მარგველები მზადებას შეუდგნენ
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატსა და უეფას ევროპის ლიგაში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა. ორდღიანი დასვენების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზემოიმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა.
ქვეყნის ჩემპიონთა დღევანდელ ვარჯიშს საპატიო მიზეზით ერთბაშად 4 ფეხბურთელი (ზურაბ მამალაძე, კახა ალადაშვილი, შოთა გრიგალაშვილი და მურთაზ დაუშვილი) აკლდა. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ეს ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას პოლონელებთან დღეს გასამართი მატჩისთვის ეროვნულ გუნდში ჰყავს გამოძახებული.
ვარჯიში ძალიან ხალისიან და მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. დღევანდელი დღე ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - ფეხბურთელები ივან ვუჩეტიჩმა ”დაისაკუთრა” და ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე გაამახვილა. ძალიან სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის გარემოება, რომ დღეს საერთო ჯგუფს შეუერთდნენ ედიკ საჯაია და გოგა ფიფია. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ ვარჟიშში მონაწილეობა ნიკოლოზ გელაშვილმა და ზურაბ მენთეშაშვილმაც (ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ!) მიიღეს, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
შაბათს, 13 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში, ზესტაფონელები ფოთის ”კოლხეთი-1913”-ს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 20:00 საათზე უმასპინძლებენ.
|