08.08.2011

 

 

 

 

"ზესტაფონის" ჩემპიონური დასაწყისი

 

 

 

 

 

 

23-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა ქუთაისში, თავისი მნიშვნელობით, შეიძლება სეზონის მატჩადაც კი მივიჩნიოთ. საჩემპიონო ტიტულის მაძიებელი გუნდების პაექრობას, ინტრიგას გასული საფეხბურთო სეზონის სათასო მატჩის პერიპეტიებიც ჰმატებდა. ალბათ, ყველას ახსოვს, დრამატული მატჩი ზესტაფონში და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები. თანაც, ორივე საფეხბურთო კოლექტივი, ფინანსური თვალსაზრისით, საქართველოს ჩემპიონატის პირობაზე, საკმაოდ შეძლებულად მიიჩნევა. ამასთანავე, რეგიონულ დერბის ყოველთვის განსაკუთრებული დაძაბულობა ახლავს, რაც მატჩისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა.

 


წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მატჩმა მოლოდინი მაინცდამაინც ვერ გაამართლა. ეს, უპირველესად, "ტორპედოს" არადამაჯერებელ თამაშს უნდა დაბრალდეს, თუმცა, გარჯა არ უნდა დავუკარგოთ ზესტაფონელებსაც, რომლებმაც მათი მთავარი მწვრთნელის არყოფნის მიუხედავად, მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს და მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხეს. თუმცა, აქვე, ერთი პოზიტივიც უნდა შევნიშნოთ - ის “დაძაბულობა”, რომელიც მოსალოდნელი იყო, ნამდვილად არ იგრძნობოდა, არ იყო ის ცნობილი სკანდირებები კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ, რომელიც ასეთი დონის მატჩებს ნამდვილად არ ალამაზებს; მარტივად რომ ვთქვათ, ქუთაისმა ამ კუთხით, ღირსეულად უმასპინძლა "ზესტაფონს" და გამარჯვებული მეტოქე ტაშითაც გააცილა.


შეხვედრის დაწყებას, ტრადიციულად, ეროვნული ჰიმნი და ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა უძღოდა წინ. სევასტი თოდუასთან და ზურაბ მამალაძესთან ერთად, ეს პატივი პატარა გიორგი სახელაშვილსაც ხვდა წილად, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომში ტრაგიკულად დაღუპული გოგა სახელაშვილის შვილი გახლავთ. ამასთანავე, "ცენტრალურზე" შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთთან ომში დაღუპულთა ნათელ ხსოვნას.


მატჩი ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. მთავარი მწვრთნელის გარეშე მოთამაშე ზესტაფონელები თავიდანვე შეეცადნენ სათამაშო ინიციატივის ხელში ჩაგდებას. მართალია, გია გეგუჩაძე გუნდს შეუძლოდ ყოფნის გამო არ ახლდა, მაგრამ "ზესტაფონმა" იგივე სათამაშო სქემით ითამაშა, რომლითაც ტრადიციულად გამოდის. ონიანი-კობახიძის მცველთა ცენტრალურ დუეტს, ფლამგებზე ღონღაძე და ელიავა უმაგრებდათ მხარს. შუაში ძარია-გორგიაშვილი მოქმედებდნენ, ხოლო ფლანგებს ხშირად იცვლიდნენ ბაბუნაშვილი და გრიგალაშვილი. წინ კი დვალი-წინამძღვრიშვილის დუეტი ეფექტურად მოქმედებდა. თვალშისაცემი გახლდათ ნიკა გელაშვილის არყოფნა, რომელსაც მცირე ტრამვა აწუხებს და მისი დატვირთვა ამიტომაც ვერ მოხერხდა.


