10.08.2011

 

 

 

 

 

არ მოვსულვარ, დავბრუნდი!

ბედნიერი ვარ, "ზესტაფონის" წევრი რომ გავხდი

 

 

 

 

 

 

გიორგი ხიდეშელის მძიმე ტრავმამ "ზესტაფონი" ახალი ცენტრალური მცველის დამატების აუცილებლობის წინაშე დააყენა. საქართველოს ჩემპიონებმა კონტრაქტი გამოცდილ ედიკ საჯაიას გაუფორმეს.
30 წლის უკანახაზელმა "ზესტაფონთან" 1+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი და გუშინ გუნდის განაცხადშიც შეიყვანეს. იგი ფეროელთა ღირსებას 32-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
შეგახსენებთ, საჯაია "ზესტაფონში" 2006-2008 წლებშიც თამაშობდა, რის შემდეგაც რუსეთის პირველი დივიზიონის რამდენიმე კლუბი მოიარა, ბოლოს კი "ხიმკიში" ასპარეზობდა.
"ლელო" საჯაიას საქართველოში დაბრუნების მიზეზებსა და სამომავლო მიზნებზე ესაუბრა.


- რატომ გადაწყვიტე რუსეთიდან წამოსვლა?
- კოჭის ტრავმის გამო თვენახევარი გამიცდა. ამის მიუხედავად, მქონდა რამდენიმე წინადადება, მაგრამ ამბიციური კლუბებიდან არავის მოუმართავს და არ მინდოდა, მხოლოდ ხელფასისთვის მეთამაშა. რუსეთში ფეხბურთი მაღალ დონეზეა, მაგრამ, რაკი იქ მხოლოდ საშუალო დონის კლუბები მიწვევდნენ, ამას სამშობლოში დაბრუნება და ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში თამაში ვამჯობინე. ხოლო თუ რატომ ავირჩიე "ზესტაფონი", ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება - ამ კლუბს ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- ჯანმრთელობის პრობლემები ახლაც ხომ არ გაწუხებს?
- ასი პროცენტით მზად ჯერ არ ვარ, მაგრამ თამაში უკვე შემიძლია. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ "ხიმკი" ხელოვნურ საფარზე თამაშობდა და ვარჯიშობდა. ჩემი ტრავმა კი სწორედ ამან გამოიწვია. "ზესტაფონს" კი, როგორც იცით, ბაზაზეც და სტადიონზეც ბუნებრივი მოედანი აქვს, სადაც ტრავმის გამიზეზების საფრთხე უმცირესია.

საქართველოში რამდენიმე გუნდს ხელოვნური მოედანი აქვს და როცა იქ მოგვიწევს თამაში, შესაძლოა, მწვრთნელმა არ გარისკოს და დამასვენოს. სხვა მხრივ კი თავს უკვე ნორმალურად ვგრძნობ და თუ გია გეგუჩაძე საჭიროდ მიიჩნევს, 13 აგვისტოს ფოთის "კოლხეთთანაც" ვითამაშებ და მოედანზე "ბრიუგეს" წინააღმდეგაც მიხილავთ.

- "ზესტაფონთან" ადაპტაცია, ალბათ, არ გაგიჭირდება...
- რა თქმა უნდა, არა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად "ზესტაფონში" ადრეც მითამაშია, გიორგი ონიანი კი, რომელიც დაცვის ცენტრში ჩემი მეწყვილე იქნება, ჩემი თანაგუნდელი თბილისის "ლოკომოტივში" იყო. მოკლედ, ბიჭებთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და მოედანზეც და მის მიღმაც მათ შესანიშნავად გავუგებ.

- როგორ ფიქრობ, ძველ "ზესტაფონთან" შედარებით ახლანდელი გუნდი უფრო ძლიერია?
- ჩემს დროსაც საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება, ახლანდელი უფრო დახვეწილია და მეტიც შეუძლია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

- ამ ზაფხულს "ზესტაფონის" რომელიმე საევროთასო მატჩი თუ ნახე?
- "შტურმთან" განმეორებით შეხვედრას ვუყურე და ძალიან დამწყდა გული, რადგან მეტოქე ჩვენზე ძლიერი არაფრით იყო. "ზესტაფონს" ამ ბარიერის გადასალახავად იღბალი დააკლდა, რაც, იმედია, "ბრიუგესთან" დაპირისპირებაში აღარ მოხდება. საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავს, მაგრამ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ძალა შეგვწევს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- "შტურმთან" განცდილმა მარცხმა ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ შეუქმნა?
- ბუნებრივია, ძალიან გულნატკენები არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავში გამონახავენ იმის ძალას, რომ "ბრიუგესთან" შესაძლებლობათა მაქსიმუმი წარმოაჩინონ.

- საქართველოს ჩემპიონატის დონე გაზრდილად გეჩვენა?
- ჩემპიონატის პირველ ტურში "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" მატჩს ვუყურე და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თუ ამ შეხვედრით ვიმსჯელებთ, საქართველოს ჩემპიონატი პროგრესირებს. ამას ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლაც მოწმობს. "ზესტაფონი" და "დინამო" ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მივიდნენ და ჯგუფში მოხვედრის შანსიც აქვთ, რაც პატარა საქმე სულაც არ არის.
საქართველოს ჩემპიონობა ახლა ისე ძნელია, როგორც არასდროს, მაგრამ "ზესტაფონი" ტიტულის შესანარჩუნებლად და თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს და ბედნიერი ვარ, ასეთი სოლიდური კლუბის წევრი რომ გავხდი.

 


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

   
FC ZESTAFONI © 2005