საპასუხო მატჩი ბელგიელებთან
აკპალამ ორი გვაკმარა
2004 წელს, უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპსა და პლეი ოფში თბილისის “დინამოს” წარმატებული თამაშის შემდეგ, ქართული გუნდები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან ასე ახლოს აღარ ყოფილან. მეტოქედ ძლიერი გუნდი კი ჰყავდა “ზესტაფონს”, მაგრამ პირველი მატჩის მეორე ნახევარში ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ქართველებს მეტი ოპტიმიზმის საბაბი გვქონდა. ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ როცა თუნდაც “ბრიუგეს” დონის გუნდი რომ სტუმრად დაამარცხო, გოლი მაინც უნდა გაიტანო. ეს კი, ქართველებმა “იან ბრეიდელზე” ვერ შეძლეს.
წინა ხუთშაბათს თბილისში ნათამაშები თამაშისაგან განსხვავებით, ზესტაფონელთა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა 2 ცვლილება განახორციელა. მინდორს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი ონიანი, რომელმაც გუნდში დაბრუნებული ედიკ საჯაია ჩაანაცვლა. რაც შეეხება, პირველი მატჩის ვერცთუ დამაჯერებლად ჩამტარებელ თემურ ღონღაძეს, იგი კახა ალადაშვილმა შეცვალა.
ბელგიელთა თავკაცმა ადრი კოსტერმა თბილისური სასტარტო შემადგენლობა უცვლელი დატოვა. სამაგიეროდ, ცვლილებები სათადარიგოთა შორის მოხდა. ვარჯიშზე ტრავმირებული სამარქაფო კიპერი ვლადან კუიოვიჩი სვენ დოსტით, ხოლო ფორვარდი ჯიმი დე იონგე ჯონათან ბლონდელით შეიცვალა.
პირველი ხიფათი უკვე მე-3 წუთზე შეიქმნა და რა გასაკვირია, რომ სტუმართა კართან. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე, ყველაზე მაღლა ბელგიელთა კაპიტანი კარლ ჰოეპკენსი ახტა და მისმა თავურმა ხარიხა შეაზანზარა. “ბრიუგე” განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობდა, საიდანაც ისრაელის ნაკრების შემტევი შუახაზელი ლიორ რაფაელოვი ქმნიდა პრობლემებს.
მასპინძელთა აქტიურმა დასაწყისმა მალე გამოიღო შედეგი. მე-7 წუთზე, დაცვის ცენტრში ჯერ კობახიძემ დაკარგა მარტივ სიტუაციაში ბურთი. სიტუაცია თითქოს განიმუხტა, მაგრამ უკვე ელიავას მოუვიდა საკუთარი საჯარიმოს შუაგულში იაღლიში და ჯოზეფ აკპალამ პენალტის ნიშნულიდან კვასხვაძის კარი დალაშქრა - 1:0.
“ზესტაფონი” სწრაფმა მარცხმა არ შეაშინა. კი მართალია, სტუმრებმა, კერძოდ გრიგალაშვილმა, მალე პირველი დარტყმა განახორციელეს კოსემანსის კარში, მაგრამ “ბრიუგე” საკმაო უპირატესობას ფლობდა. აკპალა რამდენიმეჯერ იოლად გასცდა კობახიძეს, მაგრამ გუნდი ვერაფრით ახეირა. ორწუთიანი ინტერვალით, ამჯერად მარცხენა ფლანგიდან “დაიცხრილა” კვასხვაძის სამფლობელო. ორივეჯერ გიორგი ონიანმა ივარგა – პირველად, აკპალას ააცილებინა კარის ჩარჩოსთვის, მეორედ კი, ვასკესის გასწვრივი პასის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადააგდო.
26-ე წუთზე როინ კვასხვაძემ ვასკესის შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია. თუმცა ამით, “ბრიუგეს” შეტევა არ დასრულებულა - ბელგიელებმა სტანდარტი გაითამაშეს და რაფაელოვის ფლანგურ გადაცემას, მეკარის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფი აკპალა გამოეხმაურა – 2:0.
ამასობაში, დაცვაში ისედაც შეცდომებით მოთამაშე “ზესტაფონს”, საკადრო პრობლემა შეექმნა. ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა ირაკლი ძარია, რომელმაც ვარდნაში წესის დარღვევისას (რისთვისაც, ფინელმა არბიტრმა გააფრთხილა) კუნთი გაიჭიმა.
