17.08.2011

 

 

 

 

 

ადრი კოსტერი: “არა მგონია, “ზესტაფონმა” სათამაშო სქემა შეცვალოს”

 

 

 

 

 

 

ბელგიის “ბრიუგეს” მთავარ მწვრთნელს, ადრი კოსტერს ჯერ ვარჯიში არ ჰქონდა დაწყებული, როცა გუნდის ფეხბურთელ ნიკი ზიმლინგთან ერთად “ეროვნულზე” პრესკონფერენცია გამართა და მინდვრის საფარზე ორჯერ შეეკითხნენ...
მინდორს ძნელად თუ დაარქმევ, ეს ყანაა და პირდაპირ ვიტყვით, ასეთ ცუდ მდგომარეობაში ნამდვილად არ გვახსოვს. “ყანა” გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი თვის წინათ იყო თბილისის “დინამოს” “ლანელისთან” და “რეიკიავიკთან” მატჩებისას. აღწერაც კი არ გვსურს.


ნიკი ზიმლინგი:
“ზესტაფონი” ძლიერი გუნდია, ეს შედეგებიდანაც ჩანს. ბუნებრივია, მეტოქეს სურს, რომ საპასუხო მატჩის წინ ფორა შეიქმნას, თუმცა ჩვენც სასურველი შედეგისთვის ჩამოვედით.

- ფორვარდი ვლემინკსი არ გეყოლებათ. რამდენად დიდი მინუსი იქნება ეს “ბრიუგესთვის”?
- რა თქმა უნდა, ვლემინკსი დიდი ძალა იქნებოდა, თუმცა უნდა შევეგუოთ მის არყოფნას.

- მინდორზე რას იტყვით?
- ამ წუთს გამოვედით გასახდელიდან და ჯერ არ მინახავს.

- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ჯერ გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ იმედია, ჯგუფურ ეტაპზე “ბრიუგე” გავა.

- რამდენად იმოქმედებს სიცხე “ბრიუგეს” თამაშზე?
- ჩვენ რამდენიმე კვირის წინ უკვე ვითამაშეთ სიცხეში და ეს დიდად არ ასახულა გუნდის მოქმედებაზე. ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი თქვენთვის?
- ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა, საამისოდ კი პირველივე მატჩში უნდა დავამტკიცოთ სიძლიერე და მეორე თამაშს კარგი განწყობით შევხვდეთ.

ადრი კოსტერი: “მეტოქეზე ინფორმაციის ნაკლებობას არ განვიცდი. ვიდეოზე ვნახე “ზესტაფონის” მატჩები და უნდა ვთქვა, ეს ტექნიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. განსაკუთრებულ შემტევ ფეხბურთს თამაშობს შინ”.


- “შტურმი”-“ზესტაფონის” საბოლოო შედეგს რამდენად კანონზომიერად მიიჩნევთ?
- “ზესტაფონს” აშკარად არ გაუმართლა. პირველ შეხვედრაში ქართველებმა ანგარიში გახსნეს და მალევე მეორე უნდა გაეტანათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ორ წუთში კი აქეთ გაუშვეს გოლი. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის თუნდაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მსგავს შეცდომებს არ პატიობენ და ამიტომაც გავარდა “ზესტაფონი”.


- მცველ ოლმებეკს ტრავმა აწუხებდა, თუმცა თბილისში ჩამოიყვანეთ. ითამაშებს?
- ვფიქრობ, ვინც თბილისშია, ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ, მაგრამ ამას ვამბობ ვარჯიშამდე. ზუსტად კი ვერ გეტყვით. ნებისმიერ შემთხვევაში, როტაციას ხშირად მივმართავთ და ფეხბურთელების შეცვლა დიდ პრობლემას არ შეგვიქმნის.


- “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი პოსტიდან წავიდა და როგორ ფიქრობთ, გუნდის სათამაშო სქემაც შეიცვლება?
- არა მგონია. მეტოქე ისევ 4-4-2-ს ითამაშებს. შესაძლოა, ერთი-ორი ფეხბურთელი შეიცვალოს, მაგრამ სქემა, ალბათ, ხელუხლებელი დარჩება.


- მინდორი თუ ნახეთ?
- მე არ ჩავსულვარ მინდორზე და არც ფეხბურთელების რეაქცია ვიცი, თუმცა ეს კითხვა უკვე მეორედ დაისვა და შეშინებულიც კი ვარ. ეტყობა, არის საბაბი, რომ მინდორი არ მომეწონოს. ცუდია, თუ ასეა, თუმცა ეს ორივე გუნდზე ერთნაირად იმოქმედებს: “ზესტაფონიც” და “ბრიუგეც” შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.


- ბოლო წლებია, “ბრიუგე” ერთხელაც ვერ გახდა ბელგიის ჩემპიონი. რატომ?
- “ბრიუგე” ბელგიაში გრანდია, სხვა განზომილებაა. ჩემი მიზანია, ამ სეზონში უკეთესი შედეგი ვაჩვენო, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ, თუმცა გაგვიჭირდება. საქმე ისაა, რომ შესაძლოა, კლუბიდან კიდევ წავიდნენ ფეხბურეთელები, ამასთან, კლუბში ორგანიზაციული ცვლილებებიც მოხდა და...

“ბრიუგემ” უშნოდ აჩორკნილ “ეროვნულზე” ვარჯიში პრესკონფერენციის დასრულებისთანავე დაიწყო. წვრთნა საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა - კარში დარტყმებით, “ორკარათი”, ჩაწოდებებით.

ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005