23.08.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან

გპირდებით, ”ბრიუგესთან” ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებთ

 

 

 

 

 

 

 

თბილისური 3:3-ით ”ბრიუგეს" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაეზარდა, მაგრამ უიმედოდ არც ”ზესტაფონის" წევრები არიან. თუ საქართველოს ჩემპიონებმა ბელგიაში ისევე ითამაშეს, როგორც პირველი მატჩის მეორე ტაიმში, ამ ბარიერის გადალახვა შეუძლებელი სულაც არ იქნება.

”ლელო" ”ზესტაფონის" ერთ-ერთ ლიდერს, 25 წლის შოთა გრიგალაშვილს ესაუბრა.

 

- რატომ ჩააგდო გუნდმა ”ბრიუგესთან" შეხვედრის პირველი ტაიმი?
- დიდი იმედი გვქონდა, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მატჩის პირველ ნახევარში ძალიან არეულად ვითამაშეთ. პირველმა გაშვებულმა გოლმა ცუდად იმოქმედა, მერე მალევე მეორეც მივიღეთ და კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. საბედნიეროდ, შესვენებისას მობილიზება შევძელით და მეორე ტაიმში ჩვენი ფეხბურთის თამაში შევძელით.

- რა დაგავალათ გია ჭიაბრიშვილმა შესვენებაზე?
- გვითხრა, რომ არაფერი იყო დაკარგული და თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო. მისმა სიტყვებმა წარმოუდგენელი მუხტი მოგვცა. ამას გარდა, ბიჭებმაც შევუძახეთ ერთმანეთს - კარგად გავაცნობიერეთ, რომ ამდენი ხალხის წინაშე შერცხვენის უფლება არ გვქონდა და მგონი, რაღაც გამოგვივიდა. შეიძლება, ეს ანგარიში ჩვენთვის დიდი ვერაფერი იყოს, მაგრამ ისიც კარგია, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შევინარჩუნეთ და ხალხს ვასიამოვნეთ.

- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?
- მეორე ტაიმში ნორმალურად ვითამაშე, საერთოდ კი, მთელმა გუნდმა ძალიან მოინდომა და იმის მიუხედავად, რომ შეცდომა მრავლად გვქონდა, დადებითი შედეგის მისაღწევად ცდა არ დაგვიკლია. გამოვარჩევ ნიკა გელაშვილსა და ჯაბა დვალს. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი კლასის თავდამსხმელები არიან და შესანიშნავი გოლები გაიტანეს.

- გია გეგუჩაძის გადადგომა ფეხბურთელებისთვის რამდენად მოულოდნელი იყო?
- ეს ჩვენთვის უდიდესი შოკი იყო. შეიძლება, ბევრს ეგონოს, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ ვიცოდით, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ამბავი ფეხბურთელებმა ტელევიზიისა და პრესის საშუალებით გავიგეთ. წარმოიდგინეთ, როგორ ხასიათზე დავდგებოდით ”ბრიუგესთან" მატჩის წინ. პირველი ტაიმი რომ ცუდად ჩავატარეთ, ეს ამითაც იყო გამოწვეული. გეგუჩაძეს მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ძალიან ვემადლიერებით, მან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და ყველგან წარმატებებს ვუსურვებ.

- ქართული საფეხბურთო სამყარო ნაკლებად იცნობს გია ჭიაბრიშვილს...
- ძალიან დადებითი პიროვნება და მცოდნე სპეციალისტია. გეგუჩაძესთან ერთად ჯერ ”გაგრაში", შემდეგ კი ”ზესტაფონში" იმუშავა და მისგან ბევრი ისწავლა. მისი საფეხბურთო ხედვა გეგუჩაძისგან დიდად არ განსხვავდება და აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებისთვის საკუთარი იდეების მიწოდება არ გაუჭირდება. ვფიქრობ, გია მზად არის მთავარი მწვრთნელობისთვის, ფეხბურთელები მას მაქსიმალურად დავუდგებით მხარში.

- რამ შეიძლება გადაწყვიტოს ”ბრიუგე"-”ზესტაფონის" საპასუხო მატჩის ბედი?
- ერთმანეთს ორი შემტევი გუნდი დაუპირისპირდება და გაიმარჯვებს ის, ვინც საკუთარ შანსებს უკეთ გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, ბელგიაშიც კარგი სანახაობა გაიმართება და გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ექნება. იქ მოედანიც უკეთესი იქნება, რაც მაღალი დონის თამაშის წინაპირობაა. კარგ მოედანზე უკეთესი გუნდი იმარჯვებს და გვაქვს იმის ამბიცია, რომ ”ბრიუგეზე" უკეთესი გუნდი გვყავს.

”ზესტაფონისთვის" დაკარგული არაფერია, ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, ჩვეულ სტილში ვითამაშებთ და ვეცდებით, სანახაობასთან ერთად გამარჯვებაც ჩვენს მხარეზე იყოს..

- ”შტურმთან" განცდილი მარცხი, ალბათ, მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.
- ადვილია, თქვა, ცხოვრება გრძელდებაო, მაგრამ რეალურად ის მარცხი მთელი ცხოვრება არ დაგვავიწყდება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფამდე ხომ სულ ცოტა დაგვაკლდა. თუმცა ახლა ვალდებულნი ვართ, მხოლოდ ”ბრიუგეზე" ვიფიქროთ. ქართველები ფეხბურთში საერთაშორისო წარმატებებით არ ვართ განებივრებულნი და ევროპის ლიგის ჯგუფურ რაუნდამდე გაღწევაც დიდი წარმატება იქნება.

- როგორც ვიცით, თბილისურ მატჩში ფეხი იტკინე.
- ასეა და ამის გამო ”ზესტაფონმა" ვარჯიშიდან გამათავისუფლა, თუმცა ბელგიისთვის ასი პროცენტით მზად ვიქნები.

- ”ვიტ ჯორჯიასა" და მარტვილის ”მერანის" მატჩს შენი ძმის, ელგუჯას თამაშის სანახავად ესწრებოდი.
- ჩემი ძმის პირველი გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, სასურველი ტემპით პროგრესირებს. საკმაოდ ჭკვიანი მოთამაშეა, არც შრომა ეზარება და იმედი მაქვს, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებსაც დაუბრუნდი.
- თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან ძირითად შემადგენლობაში დამაყენა და ასეთი ნდობისთვის მას მადლობას ვუხდი. ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი სტიმულია. ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ ”ზესტაფონსაც" გამოვადგე და ნაკრებშიც დავიმკვიდრო ადგილი.


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

   
FC ZESTAFONI © 2005