42-ე წუთზე, ნიკოლოზ გელაშვილს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცა. ალადაშვილის ზუსტი პასით, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულს ძლიერი დარტყმა მართებდა, მაგრამ კიპერისთვის თავზე გადაგდება ამჯობინა – ბურთი ბელგიელის იოლი ნადავლი გახდა.
ტაიმის ბოლომდე, ჭიაბრიშვილმა კიდევ ერთი ტაქტიკური შეცვლა განახორციელა. მოედნიდან ალადაშვილი გავიდა, რომლის ადგილი დაცვის მარჯვენა ფრთაზე ბენაშვილმა დაიკავა. შემოსულმა საჯაიამ დაცვის ცენტრში ონიანის ადილი დაიკავა, თავად გიორგი კი, მცველების წინ, უფრო საყრდენობისთვის გაამწესა.
პირველ ტაიმში ბელგიელთა საგრძნობი უპირატესობა “ზესტაფონის” კარში გატანილი მრავალი გოლით რომ არ დასრულდა, უპირველესად, როინ კვასხვაძის დამსახურება იყო. ქართველმა კიპერმა, ხაზზე დამაჯერებელი თამაშით არაერთხელ იხსნა მისი გუნდი, ორჯერ კი, კარის მისგან დროულმა დატოვებამ და ფეხით გონივრულმა თამაშმა გადაარჩინა სტუმრები. მოკლედ, ისტორია გამეორდა - “ბრიუგემ” პირველი ტაიმი ამჯერადაც 2:0 მოიგო.
მასპინძლებმა მეორე ტაიმიც შეტევით დაიწყეს. რაფაელოვის მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობა ისევ კვასხვაძის თავგანწირული ნახტომით დასრულდა. 48-ე წუთზე, უკვე “ზესტაფონს” შეეძლო გოლის გატანა. გელაშვილის მიერ მკერდით ჩამოგდებულ ბურთს ჯაბა დვალმა საჯარიმოს გარედან დაჰკრა, მაგრამ ბელგიელთა კიპერი ადგილზე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ამ მომენტიდან ერთ წუთში, დვალმა გოლი მაინც გაიტანა, მაგრამ ასუმაამ მისი ზუსტი თავური ლაინსმენისგან თამაშგარეს დაფიქსირების გამო არ ჩათვალა.
53-ე წუთზე, ქართველმა კიპერმა კიდევ ერთხელ გამოავლინა “ცივსისხლიანობა”. კვასხვაძემ მაროკოელი ნაბილ დირარის ძლიერი დარტყმის შემდეგ განმუხტა სიტუაცია. ცოტა ხანში, “ზესტაფონის” თავკაცმა მე-3 შეცვლაც განახორციელა და სტუმრად თამაშისთვის უჩვეულო ტაქტიკური სქემით განაგრძო შეხვედრა. აფციაურის შემცვლელმა წინამძღვრიშვილმა შეტევაში ჩვეული ადგილი დაიკავა, რაც მატჩის 3 ფორვარდით გაგრძელებას ნიშნავდა.
გააქტიურებულ ქართველებს, ბურთის მეტად კონტროლთან ერთად, კარში დარტყმა მართებდათ. 77-ე წუთზე დვალს მიეცა რეალური საგოლე შანსი, მაგრამ მეკარის ბაქანთან მყოფს ზიმლინგმა დაასწრო ბურთის მიღება და კიდევ ერთი მომენტი განიავდა.
ქართველთა უიღბლობას მალე ისიც დაემატა, რომ რატი წინამძღვრიშვილმა ფეხი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამ დროს, ჭიაბრიშვილს სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა და “ზესტაფონს” მატჩის კაცნაკლულად ჩამთავრებამ მოუწია.
ბელგიელებმა მატჩის ბოლო წუთებიც შეტევებში გაატარეს. თუ ამ დღეს “ზესტაფონმა” უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო, მეტწილად, კიპერ როინ კვასხვაძის დამსახურება იყო. მან დაამტკიცა, რომ თემურ ქეცბაიას ეროვნულ ნაკრებში მაღალი კლასის მეკარეების ნაკლებობა არ აქვს.
|