საკმაოდ ბევრი სიახლე იყო ქუთათურთა სათამაშო სქემაშიც. 4-5-1 – აი, ასეთი ტაქტიკური გეგმით გამოიყვანა გუნდი გიორგი კიკნაძემ, თავისთვის სადებიუტო შეხვედრაში. სიახლე იყო ის, რომ შარშან ფლანგებზე მოთამაშე ჩიკვილაძე და თარხნიშვილი, ახლა მოედნის შუაგულში მოქმედებდნენ. დაცვის ცენტრში გამოცდილი თოდუა-ქემოკლიძის დუეტი ირჯებოდა, რომლებსაც წლების წინ, "ტორპედოში" იგივე პოზიციებზე უთამაშიათ. დაცვის ფლანგებზე განლაგდნენ დაჩი ფოფხაძე და ნუკრი მანჩხავა, რომლისთვისაც გუშინდელი პაექრობა "ტორპედოში" სადებიუტო გახლდათ. რაც შეეხება ნახევარდაცვის ფლანგებს, აქ, ტრადიციულად, დოლიძე და სეთურიძე მოქმედებდნენ, მათ გასწვრივ შუაში კი, ბოლქვაძე იყო, რომელსაც თანაგუნდელებთან ერთად, წინ ეულად მყოფი რევაზ გოცირიძის პასებით მომარაგება ევალებოდა.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტუმრები შეეცადნენ და მიაღწიეს კიდეც ინიციატივის ხელში ჩაგდებას. უკვე მე-2 წუთზე, ძარიამ ფლანგზე გაჭრილ ღონღაძეს დროულად უპასა, რომელმაც თავის მხრივ, ზუსტი გამჭოლი გადაცემა გაუკეთა წინამძღვრიშვილს. რატი ბურთს კი შეწვდა, მაგრამ მისი ვერც შეჩერება და ვერც კარისკენ გაგზავნა ვერ მოახერხა.


საპასუხო შეტევაში სეთურიძემ ითამაშა კარგად და საჯარიმოს ხაზთან მყოფ გოცირიძეს ბურთი მიაწოდა. ქუთაისელთა ფორვარდს დარტყმა ძარიამ არ აცალა და ხიფათიც განიმუხტა. მალე, ბოლქვაძემ გაიყვანა მარჯვენა ფლანგზე დოლიძე, რომლის ჩაწოდებულზე ყველაზე მაღლა გოცირიძე ახტა, მაგრამ მისი თავური ხარიხას ზემოდან გადაცდა. ამ მომენტის შემდეგ კი, ჩიკვილაძის ძლიერი დარტყმა მოჰყვა, რომელიც მამალაძემ კუთხურზე მოიგერია. მე-15 წუთზე, ფეროელთა შეტევა გოლით დასრულდა. ზესტაფონელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ბაბუნაშვილმა და ღონღაძემ ითამაშეს კარგად, რასაც ხელი ვერ შეუშალა მანჩხავამ. ღონღაძის მიერ ქუთაისელთა საჯარიმოში ჩაწოდებულზე კი, ჯაბა დვალმა იბრძოლა ბოლომდე მეურვეებთან ერთად. ბურთზე გამოვიდა მიგინეიშვილიც, თუმცა, ბურთი მასაც ასცდა და ნელ-ნელა კარისკენ მიგორავდა. მასთან ყველაზე ახლოს და დროულად წინამძღვრიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში უპრობლემოდ გახსნა - 0:1.


სტუმრები მოპოვებულ უპირატესობას არ დასჯერდნენ. ისინი მთლიანად აკონტროლებდნენ სათამაშო სიტუაციას. განსაკუთრებით, მათი ნახევარმცველების გააზრებული თამაში უნდა გამოვყოთ, რომელთაგან საუკეთესო, ალბათ, მაინც შოთა გრიგალაშვილი გახლდათ, რომელმაც თავისი მოქმედებებით მასპინძელთა მცველებს ხშირად თავგზა აუბნია.
დაწინაურების შემდეგ ისევ წინამძღვრიშვილი დაემუქრა მიგინეიშვილის კარს ცაციათი, მაგრამ რატის უძლიერესად დარტყმული "ტორპედოს" კარს მცირედით ასცდა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები ოსტატურად იჭერდნენ ბურთს და ხანგრძლივი ფლობის შემდეგ, გააზრებულ კომბინაციებსაც გვთავაზობდნენ. რამდენჯერმე მათ კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ბოლო გადაცემას აგვიანებდნენ.


