24.08.2011

 

 

 

 

 

“ზესტაფონი” ბელგიაში: “იან ბრეიდელამდე” “ლეონარდო”

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” უეფას ევროპის ლიგის საფლეიოფო მატჩის სათამაშოდ ბელგიაში ოთხშაბათს დილით გაემგზავრა. ექვსსაათიანი ფრენის შემდეგ (თვითმფრინავის ავზები საწვავით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეივსო) CRJ-200 ბელგიის საპორტო ქალაქ ოსტენდეს აეროპორტში დაეშვა.

 

 

დელეგაციის 50-ამდე წევრს შორის ცხრამეტი ფეხბურთელია – ამათგან შეირჩევა 11 კაცი, რომლებიც 25 აგვისტოს “ბრიუგეს” დაუპირისპირდებიან. მგზავრთა შორის “ზესტაფონის” საგულშემატკივროდ წამოსული ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ახლა კი, იურიდიული კომპანია “გეწაძე და პატეიშვილი”-ს პარტნიორი გია გეწაძე, ავიაკომპანია Sky Georgia-ს გენერალური დირექტორი გიორგი კოდუა და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფან-კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კოტე ბოჭორიშვილი იყვნენ.

 

გუნდი ადგილობრივი დროით 16 საათზე ბრიუგეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ლეონარდოში” დაბინავდა. ზესტაფონელთა დისლოკაციის ადგილი მატჩის მასპინძელი სტადიონიდან 15 წუთის სავალზეა. “იან ბრეიდელზე” საქართველოს ჩემპიონის მატჩისწინა ვარჯიში 20 საათზეა (თბილისში ამ დროს 22 საათი იქნება) დაგეგმილი.


როგორც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, საპასუხო თამაშის საყურებლად, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან (პარიზი, ანტვერპენი, ბრიუსელი, ბრიუგე, როტერდამი, ოსტენდე) 150-ამდე ქართველი გულშემატკივრის მოსვლას ელოდებიან. ყოველ შემთხვევაში, ის 100 ბილეთი, რომელიც ბელგიელებმა ქართულ მხარეს გამოუყვეს, მსურველთა სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება.


პრაქტიკულად გადაწყვეტილია და გულშემატკივარი მატჩს თვალყურს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე და პირველ არხებზე ბელგიიდან პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით მიადევნებს. ცნობილა, რომ “ბრიუგე”–“ზესტაფონი” თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, ხუთშაბათსვე, თბილისის ეროვნულ სტადიონზე “დინამო”-”აეკ”-ი კი, 21:05-ზე დაიწყება. მოგეხსენებათ, პირველი არხი დინამოელთა შეხვედრასაც პირდაპირ ეთერში გადასცემს. ამდენად, ვიდრე “ბორის პაიჭაძეზე” მატჩი დასრულდება, ბელგიიდან რეპორტაჟი მეორე არხით გადმოიცემა, მერე კი უწყვეტ რეჟიმში პირველ არხზე გაგრძელდება.


“ბრიუგესთან” პირველი საფლეიოფო მატჩი “ზესტაფონმა” თბილისში გამართა და ფრედ, 3:3 ითამაშა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის დარიგებულებმა მეორე ტაიმში შეძლეს გარდატეხის შეტანა. ნიკა გელაშვილისა და ჯაბა დვალის გოლებით, ანგარიში 65-ე წუთისთვის თანაბარი იყო. “ბრიუგე” კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თუმცა გელაშვილმა საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე შესრულებული ზუსტი დარტყმით დააფიქსირა.


საპახუსო შეხვედრას ფინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, რომელთაც ფიფას პრემიუმ კატეგორიის არბიტრი ტონი ასუმაა უხელმძღვანელებს.

 


ფრიდონ კერვალიშვილი ბრიუგედან, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005