დუბლიორთა ტურნირის მეორე ტური
2011 წლის 14 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა კლუბის ბაზაზე ფოთელ დუბლიორებს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, საჯაია, მნათობიშვილი, გაგოშიძე, გეწაძე (ფოცხვერაშვილი, 53), სარდალიშვილი, გაჩეჩილაძე (ჭანკოტაძე, 68), ფიფია (ლურსმანაშვილი, 83), შარვაძე, ღირდალაძე (კიკნაველიძე, 69),
”ზესტაფონისა” და ფოთის ”კოლხეთის” დუბლიორთა შეხვედრა პირველივე წუთზე ზესტაფონელთა მიერ გატანილი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა შეხვედრის 15-ე წამი, როდესაც ფოთელთა გოლკიპერ მიხეილ ხარშილაძის შეცდომით მშვენივრად ისარგებლა ბერდია შარვაძემ და თავის გუნდი წინ გაიყვანა.
32-ე წუთზე როსტომ გეწაძეს ანგარიშის გაზრდის მშვენიერი შანსი მიეცა, თუმცა მასპინძელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. თანაგუნდელის შეცდომა მიხეილ სარდალიშვილმა 4 წუთში გამოასწორა - იმერელთა მორიგი შეტევა ფოთელთა კარისაკენ ძლიერი დარტყმით დასრულდა, რომელიც ფოთელთა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ სარდალიშვილის დამატებულს ვეღარაფერი დაუპირისპირა. 44-ე წუთზე ბერდია შარვაძემ დუბლი შეასრულა და ზესტაფონელები შესვენებაზე ძალიან დიდი უპირატესობით გავიდნენ.
სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ისინი არ გატეხა და მატჩის მეორე ნახევარში მათ სცადეს მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხა შეეტანათ. 52-ე წუთზე ბექა ხოშტარიამ მასპინძელთა კარში პრესტიჟის გოლიც გაიტანა, თუმცა მეტის გაკეთების საშუალება მასპინძლებმა სტუმრებს აღარ მისცეს. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.
|