28-ე წუთზე, დვალი ცდილობდა დარტყმას და გადაცემა გამოუვიდა გრიგალაშვილზე, რომელმაც გოლი კი გაიტანა, თუმცა - თამაშგარედან. სამ წუთში კი ისევ გრიგალაშვილმა ითამაშა დიდებულად - შოთამ ბურთი ქუთაისელთა საჯარიმოში მიიღო და შემობრუნებით დაარტყა კიდეც, გოლი ალბათ გარდაუვალი იყო, რომ არა მიგინეიშვილის მაღალოსტატური თამაში. ქუთაისელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მალე ბაბუნაშვილმა დვალი დატოვა მეკარესთან პირისპირ და ჯაბაც გასცდა მეკარეს, თუმცა, ბურთი წინ გაექცა და დარტყმა გამოცდილ ფორვარდს აღარ გამოუვიდა.


ზესტაფონელთა სრული სათამაშო ჰეგემონია მე-40 წუთზე ელიავას შორეული დარტყმით დაგვირგვინდა. ბურთი ერთ-ერთ ტორპედოელს შეეხო, მიმართულება იცვალა და ქუთაისელთა კარის ბადეში შევარდა - 0:2.
ტაიმის დასასრულამდე, სტუმრებს კიდევ ორჯერ შეეძლოთ ეხეირათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მათ სიზუსტე ღალატობდათ.         


მე-2 ნახევარში, გიორგი კიკნაძემ, რევაზ გოცირიძის ნაცვლად, თამაშში გიორგი მეგრელაძე ჩართო. 52-ე წუთზე, მასპინძლებმა მატჩში ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნეს - კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ, უყურადღებოდ დატოვებულ ჩიკვილაძეს მიუვიდა, რომლის გამიზნული თავური დარტყმა ცარიელი კარიდან კობახიძემ გამოიტანა, დამატებაზე ბოლქვაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ ფეროელთა მცველებმა მას გოლის გატანა არ დააანებეს.
ამის შემდეგ, მატჩი ისევ ძველ რიტმში გაგრძელდა. ზესტაფონელები სათამაშო ინიაციატივას ფლობდნენ. რამდენჯერმე მართებდა თავის გამოჩენა რატი წინამძღვრიშვილს, მაგრამ ფორვარდს ხან სიზუსტე, ხანაც მიგინეიშვილის თავდადებული თამაში უშლიდა ხელს.


შეხვედრა ისე მიდიოდა დასასრულისაკენ, თითქოს საინტერესო არც არაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ 77-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში ონიანმა ითამაშა უნებლიედ ხელით და ვადაჭკორიამაც პენალტი დანიშნა, რომელიც გია მეგრელაძემ უნაკლოდ შეასრულა - 1:2.


მალევე, ასისტენტის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ვადაჭკორიამ მოედნიდან დვალი გააძევა, რასაც წესით, ქუთათურთა იერიშები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ "ზესტაფონს" კაცნაკლულობა არ ეტყობოდა. სტუმრები ბურთის ფლობას ისევ დამაჯერებლად განაგრძობდნენ, მომენტებსაც ქმნიდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანაც არ გასჭირვებიათ.


გიორგი კიკნაძე ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი): "ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. "ზესტაფონი" ჩვენთან შედარებით ოპტიმალურ ფორმაშია. ამ შეხვედრამ ბევრი რამ დამანახა, ალბათ, მომავალ მატჩებში ცვლილებები გვექნება, დაახლოებით 4-5 მატჩის შემდეგ კი, ნამდვილ "ტორპედოს" ვიხილავთ. გუნდის თამაშში ხარვეზები აშკარად გამოჩნდა, რაც მალევე უნდა აღმოიფხვრას".


გია ჭიაბრიშვილი ("ზესტაფონის" მწვრთნელი): "საკმაოდ კარგი მატჩი გამოვიდა. მეტოქე სერიოზული გვყავდა და ბუნებრივია, ამ მატჩში გამარჯვებაც კიდევ უფრო ფასობს. დარწმუნებული ვარ, "ტორპედო" კიდევ უფრო მოუმატებს".

 

მალხაზ ახვლედიანის ფოტო

ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005