამხედრებიან, რომელიც ბელგიაში ფრანგული ზეგავლენის დესპოტური გზით დანერგვას ეწეოდა. მადლიერმა ბელგიელებმა, ჯანყის მეთაურებს 1887 წელს, ქალაქის ცენტრში დაუდგეს ქანდაკება, ევრო-2000-ის შემდეგ კი, სპეციალობით ყასაბი იან ბრეიდელის სახელი სტადიონს უწოდეს.
სხვათა შორის, “იან ბრეიდელის” მიმდებარედ, 8 ბალახისსაფარიანი მოედანია, რომლებზეც კლუბ “ბრიუგესა” და “სერკლ ბრიუგეს” საფეხბურთო აკადემიათა ბავშვები ემზადებიან. თავად სტადიონის, ორ ერთმანეთისაგან მოშორებით მდებარე შესასვლელში, შავ-ლურჯ ფერებში გაწყობილი “ბრიუგეს” და შავ-მწვანედ შეღებილი “სერკლ ბრიუგეს” რეზიდენციებია განთავსებული. აქვე ახლოში, დაახლოებით, თბილისის სპორტის სასახლესთან მდებარე “მაკდონალდსის” შენობის სიდიდის (ცოტათი მეტი), საკლუბო ატრიბუტიკის მაღაზიაა.
სწორედ აქ შეძენილი მაისურებით (ზომების მიხედვით 40-100 ევროს ფარგლებში რომ მერყეობს) იყო შემოსილი “ზესტაფონთან” დაპირისპირების საყურებლად მოსულ ბელგიელ ქომაგთა უმრავლესობა. “ბრიუგეს” გულშემატკივართა თავისებურებაზე, 25 აგვისტოს მატჩისას მომხდარი ერთი ფაქტიც მეტყველებს. პირველი ტაიმის მე-20 წუთზე, ლიორ რაფაელოვს ირაკლი ძარია მოედნის ცენტრში ეუხეშა, მაგრამ ბურთი ბელგიელებს დარჩათ და ნიგერიელმა აკპალამ, კვასხვაძის კარის აღების მორიგი უშედეგო მცდელობა განახორციელა. მაყურებელმა გამაყრუებელი სტვენა მანამ არ შეწყვიტა, ვიდრე ფინელ არბიტრ ტონი ასუმაას ქართველი ნახევარმცველი არ გააფრთხილებინა.
ამ ეპიზოდში მიღებული დაზიანების გამო, გიორგი ჭიაბრიშვილმა ძარია პირველსავე ტაიმში შეცვალა ალექს ბენაშვილით. თორნიკე აფციაურის შემცვლელმა რატი წინამძღვრიშვილმა, 83-ე წუთზე კუნთის გაჭიმვის გამო, ვადაზე ადრე დატოვა მინდორი (ამ დროს, ზესტაფონელთა თავკაცს სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა. ცოტა ხანში კი, უკვე “ბენაშამ” იტკინა ფეხი და ბოლო 5 წუთი, ქართველები პრაქტიკულად 2 ფეხბურთელით ნაკლებნი თამაშობდნენ.
“ზესტაფონის” ასეთი თავდადება მხოლოდ იმას ეყო, რომ ბელგიაში გუნდმა 0:2 წააგო. ერთადერთი სტატისტიკური მიღწევა, მეორე ტაიმის წაუგებლობა (დროის ეს მონაკვეთი, “ბრიუგეს” ქართველებმა თბილისში 3:1 მოუგეს)Bგახლდათ. რაც შეეხება გამორჩეულ სტუმარს, იგი 22 წლის კიპერი როინ კვასხვაძე იყო. გაშვებული გოლების გარდა, მასპინძლებმა კარის ჩარჩოში 12-ჯერ მოახვედრეს ბურთი და ეროვნული ნაკრების კანდიდატმა 11 დარტყმა (ერთხელ ბურთი ხარიხას მოხვდა) მოიგერია.
თავის გამოჩენის შანსი “ზესტაფონსაც” ჰქონდა. პირველი ტაიმის ბოლოს, ნიკა გელაშვილს ინტუიციამ უღალატა, როცა მარჯვნიდან “ბრიუგეს” საჯარიმოში შესულს, მარჯვენათი ძლიერი დარტყმა მართებდა, მან კი “რბილი პარაშუტი” ამჯობინა. მეორე ტაიმში, მარჯვენა ფლანგიდან მისივე ჩაწოდებულ ბურთს, დვალმა თავი დაუხვედრა და გაიტანა. ქართველების სამწუხაროდ, ჯაბას დარტყმამდე ლაინსმენს ალამი ჰქონდა აწეული - თამაშგარეაო. სხვათა შორის, ნამატჩევს “იან ბრეიდელზე” ჟურნალისტების სამუშაო დარბაზში შესულს, ამ ეპიზოდის რამდენიმეჯერ ხილვის საშუალება მომეცა (კლუბის ტელევიზიის (“ბრიუგე” პირველი ბელგიური კლუბია, რომელსაც საკუთარი ტელეარხი აქვს) წამყვანებმა ამ მომენტის განხილვას 2-3 წუთი მაინც მოანდომეს) და მსაჯებს არ შეუცოდავთ.
დამთავრდა მატჩი და შერჩევითმა დოპინგ-კონტროლმა, ქართველთა სამშობლოში გამომგზავრება, დაგეგმილზე 2 საათით მაინც დააგვიანა. ედიკ საჯაიას, ბარე 5 ბოთლი წყლის (“კონტროლიორს” ლუდიც შეუთავაზებია, მაგრამ ფეხბურთელმა იფხიზლა, თორემ შესაძლოა ტესტი “ჩაეგდო”) დალევა დასჭირდა, რათა კომისარს ანალიზისთვის საკმარისი პრეპარატი მიეღო. მასზე გაცილებით ადრე, კონტროლის ოთახი ალექს ბენაშვილმა დატოვა.
პარასკევ დილის 10:00 საათზე, “ზესტაფონი” თბილისის აეროპორტში იყო და იმის მოლოდინში იყო, გაეგო, სად და როდის ჩატარდებოდა თბილისის “დინამოსთან” გასამართი ეროვნული ჩემპიონატის მატჩი. იმერელთათვის იდეალური ვარიანტი - 29 აგვისტოს “მიხეილ მესხზე” გახლდათ. ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმდინარე ჩემპიონატის პირველი უმთავრესი დაპირისპირება, ყანადქცეულ “ბორის პაიჭაძეზე” და მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩატარდება.
|