24.08.2011

 

 

 

 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: “მომავალზე არ მიფიქრია, მთავარია გუნდმა მოიგოს”

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ევროპის ლიგის ფლეი ოფის საპასუხო შეხვედრის გასამართად, ბელგიაში ოთხშაბათს დილით, 09:30 საათზე ჩარტერული რეისით თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრა. “მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ჭიაბრიშვილს აეროპორტში ესაუბრა.

 


- ბატონო გიორგი, “ზესტაფონის” თავკაცის პოსტზე დებიუტი არცთუ წარუმატებელი გქონდათ. წინ “ბრიუგესთან” მეორე მატჩია, რომლის შედეგზეც ორი რამაა დამოკიდებული...
- ასეთი რანგის თამაშები ჩვენს გუნდს ჯერ არ ჰქონია. შეგვიძლია ევროპის ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. სამწვრთნელო შტაბმაც და ჩვენმა ფეხბურთელებმაც სრულად გააცნობიერეს, რისი გაკეთება შეუძლიათ დასახული მიზნის მისაღწევად. მერწმუნეთ, ის მუხტი, რომლითაც “ბრიუგესთან” თბილისური თამაში დავამთავრეთ, გუნდმა დაიტოვა და ვეცდებით, სწორედ ამ მუხტით დავიწყოთ გასვლითი შეხვედრა.


- მიზანი კონკრეტულია – ერთი თამაშის მოგება და, “ზესტაფონისა” და მთლიანად ქართული ფეხბურთის იმიჯი ევროპაში სულ სხვაგვარი გახდება...
- არ გვინდა, რომ ეს ყოველივე ტვირთად დაგვაწვეს. ბიჭებმა იციან, რომ ერთი ჩვეულებრივი მატჩია, რომელზეც უნდა გავიდნენ და მოიგონ.


- როგორია ფეხბურთელების ფუნქციონალური მდგომარეობა?
- მოგეხსენებათ, სეზონი ადრე დავიწყეთ. ჯერ ჩემპიონთა ლიგის საწყისი ეტაპი გავიარეთ, მერე ეროვნულ ჩემპიონატშიც ჩავერთეთ, ახლა ევროპის ლიგაში ვთამაშობთ. ასეთი დატვირთული დასაწყისი გუნდს არასოდეს ჰქონია. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ძალა და ენერგია წაიღო განვლილმა თამაშებმა. მწვრთნელები შევეცადეთ, რომ ფეხბურთელებისთვის სათანადო ფსიქოლოგიური გარემო შეგვექმნა, რათა მიღებული დატვირთვები მათ თამაშს არ დაეტყოს. ვფიქრობ, ყველა მზადაა, რომ “ბრიუგესთან” საპასუხო შეხვედრას ყველაფერი დაახარჯოს და სასურველ შედეგს მიაღწიოს.


- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ გორის “დილასთან” კვირას გასამართი შეხვედრა გადაიდო?
- ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა – როდის რა თამაში ჩაგვეტარებინა, რამხელა პაუზები გვექნებოდა მატჩებს შორის და ა.შ. “ზესტაფონს” ჰყავს ის შემადგენლობა, რომელსაც ორ ფრონტზე ბრძოლა შეუძლია. ეს პაუზა კარგი იყო იმ ფეხბურთელებისთვის, ვინც გადაიღალა, მაგრამ ეს არ ეხება მათ, ვისაც სჭირდებოდა თავის გამოჩენა და, შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკა. სიმართლე გითხრათ, კვირიდან კვირამდე სათამაშო პრაქტიკის გარეშე ყოფნა, როცა გუნდს ასეთი საპასუხისმგებლო თამაშები აქვს, მთლად კარგი ვერაა. ღმერთმა ქნას, მოვხვდეთ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ჩემპიონატის თამაშების გადატანის მომხრენი მაინც არ ვიქნებით.


- ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ხართ. “ბრიუგეს” დამარცხებით კი, დიდი შანსია, თქვენს თანამდებობას “მოვალეობის შემსრულებელი” მოშორდეს...
- ყველაფერი შეიძლება. სიმართლე გითხრათ, ჩემს სამომავლო კარიერაზე ჯერ არ მიფიქრია. მთავარია, გუნდმა მოიგოს. არ იქნება დღეს, იქნება ხვალ. უბრალოდ, ახლა გვინდა, რომ იმ შრომამ, რაც გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ჩაიდო გუნდში, შედეგი გამოიღოს. მერე რა იქნება, ამაზე მერე ვიფიქრებ.


ფრიდონ კერვალიშვილი ბრიუგედან, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005