"ზესტაფონი" შოკოლადის დედაქალაქში
"ზესტაფონი" ბრიუგეში დამღლელი მგზავრობის შემდეგ, თბილისი-მინსკი-ოსტენდეს ჩარტერული ავიარეისით 19 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაფრინდა, საღამოს კი "იან ბრეიდელზე" ორივე გუნდის ღია ვარჯიში და მთავარ მწვრთნელთა პრესკონფერენციები გაიმართა.
დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქ ბრიუგეს ჩრდილოეთის ვენეციას უწოდებენ. მთელი ქალაქი დაქსელილია ვიწრო არხებით, ხოლო შენობების ფასადები ბრიუგეს ზღაპრულ ქალაქს ამსგავსებს. აქაური კონდიტერები სიამოვნებით აცოცხლებენ ამ სახლების მინიმოდელებს შოკოლადში, რათა ტურისტებს სამუდამოდ დაამახსოვრონ ამ თავბრუდამხვევ პატარა ქალაქში სტუმრობის სიტკბოება.
საკმაო ხანდაზმულობის მიუხედავად, ბრიუგე სულით ახალგაზრდაა. აქ სიცოცხლის ფეთქვა ყველგან ძალუმად იგრძნობა: გოთიკური კოშკურების წინ მოხრიგინე ეტლებში, ვიწრო ქუჩაში უდარდელად მოსეირნე ველოსიპედისტის სილუეტში, მუშტრების მომლოდინე მაღაზიების ჭრელ ვიტრინებში, სიმპათიურ კაფეებში...
ბრიუგე უნიკალურია იმითაც, რომ მის ეკლესიათა და მუზეუმთა რიცხვი ლამის მის მკვიდრთა რაოდენობას სჭარბობს. შუა საუკუნეების ძეგლები ორ მსოფლიო ომს უვნებლად გადაურჩა - ბრიუგე ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ქალაქი იყო და მეორე მსოფლიო ომის მოგების შემდეგ ევა ბრაუნთან ერთად იქ დასახლებას აპირებდა. ფიურერის ბრძანებით, ომის დროს ბრიუგეში ერთი ბომბიც არ ჩავარდნილა.
აქ ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით შუა საუკუნეების კოშკურებს, დიდებულ ტაძრებს, ძველ სამრეკლოებსა და ქვისგან გამოქანდაკებული წმინდანების ფიგურებს. რაც შეეხება სასმელს, ბელგიაში დაახლოებით 600 სახეობის ლუდი იხარშება...
ბრიუგეს ღირსშესანიშნაობათა გვირგვინს ბელგიური შოკოლადი წარმოადგენს. ბრიუგე შოკოლადის მოყვარულთა და გურმანთა ნამდვილი მექაა. აქ მდებარეობს შოკოლადის მუზეუმი, რომელიც ზღაპრების დეკორაციებს მოგვაგონებს, აგრეთვე შოკოლადის ურიცხვი რესტორანი, სადაც აბსოლუტურად ყველა კერძი მომზადებულია ამ ჯადოსნური ინგრედიენტის გამოყენებით.
საფეხბურთო ბრიუგე
"იან ბრეიდელის" სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია ნამდვილი საფეხბურთო ოაზისია. თავად არენა წმინდა საფეხბურთოა და ადვილი წარმოსადგენია, როგორი მხარდაჭერა ექნება "ბრიუგეს" - როგორც გვითხრეს, ამ კლუბის ფანები განსაკუთრებული ენერგიულობით, ზოგჯერ კი აგრესიითაც გამოირჩევიან.
"იან ბრეიდელი" "ბრიუგესა" და "სერკლ ბრიუგეს" ერთობლივი საკუთრებაა და ტერიტორია ერთმანეთის მოძულე კლუბებს თანაბრად აქვთ გაყოფილი. აქ ნახავთ ორივე კლუბის ოფისს, საფირმო მაღაზიას, კაფეს, თანაბრადაა განაწილებული ბავშვთა გუნდებისთვის განკუთვნილი მოედნებიც.
სტადიონის სიახლოვეს დაახლოებით ოცი კოხტა ხელოვნურსაფრიანი მოედანია, სადაც ქალაქის ორივე კლუბის მომავალი თაობები იზრდებიან.
ქალაქში დღევანდელი მატჩისწინა აჟიოტაჟი მაინცდამაინც არ იგრძნობა, მაგრამ "ბრიუგეს" გასამხნევებლად დღეს სტადიონზე დაახლოებით 20 ათას ადამიან ელიან. "ზესტაფონს" კი ბელგიაში მცხოვრები ათასამდე ქართველი უქომაგებს.
ადრი კოსტერი: არგასვლა სირცხვილი იქნება
"ბრიუგეს" მთავარმა მწვრთნელმა ადრი კოსტერმა "ზესტაფონზე" დადებით კონტექსტში ილაპარაკა, მაგრამ წყვილის ფავორიტად საკუთარ გუნდს მიიჩნევს:
"ჩვენთვის ამ ეტაპის გადალახვა სავალდებულოა. ეს რომ არ გავაკეთოთ, უბრალო წარუმატებლობა კი არა, ტრაგედია იქნება. 0:0-ზე ან 1:1-ზე ნამდვილად არ ვითამაშებთ, რადგან მეტოქის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ამის გამო შეიძლება დავისაჯოთ.
"ზესტაფონი" ჩვენს წინააღმდეგ გაორმაგებული ენერგიით ითამაშებს, რადგან თბილისური მატჩის მეორე ტაიმმა ამ გუნდის წევრებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა და აქაც გაორმაგებული ჟინით იბრძოლებენ.
"ზესტაფონისთვის" კარგია, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გადაუდეს, ჩვენ კი გასულ უქმეებზე ბელგიის ჩემპიონატში კალენდარული შეხვედრა ჩავატარეთ.
ხელი დაიშავა ჩვენმა სათადარიგო მეკარე კუიოვიჩმა, ლიორ რაფაელოვმა კი ბელგიის ლიგის გასული ტური გამოტოვა, მაგრამ "ზესტაფონთან" აუცილებლად ითამაშებს.
"ბრიუგე" დიდი ისტორიის კლუბია და ჩვენთვის ევროპის ლიგის ჯგუფში ვერმოხვედრა სირცხვილი იქნება".
ჩვენი შანსები: იქნებ, 50 პროცენტი, იქნებ მეტიც
"ზესტაფონის" მხრიდან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმერელთა თავკაცი გია ჭიაბრიშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი გამოცხადდნენ. ორივემ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა.
გელაშვილი: "ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. ჩვენი გუნდი ბრძოლისთვისაა შემართული და ვეცდებით, ამ ურთულეს ამოცანას თავი წარმატებით გავართვათ".
ჭიაბრიშვილი: "ბრიუგე" ძლიერი გუნდია, თამაშობს შემტევ ფეხბურთს და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ჩვენი შანსი. თბილისში მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და თუ ის დონე შევინარჩუნეთ, ჩვენი შანსები 50 პროცენტზე მეტიც იქნება. წინ დიდი ბრძოლა გველის, გამარჯვებისთვის კი თავს არ დავზოგავთ".
"ზესტაფონის" 19-ივე ფეხბურთელმა "იან ბრეიდელზე" სრული დატვირთვით ივარჯიშა. წვრთნას დაესწრო კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც "ზესტაფონს" ბრიუგეში შეუერთდა.
|