17.08.2011

 

 

 

 

 

გია ჭიაბრიშვილი: “ჩვენ მეორე ნომრად თამაში არ ვიცით”

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ გია ჭიაბრიშვილს მიაჩნია, რომ მის გუნდს ევროპის ლიგის ფლეი ოფში ბელგიური “ბრიუგეს” ბარიერის გადალახვა ძალუძს.


გია ჭიაბრიშვილი: “ჩვეულებრივად ვემზადებით. ახალს არაფერს ვიტყვი. გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა. ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით. ჩვენ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა. ამის სურვილიც გვაქვს და შესაძლებლობაც”.

- მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ, გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორ შეხვდით ამ ფაქტს და რამდენად მოულოდნელი იყო გეგუჩაძის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი?
- გიას წასვლა მოულოდნელი იყო და ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. უკეთესია, მიზეზებზე მას ჰკითხოთ. ის საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში. რომელ გუნდშიც იყო, ყველგან კარგად იმუშავა და შედეგიც ძალიან კარგი აჩვენა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება ტვირთია. ვნახოთ, როგორ გავუძლებ. მოედანზე გამოჩნდება, შევხვდი თუ არა ამას მომზადებული. ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევაა.

- ნიკა გელაშვილი თუ ითამაშებს?
- ნიკა გელაშვილი ჯანმრთელადაა. შეუძლია 90 წუთი ითამაშოს.

- მურთაზ დაუშვილი გუნდს დაეხმარება?
- დაუშვილი არ ითამაშებს. ის პირველ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. მასთან დაკავშირებით კლუბმა განცხადება გააკეთა და თავად ფეხბურთელმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი ხვალინდელი თამაშია. ეროვნული ნაკრების ნებისმიერი ფეხბურთელი ჩვენთვის დიდი ძალაა, თუმცა, გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც ამ დანაკლისის შევსება შეუძლიათ.

- “ბრიუგე” რა დონის გუნდია?
- “ბრიუგე” საშუალო ევროპულზე მაღალი დონის გუნდია. ძლიერი მეტოქეა. ძალიან მაღალ ტემპში თამაშობს. მას კარგად შეუძლია როგორც სტანდარტული სიტუაციების გამოყენება, ასევე შესწევს ძალა, შენ არ გათამაშოს შენი ფეხბურთი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ქართველებს სხვებზე არანაკლებ კარგად შეგვიძლია თამაში და ამ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობაც გვაქვს.

- როგორ მიიღო გუნდმა გეგუჩაძის წასვლის ფაქტი და რამდენად მოასწარით გუნდში სიტუაციის დაბალანსება?
- ხვალ გამოჩნდება, თუ როგორ შევძელი სიტუაციიის დაბალანსება. მარტო არ ვარ. ჩემთან არის სამწვრთნელო შტაბი, რომელიც გია გეგუჩაძემ ჩამოაყალიბა. დღეს გია მოვიდა ჩვენთან, ესაუბრა ფეხბურთელებს, გუნდს დაემშვიდობა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მას მადლობა ფეხბურთელებმაც გადაუხადეს. დღესდღეობით გეგუჩაძე ერთადერთი მწვრთნელია საქართველოში, რომელსაც ასეთი დიდი მიღწევები აქვს. იმედია, მას სხვა კლუბში ვიხილავთ და ასევე წარმატებით იმუშავებს...

- დისკვალიფიკაციის გამო ვინ დაგაკლდებათ?
- მხოლოდ ონიანი.

- რა ტაქტიკით აპირებთ თამაშს? “ბრიუგე” შემტევი გუნდია და ხომ არაა მოსალოდნელი, მეორე ნომრად ითამაშოთ?
- ვინც ადევნებს თვალს “ზესტაფონის” თამაშს, იცის, რომ მეორე ნომრად თამაში უბრალოდ არ შეგვიძლია. სიმართლე გითხრათ, ასე თამაშს ცოდნა უნდა და ეს მეც არ ვიცი. ვიცი, როგორ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი და მისგან სიამოვნება მივიღო. როგორ მოვახერხებთ, ეს სხვა საქმეა. ვეცდებით, მოვიგოთ და ვისიამოვნოთ.

- პროცენტულად გუნდების შანსებს როგორ შეაფასებთ?
- პროცენტულად “ბრიუგეს” ჩვენზე მეტი შანსი აქვს, მაგრამ შევეცდებით, ის პროცენტები გამოვიყენოთ, რაც ჩვენს მხარესაა. ევროპაში ჩვენ უფრო მეტი გვაქვს დასამტკიცებელი.

- იმის გამო, რომ წაგების შემთხვევაში პასუხს მკაცრად არავინ მოგთხოვთ, ალბათ, ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური ტვირთი მოხსნილი აქვთ...
- კარგია, როდესაც ეს ტვირთი მოხსნილია, თუმცა, თითოეულ თამაშში ყველა ფეხბურთელი მოსაგებადაა განწყობილი. “შტურმთან” თბილისში ჩატარებულ მატჩში მეტოქეზე ერთი თავით მაღლა ვიდექით და არც სტუმრად ნათამაშებ შეხვედრაში ჩამოვრჩენილვართ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე “შტურმი” გავიდა, თუმცა, არავის ემახსოვრება, რომ კარგად ვითამაშეთ, მთავარია შედეგი, რომელიც ჰაერივით გვჭირდება.

- ხიდეშელმა ოპერაცია გაიკეთა. რამდენ ხანში დაუბრუნდება მოედანს?
- თავიდან ითქვა, რომ ხიდეშელს რაბილიტაციისთვის 6 თვე დასჭირდებოდა. ის ამჟამად თბილისშია. ერთი თვის შემდეგ ბელგიაში უნდა ჩავიდეს და რეაბილიტაციის ერთთვიანი კურსი გაიაროს. ამის შემდეგ გამოჩნდება, თუ როდის დაგვიბრუნდება.

- “ბრიუგესთან” თამაში თქვენი კარიერისთვის შანსი და გამოწვევაა. რამდენად მზად ხართ ამისთვის? ლიცენზიას თუ ფლობთ?
- A ლიცენზია მაქვს. ჯერჯერობით, საქართველოში მეტი არაა. თუ იქნება PRO-ლიცენზიის აღების შესაძლებლობა, ვისწავლი და ავიღებ. სწავლა ნამდვილად არ მეზარება. საერთოდ, ნებისმიერ გამოწვვევას სერიოზულად უნდა ხვდებოდე. თუმცა, ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული.

პრესკონფერენციაზე მყოფმა “ზესტაფონის” მცველმა ედიკ საჯაიამ, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, აღნიშნა, რომ სათამაშოდ მზადაა და მისი მიზანიც შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
ედიკ საჯაია: “თავს ნორმალურად ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ეტაპი გადავლახოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, “ზესტაფონი” ვარჯიშს შეუდგა და საწვრთნელ პროცესს გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად, გურამ მასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე ხელმძღვანელობდნენ.

იბეჭდება შემოკლებით ...

 

ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005